სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, (1; 2) რომლის თანახმადაც, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მხარს უჭერს ადამიანების ცხოველებთან ქორწინებას, ვინაიდან ეს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას უწყობს ხელს. პოსტში ასევე წერია, რომ ესპანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი კანონი WEF-ის ზეგავლენით მიიღო. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია (არქივირებული ბმული).

პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ არც WEF-ის ვებგვერდზე და არც სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე მსგავსი განცხადება არ იძებნება. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მა გადაამოწმა. ისინი დაუკავშირდნენ WEF-ის წარმომადგენელს, იან ზოფს, რომელმაც განაცხადა: „ეს ყალბი ამბავია, რომელიც მიზნად ისახავს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს დისკრედიტაციას, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სერიოზულ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებით აკეთებს. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია და არც აქვს ამის უფლებამოსილება და სურვილი მთავრობებისა და სხვა ინსტიტუტების ან პიროვნებების მიმართ მსგავსი ბრძანება გასცეს“.

Snopes-ის ინფორმაციით, მტკიცების პირველწყარო ვებგვერდი NewsPunch-ია (ადრე ცნობილი, როგორც YourNewsWire). Media Bias/Fact Check-ის (ემსახურება მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას) თანახმად, ვებგვერდი NewsPunch არაზუსტი, კონსპირაციული და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ხშირადაა შემჩნეული.

რაც შეეხება პოსტში ნახსენებ კანონს. ესპანეთში აღნიშნული კანონი მოქალაქეებს ცხოველებზე ქორწინების უფლებას არ აძლევს. სინამდვილეში, კანონი ზღუდავს ცხოველებზე ძალადობის სხვადასხვა იარაღისა და საშუალების გამოყენებას, როგორიცაა, მაგალითად, ელექტროშოკის საყელო. გარდა ამისა, კანონით ასევე აკრძალულია ცირკი ცხოველებით, თუმცა ეს არ ეხება ესპანეთის ეროვნულ ფესტივალებს, სადაც ხარები მონაწილეობენ. ამასთან, ესპანეთში ცხოველების მიმართ ძალადობრივ მოპყრობაზე ჯარიმებიც გაიზრდება.

ამგვარად, მტკიცება, რომ WEF მხარს უჭერს ადამიანების ცხოველებზე ქორწინებას, ყალბია.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.