ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ ქსელში მიგრაციის სტატისტიკა მანიპულაციურად გაავრცელა - „საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე, ქვეყანაში შემოვიდა 205 857 მოქალაქე“. გავრცელებული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას/ შესწორებას. რეალურად, აღნიშნული სტატისტიკა ემიგრანტებისა და იმიგრანტების ჯამური მაჩვენებელია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც მოიცავს. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის სხვაობა, ანუ უარყოფითი მიგრაციული სალდო კიდევ უფრო მაღალია.

ემიგრანტი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 245 064 შეადგინა, ამავე პერიოდში იმიგრანტების რაოდენობა 205 857-ია. შესაბამისად, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ, ანუ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის სხვაობამ, -39,207 შეადგინა. აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს მიგრანტებისა და ემიგრანტების ჯამურ მაჩვენებელს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, სურათი კიდევ უფრო მძიმეა. 2023 წელს 163,480 საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობამ 91,896 შეადგინა. ანუ მხოლოდ 2023 წელს 71,584 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. (იხ. ვრცლად „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ცხრილი 1: იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა 2023 წელს, მოქალაქეობის მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

--------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.