Facebook-ანგარიში „ტერენტი გლდანელი“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), წერს, რომ მალხაზ კობაურმა, რომელიც სმითების ოჯახის მკვლელობაშია მსჯავრდებული, „რუსული კანონი“ დაგმო. პოსტით იქმნება შთაბეჭდილება, რომ კობაურმა მსგავსი განცხადება გააკეთა.

სოციალურ ქსელში „ტერენტი გლდანელის“ სახელით Facebook-გვერდი და პირადი ანგარიში გვხვდება, რომლებიც მსგავსი შინაარსის მასალებს ხშირად აზიარებენ. „სამართლიანი არჩევნების“ Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, გვერდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან აფილირებული პირების წინააღმდეგ მოქმედებს. გვერდზე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგო პოსტებიც ქვეყნდება. ამავდროულად, ჰომოფობიურ, სექსისტურ და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებსაც ავრცელებს. ანგარიში მადისკრედიტებელ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს ხშირად იყენებს.

ტერენტი გლდანელის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, თითქოს მალხაზ კობაურმა დაინიციირებულ კანონპროექტზე განცხადება გააკეთა, მცდარია. ციტატა, რომელიც Facebook-ანგარიშის მიერ ვრცელდება, გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება. ამჟამად, მალხაზ კობაური დაკავებულია, ის სმითების ოჯახის მკვლელობაშია მსჯავრდებული.

2018 წლის 6 ივლისს ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები იპოვეს. მალხაზ კობაური სწორედ აღნიშნულ საქმეზე დააკავეს ბრალდებით, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. მალხაზ კობაური 2019 წლის 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად ცნეს და ხადის ხეობაში მომხდარ დანაშაულზე მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს 27 მარტს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი