სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ახალგაზრდული პროტესტის“ ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯიუტები“ - USAID-ისა და NDI-ის დაფინანსებულია. სინამდვილეში, USAID-სა და NDI-ს „ჯიუტებთან“ კავშირი არ აქვთ და ორგანიზაცია მათგან დაფინანსებული არაა.

„ჯიუტი“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის წევრებიც ქვეყნის განვითარებისა და ევროპისკენ სვლის იდეის გარშემო ერთიანდებიან. 2022 წელს წამოწყებული კამპანიის ფარგლებში მისი წევრები, სამართლიანი და დემოკრატიული სისტემის მოთხოვნით, პარლამენტთან ყოველდღიურად იკრიბებიან და ნებისმიერ მსურველს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ. მათ წესდებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად საქართველოში დღეს არსებული გამოწვევებისა, არ აპირებენ უარი თქვან სამშობლოზე და მათი გასაკეთებელი საქმე სხვას გადააბარონ. სწორედ ამიტომ ცდილობენ შექმნან გარემო, რომელშიც „ადამიანი თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს, თავად აირჩევს მისთვის უფრო ლოგიკურ, გასაგებ, მისაღებ ღირებულებას და შეეცდება თანმიმდევრულად გაიაზროს საკუთარი არჩევანი, მისგან გამომდინარე შედეგები“. „ჯიუტი“ არის სივრცე ყველასთვის, ვინც ცდილობს საკუთარი შრომითა და ეწერგიით მიაღწიოს წარმატებას, ვისაც არ უნდა ქვეყნიდან წასვლა, ვინც საკუთარ შრომას და დროს ხარჯავს, რომ მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა და ვინც ღიად ამბობს: არ ვეგუები, ვიბრძვი, რომ შევქმნა, რადგან ამის უფლება მაქვს!“ - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის დასადგენად „ფაქტ-მეტრის“ გუნდი NDI-სა და USAID-ს კითხვით დაუკავშირდა, აფინანსებენ თუ არა ორგანიზაციას „ჯიუტი“. ორივე ორგანიზაციამ მტკიცება „ჯიუტის“ დაფინანსების შესახებ უარყო.

ამრიგად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.