სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები 2024 წლის 8 აპრილს მოსალოდნელი მზის სრული დაბნელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ (ბმული 1, 2). ინფორმაცია Tik-Tok პლატფორმაზეც გავრცელდა. ინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ. მათი ნაწილი მზის დაბნელებას წინასწარმეტყველებას უკავშირებს და ამტკიცებს, რომ მზის სრული დაბნელებისას „მთელ მსოფლიოში გათიშავენ დენს“. რეალურად, მზის დაბნელებისას, ელექტროენერგიის გათიშვა არ იგეგმება და აჟიოტაჟი მხოლოდ ელექტროენერგიის შესაძლო გადატვირთვას უკავშირდება, იმ ადგილებში, სადაც მზის დაბნელება მოხდება.
2024 წლის 8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრულ დაბნელებას მოელიან, რომლის დროსაც მთვარის ჩრდილი მექსიკას, შეერთებულ შტატებსა და კანადას დაფარავს. მზის სრული დაბნელება სამხრეთით წყნარი ოკეანის თავზე დაიწყება.
დაბნელებისას, მთვარის ჩრდილის მიერ ჩრდილოეთ ამერიკის დაფარვამ, Solcast-ის თანახმად, შესაძლოა აშშ-ს 39,9 გიგავატ/სთ მოცულობის ენერგეტიკული დანაკარგი მოუტანოს, რაც აშშ-ში 1,3 მილიონი სახლის მიერ ყოველდღიურად გამოყენებული ენერგიის ჯამის ტოლია.
მზის ენერგიის შემცირება მთვარის ჩრდილში, სავარაუდოდ, ენერგიის გამომუშავებაზე გავლენას მოახდენს, თუმცა ელექტროენერგიის განზრახ გათიშვა დაგეგმილი არ არის.
„განახლებადი ენერგიის ეროვნული ლაბორატორიის“ (National Renewable Energy Laboratory) ინჟინერმა, ბარი მეთერმა, Business Insider-ს განუცხადა: „დაბნელება რეალურად გავლენას მოახდენს მზის ენერგიის წარმოებაზე მთელ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე”. თუმცა, მისი განცხადებით, შესაძლებელია ელექტროენერგიის გათიშვის თავიდან არიდება იმის ზუსტად წინასწარმეტყველებით, თუ სად და როდის მოხდება დაბნელება, რაც კომუნალურ კომპანიებს დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
ელექტროენერგიის მომმარაგებლებმა უკვე გამოყვეს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროები, მათ შორის, დიდი ბატარეის დანადგარები და ბუნებრივი აირის ელექტროსადგურები. სახლის მფლობელებს, რომლებიც სახურავის მზის პანელების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას იყენებენ, არ შეაწუხებთ ელექტროენერგიის დაკარგვა, რამდენადაც სახლის ბატარეები ან ელექტრო ქსელები საჭიროებისამებრ ავტომატურად ჩაირთვება.
ერთ-ერთი ძირითადი მარეგულირებელი სააგენტო, რომელიც დაბნელებამ შეიძლება დააზარალოს, „ტეხასის ელექტრო საიმედოობის საბჭოა“ (Electric Reliability Council of Texas), რომელმაც განაცხადა, რომ მზადყოფნაშია.
„არ მგონია, რამე იყოს ისეთივე პროგნოზირებადი, როგორც დაბნელება. შეგიძლია წინასწარ მოემზადო“, - განაცხადა პედრო პისარომ, კალიფორნიის ენერგეტიკული კომპანიის Edison International-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კომუნალური სავაჭრო ორგანიზაცია Edison Electric Institute-ის თავმჯდომარემ.
ცხადია, როგორც არ უნდა შემცირდეს გამომუშავებული მზის ენერგია დაბნელების დროს, შესაბამისი უწყებები ელექტროენერგიის გათიშვისა და სხვა მოსალოდნელი შედეგების თავიდან ასარიდებლად ემზადებიან.
მართალია, მოსალოდნელია მზის ენერგიის შემცირება მთვარის ჩრდილში, რაც სავარაუდოდ, ენერგიის გამომუშავებაზე გავლენას მოახდენს, თუმცა ინფორმაცია მთელ მსოფლიოში ელექტროენერგიის განზრახ გათიშვის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.