სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3) ამტკიცებს (არქივირებული პოსტის ბმული), რომ ტენესის სენატმა „მიიღო კანონპროექტი ქიმტრეილერებისა და გეოინჟინერიის პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“. მისი მტკიცებით, თანდათან იზრდება შტატების რიცხვი, რომლებიც „ქიმტრეილების“ წინააღმდეგ იბრძვიან. რეალურად, ტენესის სენატის მიერ ინიციირებული კანონპროექტი შტატის საზღვრებში „ტემპერატურის, ამინდის ან მზის ინტენსივობის ზემოქმედების მიზნით“ ქიმიკატების გავრცელებასა და გეოინჟინერიის პრაქტიკის გამოყენებას კრძალავს. კანონპროექტში სიტყვა „ქიმტრეილი“ ნახსენებიც არ არის.

ტენესის შტატის მიერ 2024 წლის 18 მარტს ინიციირებული კანონპროექტი SB 2691 მიზნად ამინდის ექსპერიმენტული მოდიფიკაციის ტექნიკის აკრძალვას ისახავს, რომელიც „ქიმიური ბილიკის“ შეთქმულების თეორიასთან ხშირად არასწორად ასოცირდება.

2024 წლის 24 მარტს დაინიცირებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ „ფედერალურმა მთავრობამ ან სხვა ერთეულებმა, რომლებიც ფედერალური მთავრობის სახელით ან ფედერალური მთავრობის მოთხოვნით მოქმედებენ, შეუძლიათ ჩაატარონ გეოინჟინერიის ექსპერიმენტები ატმოსფეროში ქიმიური ნივთიერებების განზრახ გაფანტვით და ეს აქტივობები შეიძლება მოხდეს ტენესის შტატში“. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი SB 2691 კრძალავს: „ქიმიური ნივთიერებების, ქიმიური ნაერთების, ან აპარატის ნებისმიერი საშუალებით განზრახ ინექციას, განთავისუფლებას ან დისპერსიას ამ შტატის საზღვრებში ატმოსფეროში ტემპერატურაზე, ამინდზე ან მზის შუქის ინტენსივობაზე ზემოქმედების მიზნით“.

დეზინფორმაცია „ქიმტრეილების“ შესახებ გეოინჟინერიის სტრატეგიებს, რომლებიც გლობალური დათბობის უარყოფითი ეფექტების შეზღუდვის მიზნით შეიძლება იქნას გამოყენებული, ხშირად არასწორად ერწყმის.

ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაა „ღრუბლების დათესვა“. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის („National Oceanic and Atmospheric Administration“) განმარტებით, „ღრუბლების დათესვა“ პიროტექნიკის საშუალებით ვერცხლის იოდიდის ღრუბლებში ინექციას გულისხმობს, ნალექის ან თოვლის წარმოსაქმნელად ისეთ ადგილებში, სადაც სხვაგვარად ნალექი არ წარმოიქმნება. ამინდის მოდიფიკაციის ეს ფორმა ჯერ კიდევ 1940-50-იან წლებში დაინერგა.

ნევადაში მდებარე უდაბნოს კვლევითი ინსტიტუტის („Desert Research Institute“) თანახმად, „ღრუბლების დათესვა“ „შეიძლება განხორციელდეს სახმელეთო გენერატორებიდან ან თვითმფრინავებიდან“. ამჟამად „ღრუბლების დათესვის“ ოპერაციები ნევადაში, კოლორადოსა და კალიფორნიაში მიმდინარეობს.

კლიმატის ცვლილებების უარყოფით შედეგებთან გამკლავების კიდევ ერთი სტრატეგიაა მზის გეოინჟინერია. ჰარვარდის მზის გეოინჟინერიის კვლევის პროგრამის („Harvard’s Solar Geoengineering Research Program“) განმარტებით, „მზის გეოინჟინერიის მიზანია, მზის სინათლის მცირე ნაწილის უკან კოსმოსში არეკვლა ან კოსმოსში დაბრუნებული მზის რადიაციის რაოდენობის გაზრდა, პლანეტის გასაგრილებლად“.

ზემოხსენებული გეოინჟინერიის სტრატეგიები არ მოიცავს „ქიმიურ ბილიკებს“, ისევე, როგორც არცერთი სხვა, მეცნიერების მიერ გლობალური დათბობის ეფექტებთან გასამკლავებლად შემუშავებული ტექნოლოგია.

გავრცელებულ დეზინფორმაციას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact-იც გამოეხმაურა. სტატიაში ნათქვამია, რომ ტენესის კანონპროექტში, რომელიც შტატის სენატმა 18 მარტს მიიღო, „ქიმიური ბილიკები“, „ქიმტრეილები“ ნახსენებიც არ არის.

რასაც შეთქმულების თეორიის მიმდევრები მომწამვლელ ნივთიერებებად აღიქვამენ, თვითმფრინავის მიერ დატოვებული ინვერსიული კვალია, რომელსაც „კონტრეილს“ (contrail) ან „ორთქლის ბილიკს“ უწოდებენ.

მიუხედავად არსებული კვლევებისა, ადამიანებს კვლავ სჯერათ, რომ თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვალი არა „კონტრეილი“ არამედ „ქიმიური ბილიკი“, ე.წ. „ქიმტრეილია“, რომლის გავრცელების მიზანიც მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაა. აღნიშნული შეთქმულების თეორია მანიპულაციურად ხშირად ვრცელდება („ფაქტ-მეტრის“ სტატიები აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე 1, 2, 3).

„კონტრეილები“თვითმფრინავის საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი წყლის ორთქლისა და ჰაერში მტვრის წვრილი ნაწილაკების ყინულის კრისტალებად გაყინვით წარმოიქმნება. დაბალტენიანი ჰაერის შემთხვევაში კრისტალები უბრალოდ იშლება, ხოლო მაღალი ტენიანობის პირობებში ნარჩუნდება და დიდ ფართობზე თვალისთვის შესამჩნევი ხდება. სწორედ ტენიანობის აღნიშნული განსხვავებები ხსნის იმას, თუ რატომ არის ზოგიერთი თვითმფრინავის კვალი ხილული, ხოლო ზოგიერთის - არა.

ამრიგად, გავრცელებული მტკიცება, რომ ტენესის შტატის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ქიმტრეილების“ აკრძალვას ისახავს მიზნად, არასწორია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.