2022 წლის 30 იანვარს Facebook-მომხმარებელმა - “Zviad Gogiashvili” - გამოაქვეყნა ფოტო-კოლაჟი წარწერით: “მარცხნივ ჯასთინი, მარჯვნივ ფიდელი, შუაში - ფიდელი და ჯასთინის დედიკო…” ფოტოებზე, რომლებსაც ზვიად გოგიაშვილი ავრცელებს, ნაჩვენებია კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, კუბის რევოლუციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო და ჯასტინ ტრუდოს დედა, მარგარეტ ტრუდო.

აღნიშნული პოსტით ზვიად გოგიაშვილი ჯასტინ ტრუდოსა და ფიდელ კასტროს ფიზიკურ მსგავსებაზე მიუთითებს. სოციალურ ქსელში ყალბი ამბავი, თითქოს ჯასტინ ტრუდო ფიდელ კასტროს შვილია, 2016 წელს, ფიდელ კასტროს გარდაცვალების შემდეგ აქტიურად ვრცელდებოდა (ბმული 1, ბმული 2). პირველად ეს მტკიცება გამოჩნდა ინგლისურენოვან სატირულ ვებსაიტზე “yournewswire”, რომელიც ხშირად აქვეყნებდა გამოგონილ ამბებს.. ყალბი ინფორმაცია კანადის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით დროდადრო სხვადასხვა პოლიტიკურ კონტექსტში ვრცელდებოდა. მაგალითად, ამ კონსპირაციულ თეორიას ხშირად იყენებდნენ მემარჯვენე ფრთისა და ტრამპის მხარდამჭერ ინტერნეტ ფორუმებზე. ამბავს უკავშირებდნენ ფიდელ კასტროს უფროსი შვილის ფიდელის თვითმკვლელობასაც, რომელმაც გავრცელებული ცრუ ინფორმაციით, სიკვდილის წინ დატოვა წერილი, რომელშიც ჯასტინ ტრუდო თავის ნახევარ-ძმად მოიხსენია.

ღია წყაროებში მოპოვებული ფაქტებით არ დასტურდება, რომ ჯასტინ ტრუდო ფიდელ კასტროს შვილია. მეტიც, გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სინამდვილეში, მარგარეტ ტრუდო (ჯასტინ ტრუდოს დედა) და პიერ ტრუდო (ჯასტინ ტრუდოს მამა, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) ფიდელ კასტროს პირველად 1976 წელს შეხვდნენ. ამ დროს, კანადის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც 1971 წელს დაიბადა, უკვე 4 წლის იყო. მანამდე, კანადის იმდროინდელ მთავრობასა და კუბას შორის ურთიერთობები მხოლოდ მიმოწერით შემოიფარგლებოდა. ამას გარდა, მარგარეტ ტრუდო კუბაში 1971 წლამდე რომ ჩასულიყო, ეს მოვლენა არ დარჩებოდა მედიისა და ჟურნალისტების ყურადღების მიღმა, რადგან ახალგაზრდა მარგარეტი, რომელიც მასზე 29 წლით უფროს პიერს გაჰყვა ცოლად, იმ დროისთვის მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყო.

ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციის The Associated Press-ის თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია უარყო კანადის მთავრობამაც. ამასთან, მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულია ტრუდოს განცხადება ფიდელ კასტროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „ვიცი, რომ მამაჩემი ძალიან ამაყობდა მასთან მეგობრობით და მე მხოლოდ მამის გარდაცვალების დროს მომეცა [ფიდელ კასტროსთან] შეხვედრის შესაძლებლობა“. ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ ტრუდო ფიდელ კასტროს პირველად 2000 წელს, მამის გარდაცვალების დროს შეხვდა.

გავრცელებული დეზინფორმაცია შეისწავლა ფაქტების გადამმოწმებელმა რამდენიმე უცხოურმა ორგანიზაციამ, მათ შორის, Fullfact-მა და The Associated Press-მა. აღნიშნული ფოტო ვრცელდებოდა წარწერით “მარგარეტ ტრუდო, პიერ ტრუდო, ფიდელ კასტრო, ჯასტინ ტრუდო”. როგორც ღია წყაროებიდან ირკვევა, ეს ფოტო გადაღებულია 1976 წელს, მარგარეტისა და პიერის კუბაში ვიზიტისას. ამ დროისთვის ჯასტინ ტრუდო 4 წლის იყო, შესაბამისად, ფოტოზე გამოსახული ბავშვი არა ჯასტინ ტრუდო, არამედ მისი უმცროსი ძმა მიშელ ტრუდოა, რომელიც 1975 წელს დაიბადა და იმ დროისთვის დაახლოებით 1 წლის იქნებოდა.

ქართულ სოციალურ ქსელში ტრუდოს შესახებ 2016 წელს გავრცელებული დეზინფორმაციის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ე.წ “Truckers Protest”-ს უკავშირდება. ოტავაში სატვირთო მანქანის მძღოლების ტრუდოს მთავრობის მიერ დაწესებულ კოვიდ-შეზღუდვებს აპროტესტებენ. ქართველი ანტივაქსერული ჯგუფების მხრიდან აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება კი, ტრუდოს დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.

ცნობისთვის, ფიდელ კასტროსა და ტრუდოს მამაშვილური კავშირის შესახებ ამბის გამოგონება არ არის ახალი მეთოდი. ამგვარი კონსპირაციები მანამდეც ხშირად ვრცელდებოდა ცნობილი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი კონსპირაცია (ე.წ “birther theory”), რომ ბარაკ ობამა კენიაში დაიბადა, მიზნად ისახავდა დაემტკიცებინა, რომ მისი წარმოშობის გამო ის ამერიკის პრეზიდენტობისთვის შეუსაბამო იყო.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი