სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში დავით გიორგობიანი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), მანიპულაციური შინაარსის პოსტს ავრცელებს აღწერით: „ციდანაც წამლავენ ხალხს და საპატრიარქოშიც შეაღწიეს მომშხამველებმა“. თანდართულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წყდება ცაში თვითმფრინავის გამონაბოლქვის კვალი, ამის საფუძველზე ავტორი „ქიმიური ბილიკის“ - (Chemtrail) არსებობას და მისი საშუალებით მოსახლეობის განზრახ მოწამვლას ამტკიცებს. რეალურად, მოსახლეობას განზრახ არ წამლავენ, თვითმფრინავის ნაკვალევის წყვეტა ჩვეულებრივი მოვლენაა და „ქიმიური ბილიკის“ არსებობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ფაქტ-მეტრს“ „ქიმიური ბილიკის“ - (Chemtrail) ცნობილი შეთქმულების თეორია აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2,). „ქიმიური ბილიკის“ შესახებ შეთქმულების თეორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი თეორიაა. ის სათავეს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნიდან იღებს. შეთქმულების თეორიის მიხედვით, ცაში ხშირად მთავრობების (ან სხვა აქტორების) მიერ თვითმფრინავებიდან განზრახ გამოფრქვეული დამაზიანებელი ნივთიერებების მიერ დატოვებული კვალი შეინიშნება. შეთქმულების თეორიას სხვადასხვა მიმდინარეობა აქვს. ერთ ნაწილს სჯერა, რომ მთავრობები ამინდს აკონტროლებენ, „გეო-ინჟინერიის“ ექსპერიმენტებისას გვწამლავენ და გავლენიანი ჯგუფები მოსახლეობაზე ქიმიკატებს აფრქვევენ, რათა ისინი უფრო დამყოლი და მარტივად გასაკონტროლებელი გახადონ.

რეალურად, რასაც შეთქმულების თეორიის მიმდევრები მომწამვლელ ნივთიერებებად აღიქვამენ, თვითმფრინავის მიერ დატოვებული ინვერსიული კვალია - ე.წ. „კონტრეილი“ (contrail). მისი წარმოქმნისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო, რაც ძირითადად თვითმფრინავის გაფრენის ადგილას ტენიანობასა და ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. თვითმფრინავის საწვავის ნახშირწყალბადის წვისას გვერდითი პროდუქტის სახით აორთქლებული წყალი წარმოიქმნება. „კონტრეილი“ ყინულის მცირე ნაწილაკებისგან შედგება. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში - ის ხილულია, თუმცა მასშიც თვითმფრინავისგან გამოყოფილი წყალი მცირეა, ხოლო წყლის უმეტესი ნაწილი თავად თვითმფრინავის გზაზე - ტენიანობიდან გამომდინარე ჰაერშივე, არსებობს. „კონტრეილები“ ავიაციის ნორმალური ეფექტია, რომელიც ავიაციის განვითარების საწყისებიდანვეა ცნობილი. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „კონტრეილებს“ შესაძლოა, კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ან/და ვირუსებს არ შეიცავს.

„ქიმიური ბილიკის“ შეთქმულების თეორია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ მისი რეალობასთან შესაბამისობის გადასამოწმებლად კვლევაც კი ჩატარდა. კვლევაში სხვადასხვა პრესტიჟული უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან (მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტი) 77 მეცნიერი, რომლებიც ატმოსფეროს შეისწავლიან, მონაწილეობდა. მათი მიზანი იყო, დაედგინათ, „კონტრეილები“ მართლა „ქიმიური ბილიკებია“, თუ ეს გამოგონილი ტყუილია. თვითმფრინავებიდან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების მასობრივი გაფრქვევა, რათა გარკვეულმა ინტერეს-ჯგუფებმა მოსახლეობა დაიმორჩილონ, დასაწყისშივე საფუძველს მოკლებული და არარეალურია. თუმცა აღნიშნული ჭეშმარიტება კვლევითაც დადასტურებულია.

კვლევაში მონაწილე მეცნიერთა 98,7%-მა (76-მა მეცნიერმა 77-დან) განაცხადა, რომ მათ საიდუმლო მასშტაბური ატმოსფერული პროგრამის (secret large-scale atmospheric program – SLAP), იგივე - „ქიმიური ბილიკის“ (Chemtrail), ვერავითარი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. ხოლო შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიერ მოყვანილი მტკიცებები სრულიად სხვა ბუნებრივი, ქიმიასა და ფიზიკაში კარგად ცნობილი ფაქტორებით აიხსნება, რაც თვითმფრინავების ფრენისა და საწვავის წვის შედეგია. რაც შეეხება, 77-დან იმ ერთ მეცნიერს, რომელიც 76 კოლეგას არ შეუერთდა, მან არც შეთქმულების თეორიას დაუჭირა მხარი. აღნიშნულის მიზეზად კი მან ის ფაქტი დაასახელა, რომ ატმოსფეროს ერთ-ერთ არეალში ბარიუმის მაღალი შემცველობა დააფიქსირა. დასახელებულ არეალში კი, მისი თქმით, ხმელეთზე ბარიუმის დაბალი შემცველობა იყო. კვლევაში აგრეთვე განხილულია შეთქმულების თეორიის მიმდევრების მიერ გავრცელებული სურათები და მათზე აღბეჭდილი ცაში დატოვებული კვალის წარმოქმნის ბუნებრივი ფაქტორებია ახსნილი.

წყლის აორთქლება და კონდენსაცია, ჰაერის მასების ვერტიკალური და ჰორიზონტალური მოძრაობა, ატმოსფეროში ტემპერატურის სწრაფი ცვლილება - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, რაც თავის მხრივ განაპირობებს „კონტრეილების“ წარმოქმნას, ფორმას და უეცარ გაქრობას. ამდენად, Facebook-ის მომხმარებლის მტკიცება, რომ თვითმფრინავის ნაკვალევი საშუალებით მოსახლეობას განზრახ წამლავენ, მცდარია.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს-შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.