სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2; 3; 4; 5), ამჯერად ვიდეოს ავრცელებს და წერს: „ლვოვის რაიონის სოფელ სმოჟოში უკრაინელმა ბანდერელებმა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს“. რეალურად, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. ხანძრის გაჩენიდან მალევე ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ და ცეცხლის ჩაქრობა სცადეს, თუმცა ტაძარი სრულად დაიწვა.

ტაძარში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 23 მარტს ლვოვში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი განყოფილების მიერ Facebook გვერდზე გავრცელდა. პოსტში ვკითხულობთ, რომ მეხანძრეების მისვლამდე ხანძარი დიდ ტერიტორიას მოედო და ტაძრის უმეტესი ნაწილი მოიცვა. ხანძრის ჩაქრობის სირთულეს წარმოადგენდა ხანძრის სწრაფი გავრცელება ხის კონსტრუქციებში. საბოლოოდ, ტაძარი მთლიანად დაიწვა, გადარჩა მხოლოდ სამრეკლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამდენად, მტკიცება, რომ ეკლესია უკრაინელებმა განზრახ გადაწვეს, არ დასტურდება.

ცნობისთვის, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომელიც სტრიის რაიონის სოფელ სმოჟეში მდებარეობს, მე-19 საუკუნეში აშენდა. 1979 წლიდან მას სახელმწიფო მნიშვნელობის (ამჟამად - ეროვნული მნიშვნელობის) არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ტაძარს უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის თემები ერთობლივად იყენებდნენ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.