სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტმა ღაზას სექტორში ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. რეალურად, ევროპარლამენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო ორი პირობით, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დაშლასა და ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას გულისხმობს.
2024 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციას 312 მომხრე და 131 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო 72-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ეს იყო პირველი შემთხვევა, 2023 წლის ოქტომბრის „ჰუმანიტარული პაუზის“ მოწოდების შემდეგ, როცა ევროპარლამენტმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
რეზოლუციის ფორმულირებასთან დაკავშირებულ კონსენსუსს წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ცეცხლის უპირობო შეწყვეტის აუცილებლობა იყო ხაზგასმული, რომელსაც მხარს მემარცხენე-ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფები უჭერდნენ. მასში შესწორება კონსერვატორი კანონმდებლების მტკიცებების შემდეგ შევიდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებელი პირობა ჰამასის დაშლისა და ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება იყო. რეზოლუციაში ამ ორი პირობის ხაზგასმის გარეშე, მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის ფრაქცია (European People's Party Group) ტექსტის მხარდაჭერაზე უარს აცხადებდა. რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში შესწორებების შეტანა პარლამენტში მემარჯვენეთა გამარჯვებად მიიჩნევა.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები დაპირისპირებისას დაღუპული უდანაშაულო პალესტინელებისა და ისრაელელების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის ხელმომწერები ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს უმკაცრესად გმობენ, ამასთან ისინი უარყოფითად აფასებენ ისრაელის არაპროპორციულ სამხედრო პასუხს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების უპრეცედენტო მასშტაბის მსხვერპლი გამოიწვია.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მართალია, ისრაელს აქვს უფლება, საკუთარი თავი დაიცვას, თუმცა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეების თავდასხმები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე უნდა იყოს მიმართული, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები არ უნდა იყოს სამიზნე.
ევროპარლამენტარები ღაზას სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მთელ ღაზას სექტორში სრულ, სწრაფ, უსაფრთხო და შეუფერხებელ ჰუმანიტარული წვდომის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. ასევე, მოითხოვენ სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის დაუყოვნებლივ აღდგენას.
რეზოლაცია ხაზს უსვამ სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელახლა დაწყების აუცილებლობას და მოითხოვს დაიწყოს ევროპული ინიციატივა, რომელიც კონფლიქტის მოგვარების ორი სახელმწიფოს პრინციპზე მსჯელობას დააბრუნებს.
ევროპარლამენტარები პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოწოდებასაც აკეთებენ და ხაზს უსვამენ, რომ ისრაელის დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, საერთაშორისო სამართლის თანახმად უკანონოა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.