კლიმატის ცვლილება, რომელიც ტემპერატურისა და ამინდის პირობების გრძელვადიან ცვლილებას უკავშირდება, 21-ე საუკუნეში კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად სახელდება. კლიმატური ცვლილება შესაძლოა ბუნებრივი პროცესებითაც იყო განპირობებული, მაგალითად მზის აქტივობაში ცვლილებით ან ვულკანების მასშტაბური ამოფრქვევით. თუმცა, 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილების მთავარ გამომწვევად ადამიანის საქმიანობა იქცა, უპირველეს ყოვლისა, წიაღისეული საწვავის (როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი) დაწვის გამო.
კლიმატის ცვლილება დედამიწაზე სხვადასხვა პროცესზე ახდენს გავლენას:
- 1880 წლიდან, დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ით გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური ტემპერატურის ცვლილება 2050 წლისთვის დაახლოებით 1,5 °C მიაღწევს და 2100 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 2-4 °C იქნება.
წყარო: BBC
- მთელ მსოფლიოში, საშუალოდ, ნალექების რაოდენობა (წვიმა და თოვლი) გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ რეგიონში უფრო ძლიერი გვალვაა, რაც ზრდის ტყის ხანძრებსა და მოსავლიანობის შემცირებას იწვევს. აღმოსავლეთ აფრიკაში მუდმივმა გვალვამ 20 მილიონზე მეტი ადამიანი დააყენა შიმშილის საფრთხის წინაშე. 2022 წელს ევროპაში მაღალმა ტემპერატურამ კი სიკვდილიანობა უჩვეულოდ გაზარდა.
- ტემპერატურის ზრდის შედეგად ყინულის ფართო მასები , განსაკუთრებით დედამიწის პოლუსებზე, დნება, რაც ხელს უწყობს ზღვის დონის აწევას. ზღვის დონე წელიწადში 3,2 მილიმეტრით იზრდება. ზრდა ბოლო წლებში უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს ათწლეულებში, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლოა დაჩქარდეს.
- ტემპერატურის მატება გავლენას ახდენს ველურ ბუნებასა და ცხოველებზეც, ყინულის დნობამ გამოიწვია ისეთი სახეობების შემცირება, როგორიცაა, მაგალითად, პინგვინი „ადელი“ ანტარქტიდაში. ზოგიერთ ტერიტორიაზე მისი პოპულაცია 90 პროცენტით ან მეტით შემცირდა.
მიუხედავად მრავალი კვლევისა, რომელიც კლიმატის ცვლილების ნამდვილობასა და მის მავნე შედეგებს ადასტურებს, საკითხი დეზინფორმაციის სამიზნედ მაინც იქცა. საქართველოში, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიურ პერიოდში, სოციალურ ქსელებში კლიმატთან დაკავშირებული საკითხებზე დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელება აქტიურად დაიწყო, განსაკუთრებით თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის, საქართველოში შოვის მეწყრისა და კახეთში მიმდინარე წლის სექტემბერში მოსული სეტყვის კონტექსტში.
აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციისა და კონსპირაციის გავრცელება იმ Facebook-ანგარიშების მიერ ხდება, რომლებიც წარსულში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერულ პროპაგანდას აქტიურად ავრცელებდნენ. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ისეთი ანგარიშების, როგორებიცაა: მაია თვალთვაძე; შორე შანიძე; ბოლო ჟამის ქრისტიანები; Gvan Ca სამიზნეში უკვე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება მოექცა (მათ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ დაუწერია 1,2,3,4,5).
„ფაქტ-მეტრის“ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ კლიმატის ცვლილებების კუთხით საქართველოში შემდეგი დეზინფორმაციული გზავნილები ვრცელდება:
მტკიცება 1: კლიმატის ცვლილება „აბსურდია“ და რეალურად, CO2-ის დონე არ იზრდება
კლიმატის ცვლილების უარმყოფელი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილება „თაღლითობა“ და „აბსურდია“. ერთ-ერთი Facebook-მომხმარებელი, შორე შანიძე იმასაც ამტკიცებს, რომ CO2-ის დონე არა თუ იზრდება, არამედ პირიქით - მცირდება.
კლიმატის ცვლილება, როგორც უკვე აღინიშნა, ტემპერატურისა და ამინდის შაბლონების გრძელვადიან ცვლას ეხება. ასეთი ძვრები შეიძლება იყოს ბუნებრივი, მზის აქტივობის ცვლილების ან დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგი. მაგრამ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანის საქმიანობა იქცა კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელი ძალად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი წიაღისეული საწვავის დაწვის გამო, როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) თანახმად, კლიმატის ცვლილების „ბუნებრივი გამომწვევი მიზეზები დღესაც მოქმედებს, მაგრამ მათი გავლენა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული სწრაფი ცვლილებების ასახსნელად, ძალიან მცირე და სუსტია“.
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC), რომელიც გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ 1988 წელს შეიქმნა და 195 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ადამიანის აქტივობა კლიმატის ცვლილების უმნიშვნელოვანეს გამომწვევ მიზეზად სახელდება.
გლობალური კლიმატის ცვლილების თეორიის მიხედვით, წიაღისეული საწვავის დაწვა ქმნის საფარს, რომელიც დედამიწაზე მზის სითბოს იკავებს და ამგვარად, გლობალურ ტემპერატურას ზრდის. გლობალური დათბობა კი, თავის მხრივ, ისეთ მოვლენებს იწვევს, როგორებიცაა: გვალვები, წყლის დეფიციტი, ძლიერი ხანძარი, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობა, პოლარული ყინულის დნობა, ძლიერი ქარიშხალი და ბიომრავალფეროვნების შემცირება.
ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, როდესაც ნახშირით, ნავთობით და გაზით მომუშავე მანქანები გაჩნდა, ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობა უპრეცედენტო ტემპით იზრდება. ნახშირორჟანგი CO2, ისევე როგორც, მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), სათბური აირებია და ისინი დედამიწაზე სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობს. როდესაც მზის სხივები დედამიწას ათბობს, სითბოს დედამიწა უკან, ატმოსფეროში, გზავნის, ამ დროს კი ზემოხსენებული სათბური აირები სითბოს აკავებს და დედამიწას თბილ ტემპერატურას უნარჩუნებს. იმის გამო, რომ დღეისათვის ადამიანები ნავთობსა და ქვანახშირს წვავენ, ატმოსფეროში მეტი სათბური აირი გამოიყოფა, სქელდება ე.წ. სათბური “საბანი”, დედამიწა კი კიდევ უფრო ცხელდება, რაც ყინულის დნობასა და უჩვეულო ამინდს იწვევს. ზოგადად, სათბური ეფექტი აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლისთვის, მაგრამ სათბური აირების შრის ზედმეტი სისქე კლიმატის ცვლილებას იწვევს.
წყარო: undp.org ( გრაფიკზე ნაჩვენებია ბოლო 200 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ტემპერატურის მატება (წითელი ხაზი), რაც დროში ემთხვევა CO2-ის კონცენტრაციის ზრდას ატმოსფეროში (ლურჯი ხაზი)).
2020 წელს გაეროს ბაზაზე Net Zero Coalition-ის ინიციატივა შეიქმნა, რომელიც მიზნად 2030 წლამდე სათბური აირების ემისიების 45%-ით შემცირებას ისახავს, 2050 წლისთვის კი - ნულოვან დონემდე დასვლას. აღსანიშნავია, რომ დედამიწას ბუნებრივად აქვს როგორც სათბური აირების გამოყოფის, ისე მათი ზღვების ან ტყეების მეშვეობით შთანთქმის უნარი. ზემოთ ხსენებული ინიციატივის მიზანი კი სათბური აირების სწორედ იმ, დაბალანსებულ, ნულოვან დონეზე დაყვანაა, როდესაც დედამიწა მათ შთანთქმასა და თვითრეგულაციას დამოუკიდებლად შეძლებს. ამჟამად, იმაზე მეტი სათბური აირი გამოიყოფა, ვიდრე დედამიწას მისი რეგულირება შეუძლია, რაც, შედეგად, გლობალურ დათბობას იწვევს.
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაჩვენებლები, ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში, მაქსიმუმზეა, რასაც უახლესი სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს.
წყარო: https://keelingcurve.ucsd.edu/
მტკიცება 2: კლიმატისცვლილება ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის
კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ისეთ სტიქიურ უბედურებებს, როგორებიცაა: ტყის ხანძრები, წყალდიდობა, ქარიშხალი. ამასთან, იზრდება მათი სიხშირე და ინტენსივობაც. კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი - ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის წვა - ასევე იწვევს ჰაერის დაბინძურებას. დაბინძურებულმა ჰაერმა კი მრავალი რესპირატორული დაავადება, ინსულტი და გულის შეტევა შეიძლება გამოიწვიოს. ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 8,7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.
ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, ხაზგასასმელია ის საფრთხეები, რასაც კლიმატის ცვლილება სასმელი წყლისა და საკვების ხელმისაწვდომობას უქმნის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, კლიმატის სტრესორები საკვებითა და წყლით გამოწვეული დაავადებების რისკებს ზრდიან. ამავდროულად, ტემპერატურისა და ნალექების ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს მწერებით გადამტანი დაავადებების გავრცელების ზრდა. ამჟამად, ყოველწლიურად მსგავსი დაავადებებით მთელ მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი იღუპება. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება 2030-2050 წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს გაზრდის, რასაც გამოიწვევს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: არასაკმარისი კვება, მალარიის შემთხვევებისა და სითბური სტრესის ზრდა.
წყარო: World Health Organization
ამავდროულად, ახლახან გამოქვეყნდა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიში „გლობალური წყლის რესურსების მდგომარეობა-2022“. ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილება პლანეტაზე ე.წ. ჰიდროლოგიური ციკლის მოშლას იწვევს, რაც წყლის ცირკულირების წონასწორობის რღვევაში, მდინარეებში წყლის შემცირებასა და მყინვარების დნობაში გამოიხატება. ეს მოვლენები კი ადამიანების წყლით უზრუნველყოფას გლობალურად საფრთხეს უქმნის.
მტკიცება 3: მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ( WEF) ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება სურს
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებითაა შესაძლებელი, რომლებსაც აქვთ სურვილი და გავლენა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“. კლიმატის ცვლილება WEF-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ თემებზე სხვადასხვა სამთავრობო, საზოგადოებრივ და კერძო ჯგუფთან ერთად მუშაობს. 2023 წლის იანვარში ფორუმმა წამოიწყო „Giving to Amplify Earth Action“ (GAEA) ინიციატივა, რომელიც ყოველწლიურად კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების დასაძლევად 3 ტრილიონი დოლარი გამოყოფას გულისხმობს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დიდი ხანია შეთქმულების თეორიებისა და ანტიმეცნიერული დეზინფორმაციის სამიზნეა. მაგალითად, კოვიდპანდემიის დაწყებისას, ფორუმის გარშემო მრავალი დეზინფორმაცია და კონსპირაცია ვრცელდებოდა.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსპირაცია ამტკიცებდა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პანდემიას „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დასამყარებლად იყენებდა. კონსპირაცია სათავეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული გეგმიდან იღებდა, რომელსაც „დიდი გადატვირთვა“ ეწოდება.
თუმცა, სინამდვილეში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გეგმას ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წინასწარგაწერილ სცენართან კავშირი არ ჰქონია. სინამდვილეში, მისი მიზანი, იმ რეკომენდაციების შემუშავება იყო, რომლებიც ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდა.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით კიდევ ერთი დეზინფორმაციული მტკიცების თანახმად, ფორუმი აპირებს, რომ მომავალში ყველა მოქალაქეს ციფრული ვალუტების, იგივე CBDC-ის მიკროჩიპი ჩაუნერგოს, რაც „მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული მონაწილეობისა და საკვებისა და წყლის ყიდვის შესაძლებლობას მისცემს“.
Facebook-ანგარიშები მცდარად იმასაც ამტკიცებდნენ, რომ WEF-მა ყველა ქვეყნის მთავრობას კლიმატის ცვლილებების უარმყოფლების დაპატიმრება უბრძანა. (აღნიშნულ თემებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3).
გავრცელებული ყალბი ამბები ხშირად ეყრდნობა გამოცემა The People’s voice-ის სტატიებს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს და არასანდო წყაროდ ითვლება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონტექსტში, დეზინფორმაცია ხშირად ორგანიზაციის დამფუძნებელ, გერმანელ ეკონომისტ კლაუს შვაბთან დაკავშირებითაც ვრცელდება.
- კლაუს შვაბს აბრალებდნენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინეთში დაწესებულ არაჰუმანურ რეგულაციებს იწონებდა.
- საწარმოში ჭიაყელების გადამუშავებისა და მათი საკვებად გამოყენების საკითხის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის სახელთან მცდარად აკავშირებდნენ; მწერებს „კლაუს შვაბის ჭიებად“, „შვაბის მატლებად“ მოიხსენიებენ.
- Facebook-ანგარიში „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ მანიპულაციურად ცდილობდა, კლაუს შვაბის სიტყვები მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე ვაქცინაციის პროცესთან დაეკავშირებინა და დაემტკიცებინა, რომ კოვიდვაქცინებს ადამიანის დნმ-ის ცვლილება შეუძლიათ.
დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ყალბი ამბების ნაწილი მის ოჯახის წევრებსაც ეხება. მაგალითად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლაუს შვაბის მამა მაღალი რანგის ნაცისტი იყო.
მტკიცება 4: გაეროს „პროგრამა 2030“ ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად შეიქმნა
სოციალურ ქსელში სწორედ გაეროს 2030 წლის გეგმას უკავშირებდნენ კოვიდპანდემიას, რომელიც კონსპიროლოგების მტკიცებით, „პროგრამა 2030“-ის ნაწილია და ის მსოფლიო მმართველობის დასამყარებლად ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. რეალურად, „პროგრამა 2030“ გაეროს მსოფლიოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ჩამოყალიბებული საერთო გლობალური ხედვაა. პროგრამა 2015 წლის შემდეგ მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25-27 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის შემდეგი 17 მიზანი უნდა იქნას მიღწეული, მათ შორის, სიღარიბისა და შიმშილობის აღმოფხვრა, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და სხვ.
წყარო: unicef.org
„პროგრამა 2030“ კონცენტრირებულია მსოფლიო კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე სიღარიბის აღმოფხვრით, ხარისხიანი განათლების სისტემის ჩამოყალიბებით, ეკოლოგიური პრობლემების შემსუბუქებით, ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის გაზრდით და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებით. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ერთიანი მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ამასთანავე, „პროგრამა 2030“ არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი. მათი შესრულება სახელმწიფოების ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მტკიცება, რომ „პროგრამა 2030“ არის გაეროს მიერ ჩამოყალიბებული დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად და რომ ორგანიზაცია კორონავირუსს სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის იყენებდა, არის ყალბი ამბავი. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა მსოფლიო კრიზისმა „პროგრამა 2030“-ის მნიშვნელობა და საჭიროება კიდევ უფრო გააძლიერა.
მტკიცება 5: HAARP ამინდის ცვლილებებსა და სტიქიურ მოვლენებს იწვევს
სოციალურ ქსელში HAARP-ს, აშშ-ში მოქმედ ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამას, ამინდის ცვლილებებისა და სტიქიურ მოვლენების ხელოვნურ გამოწვევასთან ხშირად აკავშირებენ და მას „ტექტონიკურ და კლიმატურ იარაღს“ უწოდებენ. საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა სწორედ HAARP დაადანაშაულეს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევაში. კერძოდ, შეთქმულების თეორიის მიხედვით, აშშ-მა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრა ტექტონიკური იარაღის გამოყენებით გამოიწვია (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
HAARP-ს დაუკავშირეს 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭის კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლაც. გავრცელებული მტკიცებით, სტიქიამდე შოვში იმგვარი ღრუბლები გამოჩნდა, რაც ჰარპის ზემოქმედებას ადასტურებდა (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
გარდა ამისა, მსგავსი კონსპირაციის ობიექტი გახდა კახეთში 2023 2 სექტემბერს მოსული ძლიერი სეტყვა, რომელმაც ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და შენობების სახურავები. Facebook-ანგარიში სეტყვას HAARP-ს უკავშირებდა და წერდა: „ჰარპით გაზრდილი სეტყვა. გენმოდიფიცირებულ საკვებს არ ჰგავს? (..) ამ იარაღის გამოცდას უკავშირდება ჰაიტის მიწისძვრაც, ქარიშხალი კატრინა და ყველა დიდი უბედურება. დღეს ასეთია თანამედროვე მსოფლიოს ომი. თურქეთის დამანგრეველ მიწისძვრასაც როგორი არაბუნებრივი ნათებები უძღვოდა წინ ყველამ ნახა. შოვის ტრაგედიის წინა დღეებშიც ცა ზუსტად ისე იყო დასერილი როგორც ჰარპს სჩვევია“ (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
რეალურად, HAARP არა კლიმატური იარაღი, არამედ ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა, რომელიც იონოსფეროსთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ იონოსფერო ატმოსფეროს ზედა ნაწილია, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 60-80 კილომეტრზე იწყება, 500 კილომეტრს აღწევს და მზის ულტრაიისფერი სინათლის საშუალებით იონიზებული (დადებითად დამუხტული) ატომებითა და მოლეკულებით შედგება. იონოსფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიო გადამცემებისთვის, რადგან რადიო სიხშირეები სწორედ იონოსფეროში აირეკლება, რაც შორ მანძილზე კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
HAARP-ის იონოსფეროს შემსწავლელი დანადგარის მშენებლობა აშშ-ს საჰაერო ძალებმა 1993 წელს დაიწყო, ხოლო 2015 წლის 11 აგვისტოს კვლევითი დანადგარი ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა.
HAARP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ HAARP არის მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მაღალი სიმძლავრისა და სიხშირის გადამცემი იონოსფეროს შესასწავლი პროგრამა. პროგრამის მთავარი ნაწილი იონოსფერული კვლევის ინსტრუმენტია (IRI), რომელსაც იონოსფეროში 3.6 მეგავატის გამოსხივება შეუძლია. გადაცემის სიხშირეები კი 2.7-დან 10 MHz-მდე დიაპაზონში მერყეობს. პროგრამის გადამცემები იყენებენ რადიოტალღებს, რათა დროებით იმოქმედონ იონოსფეროს შეზღუდულ არეალზე, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ბუნებაში ჩვეულებრივ ძნელად დასაკვირვებელი ფენომენები შეისწავლონ. IRI-ის გამოყენების შედეგად წარმოქმნილ პროცესებზე კონტროლირებადი გზით დაკვირვება საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უკეთ გააცნობიერონ პროცესები, რომლებიც მზის ბუნებრივი სტიმულაციის ქვეშ მუდმივად ხდება.
ვინაიდან HAARP ზემოქმედებს იონოსფეროზე, ეს ავტომატურად გამორიცხავს HAARP-ის ამინდზე ზემოქმედებას, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში - ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში წარმოიქმნება. ჯესიკა მეთიუსი, HAARP-ის პროგრამის მენეჯერი ალასკას უნივერსიტეტში, USA Todays-სთან აცხადებს, რომ პროგრამის გადამცემებს და პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს არ შეუძლიათ ამინდის მანიპულირება, HAARP-ის მიერ გადაცემული რადიოტალღების სიხშირის ტალღები არ შეიწოვება არც ტროპოსფეროში და არც სტრატოსფეროში. ამავდროულად, HAARP-ის მკვლევრების მიხედვით, ტექნოლოგიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე სახით ამინდზე მოახდინოს გავლენა, რადგან დიდი მასშტაბით ამინდის ცვლილება ხელოვნური ჩარევით შეუძლებელია. ამდენად, HAARP-ს ამინდზე გავლენის მოხდენა - ღრუბლების ჩამოყალიბება, სეტყვა, ქარიშხლის, შტორმის გამოწვევა და ა.შ., არ შეუძლია.
დოკუმენტი მომზადდა ავტორის მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში. აღნიშნულ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს.