Facebook-მომხმარებელი, ლაშა მენთეშაშვილი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს” აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2), მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) განაცხადა, რომ ღმერთი მკვდარია და მათ კაცობრიობის სამართავად ღვთიური ძალები შეიძინეს. გამოქვეყნებულ პოსტს თან ერთვის ვიდეო, სადაც იმასაც ამტკიცებენ, რომ „კლაუს შვაბის მარჯვენა ხელმა“ იუვალ ნოახ ჰარარმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ „ქმნადობისა და ნგრევის ღვთიური ძალების შეძენის“ შესახებ განაცხადა. მსგავსი შინაარსის მტკიცებები სოციალურ ქსელში უცხოენოვანი ანგარიშების მიერაც გავრცელდა.

სინამდვილეში, მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღნიშნული განცხადება გააკეთა, ყალბია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენელმა, იან ზოპფმა განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს და არც უშუალოდ კლაუს შვაბს მსგავსი ინფორმაცია არსად გაუჟღერებია. მეტიც, იუვალ ნოახ ჰარარი, რომელსაც „კლაუს შვაბის მარჯვენა ხელად“ მოიხსენიებენ, წარსულში 2018 და 2020 წლებში დავოსის კონფერენციაზე იყო მიწვეული, თუმცა ის WEF-ში დასაქმებული არასდროს ყოფილა. აღნიშნულ ინფორმაციას ნოა ჰარარის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი სააგენტო Reuters-თან ელექტრონული ფოსტით მიმოწერაში ადასტურებს, სადაც ასევე აღნიშნავენ, რომ იუვალ ნოახ ჰარარის WEF-ის მიერ კაცობრიობის მართვის ან მის მიერ ღვთაებრივი ძალების შეძენის შესახებ არასდროს განუცხადებია.

ჰარარის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ ციტატა, რომელსაც ჰარარის მიაწერენ, მის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებიდან არის ამოღებული. იუვალ ნოახ ჰარარი წიგნის – „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორი“, ავტორია. 2020 წელს მან წიგნის განხილვისას ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა (1:05:29): „ადამიანები ახლა უფრო დიდ ძალებს იძენენ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიძენთ შექმნისა და განადგურების ღვთაებრივ ძალებს. ჩვენ ადამიანებს მართლაც გარდავქმნით ღმერთებად“. 2017 წელს ჰარარიმ Huffington Post-თან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და მეცნიერება ადამიანებს ღვთაებრივ თვისებებს ანიჭებს.

ამდენად, მტკიცება, თითქოს WEF-მა განაცხადა, რომ ღმერთი მკვდარია, ყალბია. ამასთან, იუვალ ნოახ ჰარარი, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და კლაუს შვაბთან აკავშირებენ, სინამდვილეში, WEF-ში არასდროს ყოფილა დასაქმებული. ხოლო ციტატა, რომელსაც მას მიაწერენ, იუვალ ნოახ ჰარარის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში წიგნის – „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“, განხილვიდან არის ამოღებული და ის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან კავშირში არაა.

----------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.