სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), WEF-ის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „მარცხნივ: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი. მარჯვნივ არის მისი მამა, ინდუსტრიალისტი და ფაშისტი ევგენ შვაბი, რომელიც ჰიტლერთან დაახლოებული იყო. კლაუსი დაიბადა ნაცისტურ გერმანიაში 1938 წელს. იმ დროს მამამისი მართავდა სტრატეგიულ კომპანია Escher-Wyss-ს და მართავდა საკუთარ საკონცენტრაციო ბანაკს, სადაც პატიმრებს აიძულებდნენ უფასოდ ემუშავათ. ამ კომპანიის შემოსავალმა კლაუს შვაბს კომფორტული არსებობა უზრუნველყო. Schwab აგროვებს ყველაზე მძლავრ დამჭერებს მთელი მსოფლიოდან“,- წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი არის გერმანელი გენერალი, სახელად ვალტერ დიბილასი და არა ევგენ შვაბი. ამავდროულად, ისტორიკოსები ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კლაუს შვაბის მამა მაღალი რანგის ნაცისტი იყო.
ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კი კლაუს შვაბია, რომლის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3).
კლაუს შვაბის მამასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე ფაქტების გადამმოწმებელმა ევროპულმა ორგანიზაციებმაც იმუშავეს, მათ შორის ფრანგულმა AFP Fact Check-მა და გერმანულმა DPA-მ.
კლაუს შვაბის ბიოგრაფიის მიხედვით, ის 1938 წელს, რევენსბურგში, სამხრეთ გერმანიაში დაიბადა, სადაც მამამისი შვეიცარიულ საინჟინრო კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, WEF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზევეა მითითებული კლაუს შვაბის მამის სახელი, ევგენ ვილჰელმ შვაბი.
AFP-მა ასევე იპოვა ევგენ შვაბის ფოტო, რომელიც ბრაზილიის დროებით ვიზაზეა დატანილი და 1960 წლით თარიღდება. კლაუს შვაბის სპიკერმა გერმანიის ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია DPA-ს განუცხადა, რომ ვიზის ფოტო მართლაც კლაუს შვაბის მამას ეკუთვნის (იხილეთ ფოტო).
რაც შეეხება, Facebook-ის პოსტში გამოქვეყნებულ ფოტოს, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი გენერალ-მაიორი ვალტერ დიბილასია (Walter Dybilasz). გერმანიის ფედერალური არქივისა და ონლაინ ბიოგრაფიის მიხედვით, დიბილასი 1892 წელს ალტონაში დაიბადა.
პოსტში გამოქვეყნებული ფოტო (მარცხნივ), ვალტერ დიბილასის ფოტო (მარჯვნივ)
პოსტში გამოქვეყნებული ფოტო (მარცხნივ), ვალტერ დიბილასის ფოტო (მარჯვნივ)
ამავდროულად, AFP-მ შეძლო ბადენ-ვიურტემბერგის არქივიდან ევგენ შვაბის დენაციფიკაციის ფაილების მოპოვება. ნილს ვაისის, მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის (IFZ) მკვლევრის თქმით, ფაილებში არ ჩანს, რომ ევგენ შვაბი ნაცისტი იყო, მისი პოლიტიკური მრწამსის შესახებ დოკუმენტებიდან დასკვნა არ შეიძლება გაკეთდეს. „ის ნაცისტური პარტიის (NSDAP) წევრიც კი არ იყო(...) არ არსებობს ცნობა, რომ შვაბს ჰქონოდა რაიმე სახის ურთიერთობა ჰიტლერთან“,- აღნიშნა ნაის ვაისმა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რავენსბურგის საქალაქო არქივის ხელმძღვანელის თქმით, კომპანიაში Escher Wyss, რომელსაც კლაუს შვაბის მამა ხელმძღვანელობდა, ადამიანები ნაცისტური ბანაკებიდან მართლაც მუშაობდნენ, თუმცა მისივე თქმით, ევგენ შვაბს საკუთარი საკონცენტრაციო ბანაკი არ ჰქონია.
ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახულია კლაუს შვაბის მამა, ევგენ შვაბი, მცდარია. ამავდროულად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ევგენ შვაბი მაღალი რანგის ნაცისტი და ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.