სოციალურ ქსელში მომხმარებელი შორე შანიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს” აქამდე არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტში ნათქვამია: “კლიმატური კრიზისი - ეს სწორედაც პირიქით - CO2-ის შემცირებული რაოდენობაა, სრულიად საწინააღმდეგო იმისა რაშიც გაერო და ზოგადად გლობალისტები ცდილობენ კაცობრიობა დაარწმუნონ!!!”. პოსტის ავტორის მტკიცებით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) დონე უწყვეტად მცირდება და ძალიან მალე, ამის გამო, მცენარეული საფარი ვეღარ იცოცხლებს. რეალურად, ატმოსფეროში CO2-ის და სხვა სათბურის აირების დონე იმატებს, რაც გლობალურ დათბობას იწვევს და საფრთხეს უქმნის კაცობრიობას.
ნახშირორჟანგი CO2, ისევე როგორც, მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), სათბური აირები არიან და დედამიწაზე სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობენ. როდესაც მზის სხივები დედამიწას ათბობს, სითბოს დედამიწა უკან, ატმოსფეროში, გზავნის, ამ დროს კი ზემოხსენებული სათბური აირები სითბოს აკავებენ და დედამიწას თბილ ტემპერატურას უნარჩუნებენ. იმის გამო, რომ დღეისათვის ადამიანები ნავთობსა და ქვანახშირს წვავენ, ატმოსფეროში მეტი სათბური აირი გამოიყოფა, სქელდება ე.წ. სათბური “საბანი”, დედამიწა კი კიდევ უფრო ცხელდება, რაც ყინულის დნობასა და უჩვეულო ამინდს იწვევს. ზოგადად, სათბური ეფექტი აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლისთვის, მაგრამ სათბური აირების შრის ზედმეტი სისქე კლიმატის ცვლილებას იწვევს.
დებულება 1: “ალბათ გსმენიათ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან CO2-ის ატმოსფეროში გამოყოფასთან ბრძოლის აუცილებლობაზე და მისი ნულოვანი დონის მიღწევაზე 2030 წლისათვის!”
აღნიშნულ დებულებაში ავტორი გულისხმობს გაეროს Net Zero Coalition-ის ინიციატივას, რომელიც სათბური აირების ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად, მაგრამ მასთან დაკავშირებული ფაქტები პოსტში დამახინჯებულია. პირველ რიგში, აღნიშნული ინიციატივა არ გულისხმობს მხოლოდ ნახშირორჟანგის დონეების შემცირებას ატმოსფეროში, არამედ, ზოგადად, სათბური აირების ემისიების კლებას.
ამავდროულად, Net Zero ინიციატივა სათბური აირების აბსოლუტური დონეების შემცირებას არ გულისხმობს. დედამიწას ბუნებრივად აქვს როგორც სათბური აირების გამოყოფის, ისე - მათი ზღვების ან ტყეების მეშვეობით შთანთქმის უნარი. ზემოთ ხსენებული ინიციატივის მიზანი კი სათბური აირების სწორედ იმ, დაბალანსებულ, ნულოვან დონეზე დაყვანაა, როდესაც დედამიწა მათ შთანთქმასა და თვითრეგულაციას დამოუკიდებლად შეძლებს. ამჟამად კი იმაზე მეტი სათბური აირი გამოიყოფა, ვიდრე დედამიწას მისი რეგულირება შეუძლია, რაც, შედეგად, გლობალურ დათბობას იწვევს. იმისათვის, რომ დედამიწაზე კლიმატის ცვლილებამ კატასტროფული შედეგები არ გამოიწვიოს, მსოფლიო ტემპერატურის ზრდამ 1.5°C-ს არ უნდა გადააჭარბოს. ამისთვის Net Zero ინიციატივა მიზნად ისახავს 2030 წლამდე სათბური აირების ემისიების 45%-ით შემცირებას, 2050 წლისთვის კი - ნულოვან დონემდე დასვლას.
დებულება 2: “უკანასკნელი 140 მილიონი წლის განმავლობაში, CO2-ის დონე უწყვეტად მცირდება და სადაცაა მიაღწევს ზღვარს, რომლის ქვემოთაც მცენარეული საფარი ვერ შეძლებს იცოცხლოს”
აღნიშნული დებულების საილუსტრაციოდ, ავტორი პოსტს ურთავს CO2 Coalition-ის გამოქვეყნებულ გრაფიკს. ზემოხსენებული კოალიცია წარსულში არაერთხელ ამხილეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში (1, 2, 3, 4) და მჭიდრო კავშირები აქვს ნავთობისა და ქვანახშირის კომპანიებთან.
რეალურად, მტკიცება, რომ, უკანასკნელი 140 მილიონი წლის განმავლობაში, CO2-ის დონე უწყვეტად მცირდება, მცდარია. აღნიშნულ გრაფიკზე საერთოდ არ ჩანს უკანასკნელი ორი საუკუნის ტენდენცია, არათუ თანამედროვე ადამიანის არსებობის პერიოდი.
რეალურად, ნახშირორჟანგის მაჩვენებელი თუ დღეს არის 421.09 ppm, 1800 წელს 282.9 ppm იყო, რაც დღევნადელ მაჩვენებელთან შედარებით, 33%-ით ნაკლებია.
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაჩვენებლები, ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში, მაქსიმუმზეა, რასაც უახლესი სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს. მყინვარები და არქტიკული ზღვის ყინული დნება, ხოლო გლობალური ტემპერატურა და ოკეანეების მჟავიანობა იზრდება. ეს საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს. ამავდროულად, მატულობს ბუნებრივი კატასტროფებიც.
ამდენად, პოსტის მტკიცებები, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაჩვენებლები მცირდება და 2030 წლამდე გაეროს სურს, მისი აბსოლუტური მაჩვენებლები ნულოვან დონეზე დაიყვანოს, მცდარია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.