Facebook-მომხმარებელი ნინი ხუნდაძე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF – World Economic Forum) განაცხადა, რომ მომავალში ყველა მოქალაქეს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების, იგივეCBDC-ის მიკროჩიპი უნდა ჩაუნერგოს, რათა „მათ შეძლონ საზოგადოებაში სრული მონაწილეობა და ისეთი ძირითადი საქმეების გაკეთება, როგორიცაა საკვებისა და წყლის ყიდვა“, - წერს Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. აღნიშნულ პოსტში ასევე ვკითხულობთ, რომ რიჩარდ ვერნერის თქმით, „უახლოეს მომავალში მოქალაქეებს დასჭირდებათ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება“, როგორიცაა „CBDC ჩიპის იმპლანტი“, რათა მიიღონ წვდომა მათ საბანკო ანგარიშებზე“. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3).
სინამდვილეში, მტკიცება, თითქოს, WEF მოქალაქეებისთვის CBDC-ის მიკროჩიპის ჩანერგვას აპირებს, ყალბია. მტკიცებულება იმის შესახებ, რომ WEF მოქალაქეებისთვის СBDC მიკროჩიპების ჩანერგვას აპირებს ან მსგავსს ინიციატივას უჭერს მხარს, ღია წყაროებში არ იძებნება. მეტიც, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, მსგავსი ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება და საშუალება არ გააჩნია.
ამასთან, რიჩარდ ვერნერი, რომლის ციტატასაც გავრცელებულ პოსტში არგუმენტად იყენებენ, WEF-ში დასაქმებული არ არის და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს არ წარმოადგენს. ვერნერი გერმანელი ეკონომისტი და პროფესორია, რომელმაც 2023 წლის 7 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მიკროჩიპების სამომავლო გამოყენებაზე ისაუბრა. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ „ცენტრალური ბანკირისგან“ მიუვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ციფრული ვალუტის მიკროჩიპი ჰგავს პატარა ბრინჯის მარცვალს, რომელიც მათ [ცენტრალურ ბანკს], სურთ რომ თქვენს კანქვეშ მოათავსონ, რაც ჩემი აზრით, ადამიანის ღირსების შელახვაა“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვერნერს ინტერვიუში ციფრულ ვალუტებთან მიმართებით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საერთოდ არ უსაუბრია.
ამდენად, ინფორმაცია, თითქოს, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მიკროჩიპების კანქვეშ ჩანერგვის შესახებ განცხადება გააკეთა, ღია წყაროებში არ იძებნება. ხოლო ვერნერი, რომელმაც მიკროჩიპებთან დაკავშირებით ისაუბრა, WEF-ს არ წარმოადგენს, იქ დასაქმებული არ არის და ინტერვიუში CBDC-ის შესახებ WEF-თან მიმართებით არ უსაუბრია. შესაბამისად, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ WEF-მა ადამიანებისთვის მიკროჩიპების ჩანერგვის შესახებ განცხადება გააკეთა, ყალბია.
----------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.