10 იანვარს Facebook-მომხმარებელმა, შორე შანიძემ, გაავრცელა პოსტი, რომელშიც სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის, ქადაგება არის ციტირებული. ქადაგება ძირითადად Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას და მასთან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებს ეხება.

იხ: Facebook-პოსტი

მტკიცება 1: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ალენ დალესმა და მისმა ძმამ დააარსეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სინამდვილეში, ალენ დალესსა და მის ძმას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაარსებასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ორგანიზაციის დაარსების იდეა 1945 წლის აპრილში ჩინეთისა და ბრაზილიის დიპლომატების მიერ იქნა წამოყენებული სან-ფრანცისკოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც გაეროს შექმნის საკითხი განიხილებოდა. „ალენ დალესის მასონურ გეგმასთან“ დაკავშირებით შეთქმულების თეორიები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება. ერთ-ერთი ასეთი შეთქმულების თეორია ცნობილია, როგორც „დალესის გეგმა“ ან „დალესის დოქტრინა“. მის თანახმად, ალენ დალესმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლასა და ადამიანთა გარყვნის, გახრწნის, სულიერებისაგან დაცლის საშუალებით - საბჭოეთის შემადგენელი ერების კულტურულ დეგრადაციას ისახავდა მიზნად

ალენ დალესი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) პირველი არასამხედრო დირექტორი (1953-1961) და კენედის მკვლელობის საპრეზიდენტო საგამოძიებო კომისიის წევრი იყო. ის CIA-ის შექმნის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა, 1951 წელს კი დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. დალესის საქმიანობა კენედის ადმინისტრაციის დროს კრიტიკის ქვეშ მოექცა, განსაკუთრებით, CIA-ის ღორების ყურეში შეჭრისას. პრეზიდენტმა კენედიმ ინციდენტში პასუხისმგებლობა დალესს დააკისრა, რის შემდეგაც მან თანამდებობა დატოვა.

მტკიცება 2: „ჩვენ მთელი მსოფლიო უნდა გავრყვნათ, რომ ანტიქრისტეს მოვუმზადოთ ტახტი“ - ალენ დალესის სიტყვებია

ვერდიქტი:ყალბი ამბავი

სინამდვილეში, მთავარეპისკოპოს სპირიდონის მიერ ციტირებული სიტყვები ალან დალესს არ უთქვამს და ის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული რუსული კონსპირაციული თეორიის გამოძახილია. როგორც აღინიშნა, ალენ დალესი 1953-1961 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რიგით მე-5 დირექტორი იყო. აღნიშნული რუსული კონსპირაციული თეორია, რომელიც ცნობილია როგორც „დალესის დოქტრინა“ ანუ იგივე“Dulles’ Plan”, ამტკიცებს, რომ ალენ დალესმა ჩამოაყალიბა ერთგვარი გეგმა, თუ როგორ უნდა გაენადგურებინა აშშ-ს საბჭოთა კავშირი მასში ქაოსისა და ყოველგვარი ამორალური ღირებულებების დანერგვით. აღსანიშნავია, რომ კონსპირაციული თეორია შინაარსობრივად დაფუძნებულია სხვადასხვა რუსი მწერლის ნამუშევრებზე და ხშირად ამონარიდებს აღნიშნული ნამუშევრებიდან (დეტალურად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია) ზედმიწევნით იმეორებს.

მტკიცება 3: Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სათანადოდ შემოწმებული არ არის და უცნობია, რა დადებითი და უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე

ვერდიქტი:ყალბი ამბავი

სინამდვილეში, COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. ვაქცინის მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დამტკიცების შემდეგაც გრძელდება. ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ მან კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა და მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დამტკიცებულია. მეტიც, Pfizer არის პირველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც 2021 წლის 23 აგვისტოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის სრული (FDA) ავტორიზაცია მიენიჭა.

გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის - ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ასევე, დაფიქსირებულია თრომბოემბოლიის შემთხვევები, რომლებიც Johnson & Johnson -სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში - 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები.

მტკიცება 4: Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ბილ გეითსის მიერ არის მართული და ის მიზნად ისახავს მსოფლიოზე კონტროლის მოპოვებას

ვერდიქტი:ყალბი ამბავი

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი,სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის ხშირი სამიზნეა. მასთან დაკავშირებით უამრავი შეთქმულების თეორია ვრცელდება. ერთ-ერთი ასეთი შეთქმულების თეორიის მიხედვით, ბილ გეითსი წარმართავს პროცესს, რომელიც ვაქცინების საშუალებით მსოფლიო მოსახლეობის 10%-15%-ით შემცირებასა და მასზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად. არსებობს სხვა შეთქმულების თეორიაც, რომლის მიხედვით, ბილ გეითსს მასობრივი იძულებითი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დახმარებით ადამიანების ე.წ. „დაჩიპვა“ სურს და ეს პროცესი მან უკვე 2015 წლიდან დაიწყო. ყველა ეს მტკიცება ერთი დიდი შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, ბილ გეითსს კორონავირუსის პანდემიის გამოყენება მსოფლიოზე კონტროლის მოპოვების მიზნით სურს.

აღსანიშნავია, რომ შეთქმულების თეორიები, რომლებიც ბილ გეითსსა და ვაქცინების თემას ერთმანეთთან აკავშირებს, სათავეს გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მისი საქმიანობიდან იღებს. ბილ გეითსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საქმიანობით ლიდერი გახდა. მან და მისმა მეუღლემ, მელინდა გეითსმა,შექმნეს ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, სიღარიბის შემცირებასა და ვაქცინების კვლევის განვითარების ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ ფონდი კოვიდპანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა.

მტკიცება 5: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უნარი შესწევს ადამიანის დნმ შეცვალოს

ვერდიქტი:ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ადამიანის დნმ-ის შეცვლა შეუძლია, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, mRNA ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს. ვაქცინები, მათ შორის, რნმ ვაქცინები, ადამიანის ბირთვში არ აღწევს, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) და შესაბამისად, მასში ცვლილებებს ვერ შეიტანს. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. ვაქცინაციის შემდეგ, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება. შესაბამისად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის გენეტიკას ვერ შეცვლის.

მტკიცება 6: ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ჰომოსექსუალურ ქორწინებაში იმყოფება

ვერდიქტი:ყალბი ამბავი

სინამდვილეში, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მეუღლე ჯილ იაკობსია, რომელზეც ჯო ბაიდენი მეორედ 1977 წელს დაქორწინდა. მანამდე იგი ნეილია ჰანთერზე იყო დაქორწინებული, რომელიც ქალიშვილთან ერთად 1972 წელს მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.

Facebook-მომხმარებლის, შორე შანიძის მიერ გავრცელებულ სხალთის მთავარეპისკოპოსის - სპირიდონის, მიმართვაში წარმოდგენილი მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.