მიმდინარე წლის ივნისში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის ა/რ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში წარუდგინა. აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შემოსულობების ნაწილში გეგმა 108,9%-ით შესრულდა. კერძოდ, დაზუსტებული გეგმის მიხედვით, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 192 198 700 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 209 246 300 ლარი შეადგინა. თუმცა არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები თანხის ნაწილში გეგმა არ შესრულდა: 19 100 000 ლარის ნაცვლად, ბიუჯეტმა 11 165 000 ლარი მიიღო, რაც გეგმის 58,5%-ია.

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, I-II კვარტლების მიხედვით, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

ოპოზიციამ ჯერ კიდევ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებამდე ივარაუდა, რომ არაფინანსური აქტივების კლებით დაგეგმილ შემოსულობებს ბიუჯეტი ვერ მიიღებდა. პროგნოზი გამართლდა. შესრულების მიმოხილვაში ნათქვამია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილების საფუძველზე, ინვესტორებს პრივატიზებიდან განსახორციელებელი გადახდები, 2022 წლის ბოლომდე, მთლიანად ან ნაწილობრივ გადაუვადდათ. ამასთანავე, რიგი ქონების პრივატიზება ნაწილობრივ მოხერხდა. მთავრობის მიერ განსაკარგად გათვალისწინებული ქონების პრივატიზებისთვის (მათ შორის, რიგ ქონებაზე - არაერთგზის) გამოცხადებული აუქციონები არ შედგა. აქედან გამომდინარე, ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან ბიუჯეტში 7 017 700 ლარი შევიდა, ხოლო არაწარმოებული აქტივების (მიწის) გაყიდვიდან - 4 147 300 ლარი. მსგავსი ფაქტები 2021 წლის ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. იმის შესახებ, რომ ბიუჯეტში პრივატიზებით მისაღები შემოსავლების გეგმა ვერც შარშან შესრულდა, ფაქტ-მეტრმა უკვე დაწერა.

საანგარიშო პერიოდში, შემოსავლების ყველაზე დიდი წილი გადასახადებზე მოდის, რომელიც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. ბიუჯეტის ეს კომპონენტი საერთო შემოსავლების 97,7%-ია. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 149 000 000 ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ გეგმის 116,8 პროცენტი შეადგინა.

მართალია, შემოსულობების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა დაგეგმილს გადააჭარბა, მაგრამ გადასახდელების ნაწილში მთავრობამ გეგმა ვერ შეასრულა. 2022 წლის ექვსი თვის გადასახდელების დაზუსტებული გეგმა 190 615 700 ათასი ლარი იყო, ხოლო ფაქტობრივი მაჩვენებელი 155 482 300 ლარია. ეს გეგმის 81,6%-ს უდრის.

გრაფიკი 2. აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯების I-II კვარტლების მიხედვით, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებთ აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებზე. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე დავწერეთ, ოპოზიცია დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ თანხის მოცულობის გაზრდა მაშინ, როცა მუნიციპალიტეტებმა გამოყოფილი ტრანსფერები ბოლომდე ვერ აითვისეს. საუბარი იყო როგორც შარშან მთელი წლის, ისე 2022 წლის ორი კვარტლის მაჩვენებლებზე. კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარების გეგმა 2021 წელს 51 255 100 ლარით გაიზარდა და 131 086 700 ლარი შეადგინა. ფაქტობრივად კი, კაპიტალური ფინანსური დახმარების ნაწილში, მთლიანი მოცულობის მხოლოდ 72,2% გაიხარჯა. სპეციალური ფინანსური დახმარებიდან კი - 85,6%. როგორც განმარტებული იყო, გარდა ეკონომიებისა, რამდენიმე დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვა არ განხორციელდა, ან არაჯეროვნად განხორციელდა. მიმდინარე წლის ექვს თვეში კი, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების დაზუსტებული გეგმა 28 389 800 ლარით განისაზღვრა. ათვისებულია გეგმის 91,2% ანუ 25 902 800 ლარი. რაც შეეხება სპეციალურ ფინანსურ დახმარებას, ორი კვარტლის გეგმა 24 645 100 ლარი იყო, თუმცა 85,6% ანუ 21 095 500 ლარი გაიხარჯა.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტს ათვისების შედარებით დაბალი მაჩვენებელი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. უწყების დაზუსტებული გეგმა 35 136 940 ლარი იყო, საკასო შესრულება კი - 26 792 848 ლარი.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულება ექვსი თვის მიხედვით, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

მთავრობა განმარტავს, რომ სივრცითი მოწყობის, დასახლებათა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, დაბალი ათვისება გამოწვეულია იმით, რომ გეგმა-გრაფიკით გაანგარიშებული ექსპერტ-სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებებით სრულად დასაქმების საჭიროება არ არსებობდა, ხოლო მიღებული ეკონომია დაგეგმილი ღონისძიებების მაღალკვალიფიციური შესრულებისთვის გაიხარჯება. საუბარია ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის მუნიციპალიტეტების სტრატეგიული დასახლებების განაშენიანების დეტალური გეგმების შედგენაზე. როგორც ირკვევა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფის საკურორტო ადგილის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში ჩირუხის მთის ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შედგენისთვის საჭირო კვლევითი მასალების მოძიება/დამუშავება.

ქვეპროგრამა მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების ფარგლებში კი კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის მომზადების სამუშაოები ანაზღაურდა. რაც შეეხება ჩირუხის მთისა და გომარდულის სარეკრეაციო ადგილის განვითარებას, სამინისტრო მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები მიმდინარეობს და საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით ხარჯი არ გაწეულა. საინტერესოა, რომ 2022 წლის დასაწყისში ფაქტ-მეტრმა შუახევის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით იმუშავა. აღმოჩნდა, რომ მთავრობამ გარკვეული დაპირებები ვერ შეასრულა. საუბარია ჩირუხის მთისა და გომარდულის განვითარების გეგმებზე იხ. სტატია 1 და სტატია 2.

დაბალია ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის კიდევ ერთი ქვეპროგრამის - ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის საკასო შესრულება. უწყების განმარტებით, ფაქტი გამოწვეულია იმით, რომ კონტრაქტორმა არ მოითხოვა მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის, მიმდებარე სეზონური დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გათვალისწინებული საავანსო თანხა.

რაც შეეხება სოციალური და სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამას, აქ იგულისხმება ე. წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ფაქტ-მეტრმა ამ თემასაც არაერთი კვლევა მიუძღვნა. იხ. სტატია 3, სტატია 4, სტატია 5.

თავდაპირველი ხელშეკრულებით, მშენებლობის პირველი ეტაპი 2021 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა, ბოლოს - 2022 წლის 9 ოქტომბრამდე. გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულებაც და ნაცვლად 38 745 999 ლარისა, უკვე 39 115 034 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ჯერაც უცნობია, როდის გადაეცემა საცხოვრებელი იმ 582 ოჯახს, რომლებიც უსაფრთხო გარემოში შესახლებას, ერთ წელზე მეტია, ელოდებიან.

საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა კი წარმოდგენილია ერთი ქვეპროგრამით - აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირება. ამ მიმართულებით, 2022 წლის ექვს თვეში, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან თანხა არ გახარჯულა. სამინისტრო აცხადებს, რომ გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები კონტრაქტორმა დაიწყო, თუმცა შეფერხებით მიმდინარეობს. ამის მიზეზად უწყება ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობას ასახელებს. ეს უკანასკნელი კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მრავალი წლის წინ დაანონსდა და მისი ჯერ დაწყება, ხოლო შემდეგ - დასრულება, ვერც ერთ აქამდე დასახელებულ დროის მონაკვეთს ვერ დაემთხვა. ის ფაქტ-მეტრის სტატია 6, სტატია 7, სტატია 8.

ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიება იყო „ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავება“. შემსყიდველმა კომპანიას 28 500 ლარი გადაუხადა და სამუშაო ჩაიბარა. ბათუმის საკრებულო გეგმაში არსებულ ჩანაწერს, რომ „ამბასადორის“ შენობა ბულვარისთვის შეუსაბამოა, არ დაეთანხმა. საკანონმდებლო ორგანომ ამ კონკრეტული ფრაზის დოკუმენტიდან ამოღება გადაწყვიტა, რისთვისაც თავად დოკუმენტს სახელიც კი შეუცვალა და ნაცვლად „ბულვარის გენგეგმისა“, დაამტკიცა, როგორც როგორც „ბულვარის დაცვისა და განვითარების [განაშენიანების] გეგმა“. გადაწყვეტილებას ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტი ახლდა. დარბაზში განსაკუთრებით მწვავედ საკრებულოს გადაწყვეტილება ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა ირმა ზოიძემ გააპროტესტა, რასაც, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში, მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი კამპანია მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიაში თავად საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ასევე, საჯარო უწყებებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებული პირებიც იყვნენ ჩართული. ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მიერ ჩადგმულ მრავალსართულიან შენობასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებსა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ჩვენ ადრეც ვწერდით.

რაც შეეხება დანარჩენ სამინისტროებს, გეგმასთან შედარებით, დაბალია აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტს სამინისტროს ფაქტობრივი ხარჯი საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის ქვეპროგრამის ფარგლებში. კერძოდ, ნაცვლად 743 900 ლარისა, ათვისებულია 200 700 ლარი. სამინისტრო მიუთითებს, რომ შპს „ტიფანმა“ სახელშეკრულებო ვადებში სასკოლო მერხებისა და სკამების მიწოდება ვერ მოასწრო. საკასო შესრულება 27,0%-ია. ამის გარდა, საკასო შესრულება დაბალია კიდევ რამდენიმე ქვეპროგრამის ფარგლებში.

მაღალი ათვისებით კვლავ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოირჩევა. თითქმის ყველა პროგრამის/ქვეპროგრამის საკასო შესრულება 90%-ზე მეტია, გარდა რამდენიმე შემთხვევისა. მათ შორის, განსაკუთრებით დაბალია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური ადაპტაციის ქვეპროგრამის შესრულება - 37%. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქვეპროგრამას თერთმეტი ბენეფიციარი ჰყავდა და დაგეგმილი 13 500 ლარისა, მხოლოდ 5 000 ლარი დაიხარჯა.