ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი (აქედან 3 სართული - მიწისქვეშ) ობიექტის მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ მოცულობის შენობის ჩადგმა გარკვეულ კითხვებს აჩენს, რადგან ბათუმის ბულვარს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, კანონი იცავს. აქედან გამომდინარე, არასამთავრობოების ნაწილი, მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი და არაერთი იურისტი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, ნებართვის გაცემით, კანონი დაარღვია. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), საზოგადოება „ბათომის“ სახელით, ის ნებართვა გაასაჩივრა, რომლის თანახმადაც, აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შპს „ამბასადორი ბათუმს“, ბულვარის ტერიტორიაზე, 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლებას აძლევს.

„ბათომი“ და EMC მიიჩნევენ, რომ უწყების მიერ ნებართვის გაცემა შეუქცევად და არსებით ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ბათუმის ბულვარს და თვლიან, რომ არსებული სივრცე ძეგლის ღირებულების, ავთენტურობისა და რეკრეაციული რესურსის მაქსიმალური შენარჩუნებით უნდა გამოიყენებოდეს. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სივრცის ათვისება/გამოყენებასთან დაკავშირებული პროცესი საჯარო დისკუსიებს, სათანადო საექსპერტო დასკვნებსა და ამ რესურსის მდგრადი განვითარების პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უგულებელყოფილია.

ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივარი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა. საჩივრის მიზანია, მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის გზით, უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის დაცვა, არსებული სარეკრეაციო დანიშნულების სივრცის შენარჩუნება და მისი საჯარო გამოყენება. ასევე - კერძო ბიზნესინტერესების მიერ საჯარო სიკეთეების მითვისებისა და ქალაქის სოციალური სივრცეების განადგურების პროცესის შეჩერება. გარდა ამისა, დავის დასრულებამდე, სამინისტრომ სამშენებლო პროცესის შეჩერებაც უნდა უზრუნველყოს.

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2 მარტს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება. საბოლოო გადაწყვეტილება ერთ თვეში გახდება ცნობილი.


4 -15 – 19 ...

მიმართვა, რომლითაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო მოძრაობები ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი ობიექტის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ, მიმდინარე წლის 2 მარტს გავრცელდა. ხელმომწერები აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრისგან ასევე მოითხოვენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამშენებლო პროცესებზე მორატორიუმი გამოცხადდეს, სანამ ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა არ დამტკიცდება. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ბათუმის ბულვარის დამცველებმა მანიფესტი მოამზადეს და საქართველოს მთავრობას, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართეს, რომ ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება შეწყდეს. პარალელურად, იმავე მოთხოვნით, ინტერნეტით პეტიციაც გაავრცელეს.

ტერიტორია, რომელზეც 19-სართულიანი სასტუმრო შენდება, ჯერ კიდევ 2009 წელს შპს „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკას“ ეკუთვნოდა. იმავე წლის სექტემბრიდან კი ქონებას რუსეთის მოქალაქე ვიოლეტა ბეჭვაია ფლობს.

2014 წლიდან ქონების მფლობელები ნოდარ და ამირან გეორგაძეები არიან. უკვე 2015 წლის ამონაწერში მესაკუთრედ მითითებულია რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ფრიდი. სწორედ მან მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს „ამბასადორი ბათუმის“ რეგისტრაციის განცხადებით 2017 წელს. ის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო. იმავე წლიდან ქონების მესაკუთრე შპს „ამბასადორი ბათუმი“ გახდა. თუმცა თავად კომპანიას მფლობელი შეეცვალა. ახლა თანაბარი წილის მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია (ბოლო ამონაწერით, ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, რუსეთისა და საქართველოს) და ვართან ვართანოვი არიან.

საყურადღებო ფაქტია, რომ თავდაპირველად ქონების მისამართი იყო ბათუმის ზღვისპირა პარკი. ქუჩის დასახელება ამონაწერში 2017 წლის აგვისტოდან ჩნდება. შპს „ამბასადორი ბათუმი“ სწორედ ამ მისამართზე - სულიკო ჟღენტის ქუჩა №6-შია დარეგისტრირებული.

ზღვისპირა პარკში ანუ ბათუმის ბულვარში მდებარე ქონებისთვის ქუჩის სახელისა და ნუმერაციის მინიჭებამ საზოგადოების ნაწილში გარკვეული ეჭვი გააჩინა, რომ ეს კომპანიისთვის ნებართვის მიღების გასამარტივებლად გაკეთდა. ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ ახსენა, რომ ტერიტორია ბათუმის ბულვარს არ ეკუთვნის. მან განაცხადა, რომ „ამბასადორი ბათუმი“ მრავალსართულიან კორპუსს არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის, ტერიტორიაზე, არამედ მის საზღვრებს მიღმა აშენებს. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ უკვე დაწერა. დღეს 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის მხარდამჭერები არგუმენტად სწორედ იმ ფაქტს ასახელებენ, რომ სამშენებლო ტერიტორია ბულვარი ვერ იქნება, რადგან რეესტრში მითითებულია არა როგორც ზღვისპირა პარკი, არამედ - სულიკო ჟღენტის ქუჩა №6.

თუმცა ფაქტია, რომ ქუჩის სახელწოდება ამ ადგილს გაცილებით გვიან მიენიჭა და მეორეც, ტერიტორია რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფარგლებში (ან მასთან ახლოს, დაცვის ზონაში) არ მდებარეობდეს, „ამბასადორი ბათუმს“ ნებართვისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის მიმართვა არ დასჭირდებოდა. ნებართვა კი სწორედ სააგენტომ გასცა.

აქ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 19-სართულიანი ნაგებობის აშენებაზე ნებართვა კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ ერთბაშად არ მოუთხოვია. მანამდე იყო ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობის ნებართვა, რომელიც ინვესტორმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან პირველ ეტაპზე, 2018 წელს მიიღო. 2019 წელს კომპანიამ ოთხ სართულზე კიდევ რამდენიმე სართულის დამატება გადაწყვიტა და სცადა, საქმე გაეადვილებინა. მან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რომ ტერიტორია ბულვარის საზღვრებიდან ამოეღო. შპს „ამბასადორი ბათუმის“ სურვილი იყო, რომ ქონებას ძეგლის სტატუსი აღარ ჰქონოდა. ამ მოთხოვნას ეროვნული სააგენტო არ დათანხმდა. იმავე წელს კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სანებართვო პირობებში ცვლილებების შეტანა სთხოვა და ოთხი სართულის თხუთმეტ სართულამდე გაზრდა განიზრახა. პირველ ჯერზე კომპანიას უარი ეთქვა. ამ დროს უკვე ბულვარის დასაცავად საპროტესტო აქციები იმართებოდა. მოგვიანებით სააგენტომ გადაწყვეტილება შეცვალა, იმ მოტივით, რომ პროექტი დახვეწილია, საპარკე არქიტექტურას წარმოადგენს და ა. შ. მოკლედ, სააგენტომ 2021 წლის 21 იანვარს, კომპანიას 19-სართულიანი ობიექტის მშენებლობის ნებართვა მისცა.

საზოგადოება „ბათომი“ და იურისტები მიიჩნევენ, რომ სააგენტომ „ამბასადორი ბათუმის“ განცხადება არსებულ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანად განიხილა, სინამდვილეში კი პროექტი იმდენად შეიცვალა, რომ ახალ ნებართვას საჭიროებს. არაერთი ხელოვნებათმცოდნე მიუთითებს, რომ ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ძეგლს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ამ მოტივით ბათუმში არაერთი საპროტესტო აქცია პერმანენტულად იმართება. ბულვარის დამცველები აცხადებენ, რომ მათი შემდგომი ნაბიჯები სამინისტროს პასუხზეა დამოკიდებული. ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

ბათუმში არა მხოლოდ 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის, არამედ კიდევ ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებსაც თავის დროზე საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბულვარის კონცეფცია და ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმა იმდენად იგვიანებს, რომ ნეგატიური შედეგებისა და გავლენის გამოსწორება შეუძლებელი იქნება. ზუსტად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გიორგი გახარიას აჭარაში სტუმრობისას ნათქვამი „მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, რომ ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე და რაც დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ“ - როგორც ჩანს, ყოფილ პრემიერს გაჰყვა, ისევე, როგორც ბათუმის მერებს, რომლებიც ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნას პრიორიტეტად ასახელებდნენ, მათ შორის, ლაშა კომახიძეც. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ბათუმის მერები იცვლებიან, განაშენიანების გენერალური გეგმა კი კვლავ მომავლის პერსპექტივად რჩება. უფრო მეტიც, ბათუმის მერიამ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტიც კი ვერ შეიმუშავა, რადგან 2019 წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში გამოცხადებული ტენდერი (CNT200000041), რომლის სავარაუდო ღირებულებაც 2 118 644 ლარი იყო, თვითონ შეწყვიტა. როგორც შეწყვეტის ოქმშია განმარტებული, მიზეზი კოვიდპანდემია გახდა. კერძოდ, კომისიის წევრი დარგის სპეციალისტებიდან, რამდენიმე ინფიცირებულია, ხოლო ორმა კომისია პირადი განცხადებით დატოვა.

რაც შეეხება ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმას, 2019 წლის სექტემბრის ბოლოს ბულვარის დირექტორმა და „ბაუ დიზაინის“ თანადამფუძნებელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს, რომელიც, სპეციალისტების ჩართულობით, გეგმის მომზადებას გულისხმობს. 2020 წლის ზაფხულში კომპანიამ გეგმის პირველადი ვერსია წარადგინა, მაგრამ ამ ეტაპზე დამტკიცებული დოკუმენტი ჯერაც არ არსებობს.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თეგები: