2022 წლის 8 ივლისს, გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „პათოგენური შტამის გამოსაყოფად ბუნდესვერმა უკრაინაში კვლევა ჩაატარა“. სტატიაში რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციის საფუძველზე იტყობინება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიურ დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ბუნდესვერმა (გერმანიის შეიარაღებული ძალები) უკრაინაში ყირიმ-კონგოს ციებ-ცხელებით დაღუპულთა შემთხვევების კვლევა ჩაატარა, რათა დაღუპულთაგან პათოგენური შტამები მაქსიმალურად გამოეყო. სტატიაში მოყვანილია კირილოვის კიდევ ერთი მტკიცება, რომლის თანახმადაც, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები, მათ შორის - გერმანია, უკრაინასა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს ბიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იყენებენ. რეალურად, ბუნდესვერს უკრაინაში ყირიმ-კონგოს ციებ-ცხელებასთან დაკავშირებული არავითარი კვლევა არ ჩაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ კირილოვის განცხადების სისწორე უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ StopFake უშუალოდ ბუნდესვერის სამედიცინო სამსახურის პრესისა და ინფორმაციის ცენტრთან გადაამოწმა, რომელმაც ინფორმაციის სინამდვილე არ დაადასტურა. ამასთან, პრესცენტრმა აღნიშნა, რომ რუსულ საინფორმაციო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, უკრაინულ-გერმანული ბიოუსაფრთხოების ინიციატივას უკავშირდებოდეს. ინიციატივა გერმანული ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის საზღვრებთან ზოონოზური დაავადებების რისკების მართვის მიზნით შეიქმნა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ პროექტის ფარგლებში ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული არანაირი სახის კვლევა არ ჩატარებულა.

წყარო: StopFake

ბიოუსაფრთხოებისა და ჯანდაცვის კუთხით მუშაობა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ რეგიონებში, უკრაინამ 2014 წლიდან, რუსეთის შეჭრამდე, ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა. თუმცა, აღმოსავლეთ უკრაინაში პათოგენური მიკროორგანიზმების დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდები ხშირად არ იყო ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ინფექციური დაავადებების წყაროების სწრაფად გამოვლინება ვერ ხდებოდა. სწორედ ამიტომ, უკრაინამ 2016 წელს ამ სფეროში გერმანიასთან თანამშრომლობა დაიწყო. კერძოდ, 2016 წლიდან გერმანიის შეიარაღებული ძალების მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი (IMB) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ხარკოვში გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანი უკრაინაში ბიოლოგიური უსაფრთხოების მდგრადი გაუმჯობესება და ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციაა.

უკრაინული მხრიდან, აღნიშნულ პროექტში ჩართულია ხარკოვის ეროვნული სამედიცინო ცენტრი - ექსპერიმენტული და კლინიკური ვეტერინარული მედიცინის ინსტიტუტი (IEKVM), რომელიც ინფექციური დაავადებების ზედამხედველობითა და კონტროლის, ასევე ვაქცინაციისა და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის პროგრამის კოორდინაციის საკითხით არის დაკავებული. 2020 წელს, პროექტის მესამე ფაზის დაწყების შემდგომ, პროექტის პარტნიორი ხარკოვის ეროვნული მედიცინის უნივერსიტეტიც (KhNMU) გახდა.

ბიოლოგიური უსაფრთხოების პროექტის მიზანი არა ბიოლოგიური იარაღის შექმნა თუ ამ მიზნით კვლევების ჩატარება, არამედ მის მთავარ მიზნებს წარმოადგენს:

1. საშიშ პათოგენთა დიაგნოსტირებაში სპეციალისტების მომზადება;

2. საერთაშორისო ლაბორატორიული სტანდარტების გამოყენებაში სპეციალისტი კადრების გაძლიერება;

3. უკრაინაში საშიში პათოგენების შემთხვევების გამოკვლევა;

4. ზოოზონური რისკების მართვის კუთხით გერმანულ-უკრაინული ქსელის განვითარება;

5. უკრაინაში ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა.

ბუნდესვერმა StopFake-თან გაგზავნილ წერილში სწორედ ზემოთჩამოთვლილ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბიოუსაფრთხოების „პროექტის მიზანი უკრაინის პარტნიორი ინსტიტუტის შესაძლებლობების გაძლიერებაა მაღალი ინფექციური პათოგენების სტანდარტული დიაგნოსტიკის სფეროში. ყოველივემ უნდა მიგვიყვანოს უფრო სწრაფ რეაგირებამდე ბიოლოგიური საფრთხის გავრცელების შემთხვევაში. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ თანამშრომლობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის ბიოუსაფრთხოების და ჯანდაცვის სექტორის მდგრადი და დამოუკიდებელი მოქმედება ინფექციური დაავადებების ადრეული და საიმედო გამოვლენისა და კონტროლის საკითხში“.

აღსანიშნავია, რომ პროექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა და ღიად არის ხელმისაწვდომი ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე. ბიოუსაფრთხოების პროექტი, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მსოფლიო მასშტაბით ბიოუსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად, პროგრამის ფარგლებში უკრაინასთან ერთად მაროკოსთან, სუდანთან, ტუნისთან, საქართველოსთან და ყაზახეთთან თანამშრომლობს.

უფრო მეტიც, უკრაინა და გერმანია ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის (BWC) ხელმომწერები არიან, რომლის თანახმადაც, ისინი საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტით 181 სახელმწიფოსთან ერთად, ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და გამოყენებაზე უარს ამბობენ. კონვენციის ფარგლებში ასევე მოქმედებს კონკრეტული ნდობის მშენებლობის ინსტრუმენტები (Confidence-Building Measures), რომელთა ფარგლებშიც ხელმომწერი ქვეყნები ყოველწლიურად ბიოლოგიური იარაღის კონვენციის შესრულების დამხმარე ჯგუფს (BWC Implementation Support Unit) ანგარიშს უგზავნიან. ანგარიში გულისხმობს ინფორმაციის გაზიარებას შემდეგ საკითხებზე: ქვეყანაში მოქმედი ლაბორატორიებისა და კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობა, ეროვნული ბიოლოგიური თავდაცვის კვლევები, ინფექციური დაავადებების გავრცელება, სხვ.

კრემლი თავისი საინფორმაციო ომის ველზე ბიოლოგიური იარაღის საკითხს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინააღმდეგ უკვე წლებია აქტიურად იყენებს. მისი თავდასხმის ძირითად ობიექტს სწორედ ამ ქვეყნებში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიები წარმოადგენს. რუსეთმა 24 თებერვალ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის დაწყების შემდგომ, ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებული აქტიურობით განაგრძო. ამ საკითხზე დეტალურად ინფორმაციას შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) გაეცნოთ.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.