უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დღიდან კრემლის საინფორმაციო კამპანია არაერთ დეზინფორმაციას ეფუძნება. მათგან გამორჩეულია ყალბი ამბებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება უკრაინაში არსებულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ცენტრებზე. ამჯერად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებში ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოებაში წვლილი ამერიკის პრეზიდენტის შვილს, ჰანტერ ბაიდენს მიუძღვის. აღნიშნული დეზინფორმაციის სათავე The New York Post-ის და Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებული მეილები აღმოჩნდა. მათზე დაფუძნებით, როგორც კრემლი და მისი კონტროლირებული მედია, ისე დეზინფორმაციის გამავრცელებელი ქართული წყაროები ირწმუნებიან, რომ ჰანტერ ბაიდენი უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაში მონაწილეობდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7).

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სქემა, რომელიც თითქოს ჰანტერ ბაიდენისა და ჯორჯ სოროსის მიერ უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებთან კავშირსა და მათ დაფინანსებას ასახავს. მედიებმა აღნიშნული სქემა The Daily Mail-ზე გამოქვეყნებული ჰანტერ ბაიდენის წერილებით „გაამყარეს“.

სინამდვილეში, აღნიშნულ სქემაზე კომპანიები ერთმანეთთან ხელოვნურადაა დაკავშირებული, გამოქვეყნებული მეილებით კი ჰანტერ ბაიდენის უკრაინის ლაბორატორიებში ჩართულობა არ დასტურდება. რაც შეეხება აღნიშნულ ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის წარმოებას, აღნიშნული რუსული პროპაგანდის კარგად ნაცნობი გზავნილია, რომლის სიყალბეც არაერთგზის დადასტურდა.

ჰანტერ ბაიდენი უკრაინასა და ჩინეთში საქმიანი გარიგებების შესახებ დაწყებულ გამოძიებებში ნამდვილად მოექცა, თუმცა ის უკრაინაში არსებულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებს არ აფინანსებდა.

კომპანიები, რომლებთან კავშირის გამო ჰანტერ ბაიდენს უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში მონაწილეობას სდებენ ბრალად, Metabiota და Rosemont Seneca Partners-ია. Rosemont Seneca Partners საინვესტიციო ფონდია, რომელიც ვაშინგტონში 2009 წელს ჰანტერ ბაიდენმა, ქრისტოფენ ჰაინცმა და დევონ არჩერმა დააარსეს.

Metabiota კომპანიაა, რომელიც გლობალური ჯანდაცვის საკითხებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილი Metabiota-მ უკრაინაში ჩაატარა. სამუშაოები აშშ-ის პროექტის - ერთობლივი საფრთხის შემცირების (Cooperative Threat Reduction program) ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ყოფილ სსრკ რესპუბლიკებს იმ ძველი ლაბორატორიების განახლებაში ეხმარება, რომლებიც სსრკ-ის ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში იყვნენ ჩართულები. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული განახლების სამუშაოებში სხვადასხვა კომპანია მონაწილეობდა, ერთ-ერთი ასეთი ქვეკონტრაქტორი Metabiota-ა.

აღნიშნული სამუშაოები მოიცავდა დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერების დატრენინგებასა და სხვა ტიპის მხარდაჭერას. ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი PolitiFact-ის თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ Metabiota-ს მიერ გაწეულ მხარდაჭერას ჰანტერ ბაიდენი ან მისი საინვესტიციო ფირმა აფინანსებდა. Metabiota-მ აღნიშნა, რომ სამუშაოები, რომლებიც უკრაინაში ჩატარდა სრულად დაფინანსებული იყო პენტაგონის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (Defense Threat Reduction Agency - DTRA) მიერ.

ჰანტერ ბაიდენს უკრაინის ლაბორატორიებს იმ მიზეზით უკავშირებენ, რომ Metabiota-ს რაღაც პერიოდში Rosemont Seneca Partners (რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ჰანტერ ბაიდენია) აფინანსებდა. თუმცა მას არაფერი აქვს საერთო არც უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებთან და არც ჰანტერ ბაიდენთან. კერძოდ, ბაიდენი არ იყო იმ კომიტეტის წევრი, რომელიც Metabiota-ში ინვესტიცირებაზე მუშაობდა, მეტიც, აღნიშნული ინვესტიციით ბაიდენს არ უსარგებლია, რადგან ის ფირმიდან გამოუშვეს. დაარქივებული ვებგვერდები ადასტურებს, რომ 2014 წლიდან 2015 წლამდე, ჰანტერ ბაიდენი გვერდის სექციიდან „ჩვენი გუნდი“ ამოშლილი იყო.

Metabiota-ს ვებსაიტის მიხედვით, პენტაგონის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ უკრაინაში შესასრულებელი სამუშაოებისთვის Metabiota 2013 წელს დაიქირავა. ფირმა უკრაინაში 2020 წლამდე მუშაობდა, სადაც ატარებდა ტრენინგებს, რათა გაეუმჯობესებინა ადგილობრივი შესაძლებლობები ჯანმრთელობის საფრთხეების გამოვლენისა და მათზე რეაგირებისთვის“.

ამრიგად, ჰანტერ ბაიდენი Metabiota-ს უკრაინაში შესრულებულ სამუშაოებთან ხელოვნურადაა დაკავშირებული. არც ამ ფირმის დაფინანსებასთან და არც უკრაინის სამუშაოებთან ჰანტერ ბაიდენს კავშირი არ ჰქონია.

რაც შეეხება აბსურდულ მტკიცებას, რომ უკრაინაში არსებული ლაბორატორიები ბიოქიმიურ იარაღს აწარმოებენ და ამის შესახებ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს შეიტყვეს, რუსული პროპაგანდისტული ნარატივია, რომელიც ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ემყარება.

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი. რუსეთს არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ბრალდებას დაადასტურებდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრალდებას აშკარა ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში თავისი „საზარელი ქმედებების“ გასამართლებლად ამგვარ ცრუ საბაბებს იყენებს.

ლაბორატორიების საქმიანობა გასაიდუმლოებული არასოდეს ყოფილა. 2005 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორისაც გაფორმდა შეთანხმება, სახელწოდებით - „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობა“. შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები აშენდა. ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის მრავალი ლაბორატორია განახლდა და მიიღწა ბიოუსაფრთხოების მე-2 დონე. 2019 წელს ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის ორი ლაბორატორია აშენდა - ერთი კიევში, ერთიც - ოდესაში.

2005 წლიდან შეერთებული შტატები ხელს უწყობს უკრაინის ლაბორატორიების მოდერნიზებას, კვლევების ჩატარებასა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა მხარს უჭერს არაერთ გაერთიანებულ კვლევით პროექტებს აშშ-სა და უკრაინის მეცნიერებს შორის, ლაბორატორიები სრულად უკრაინის დაქვემდებარებაშია. აღნიშნული პროგრამის ამჟამინდელი აღმასრულებლები არიან ჯანდაცვის სამინისტრო, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახური, აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და თავდაცვის სამინისტრო. ვრცლად უკრაინაში არსებული ლაბორატორიების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი