2022 წლის 9 მარტს, Facebook-მომხმარებელმა ირაკლი ვლადიმერის-ძე ზაქარეიშვილი-მა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის რუსეთის ქიმიური და რადიოლოგიური თავდაცვის ჯარების შტაბის პრეს-სამსახურის განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, აზიური მავნებელი მწერის, ფაროსანას ერთ-ერთი სახეობა თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღად შეიქმნა და შემდგომ მიზანმიმართულად გავრცელდა.

კონკრეტულად, პოსტში ვკითხულობთ: „"ფაროსანა" - Halyomorpha halys-ს სახეობა, რომელმაც ეკოსისტემას და ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა - შექმნილი იქნა თბილისში მდებარე "ლუგარის ლაბორატორიაში!.."ხსენებული ბიოლოგიური იარაღის ქვეყნის მასშტაბით გამოყენება (გაფრქვევა) ხორციელდებოდა სპეციალიზებული მინიატურული უპილოტო საფრენი აპარატებით!...”. ტექსტი რუსულ ენაზე გრძელდება და ამ ნაწილში აქცენტი აფხაზეთში გავრცელებულ ფაროსანაზე კეთდება. პოსტში ნათქვამია, რომ 2014 წელს აფხაზეთში მავნებლის მასობრივი გავრცელება საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყო, რამაც 2016 წელს ხილისა და სუბტროპიკული კულტურების მოსავლის მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია.

პოსტის მიხედვით, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიიდან მავნებლის გავრცელებას ადასტურებს ექსპერტების დასკვნა, რომელთა თქმითაც, აფხაზეთში გავრცელებული ფაროსანა „ამერიკაში გავრცელებული ორიგინალი ვარიანტისგან“ განსხვავებულია. რეალურად, მტკიცება, რომ ფაროსანა საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღად შეიქმნა, სიცრუეა და ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგოდ მიმართული რუსული ნარატივის ნაწილია.

2018 წელს, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორი“) პრესმდივანმა, იულია მელანომ Российская газета-სთან მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებული აზიური ფაროსანა შესაძლოა ლუგარის ლაბორატორიაში ყოფილიყო შექმნილი. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება და კრემლის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგოდ მიმართული ნარატივის ნაწილია.

აზიური ფაროსანას, იგივე Halyomorpha halys სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებია. თავდაპირველად იგი გავრცელდა ჩინეთში, იაპონიაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ტაივანსა და ვიეტნამში. 1996 წლიდან ფაროსანა გამოჩნდა აშშ-სა და კანადაშიც, 2008 წელს შენიშნეს შვეიცარიაში, 2010 წელს კი ახალ ზელანდიაში. აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. სავარაუდოდ, მწერი საქართველოში, სოჭისა და აფხაზეთის გავლით დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში აღმოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ფაროსანა აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვანებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

აღსანიშნავია, რომ რუსული სამთავრობო წყაროები და მათ მიერ კონტროლირებული მედია საშუალებები ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ყალბ ამბებს წლების განმავლობაში რეგულარულად ავრცელებენ. ცენტრის შექმნის დღიდან, რუსული პროპაგანდა საქართველოში სისტემატურად ეწევა დეზინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ლაბორატორიის მეცნიერები ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ ან ამბობს, რომ ცენტრში ქმნიან ხელოვნურ ვირუსებს, რომ დააინფიცირონ და მოსპონ მოსახლეობა როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.

საქართველოში ლუგარის ლაბორატორია 2013 წელს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დაქვემდებარებაში გადავიდა და მისი საქმიანობა რეალურად ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს.

სხვადასხვა დროს, რუსულმა პროპაგანდამ ცენტრი დაადანაშაულა H1N1 ვირუსის გავრცელებაში, ზიკას ვირუსით კოღოების დაინფიცირებაში, აზიური ფაროსანას აფხაზეთში და რუსეთის სამხრეთ ტერიტორიაზე შეყვანაში და კორონავირუსის შექმნაში. დეზინფორმაციის ერთ-ერთ კამპანიაში, აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“, მუჰამედ კილბამ, ლაბორატორია აფხაზეთის საზღვრის სიახლოვეს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაშიც დაადანაშაულა. მისივე ვარაუდით, 2013 წელს ტყვარჩელში ბავშვების მასობრივი მოწამვლა, ისევე როგორც ღორის გრიპის შემთხვევების დაფიქსირება, ლაბორატორიის საქმიანობას უკავშირდება.

ბოლო წლებში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული ჩვეული ნარატივი რუსეთის სახელმწიფო კამპანიის დონემდე ავიდა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ახმოვანებდნენ. 2018 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა, განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევებით იყენებს ბიოლოგიური იარაღის აგენტების შესაქმნელად და გამოსაყენებლად. გენერალმა კირილოვმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა საქართველოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან „გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები“, რომელთა გამოყენებითაც, იგი ამტკიცებდა, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრში მიმდინარეობს უკიდურესად მომწამვლელი და სასიკვდილო ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტის კვლევა“.

შემთხვევითი არ არის, რომ კირილოვის განცხადებებამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ბიოლაბორატორია რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში აშშ-ის მიერ სამხედრო-სამედიცინო ინსტიტუტების შექმნის მაგალითს წარმოადგენდა, სადაც სამხედრო პერსონალი სამედიცინო ეთიკისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, ექსპერიმენტებს ატარებს საქართველოს მოქალაქეებზე. თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების შემდეგ, „ვალდაის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ვლადიმერ პუტინმაც განაცხადა, რომ „აღნიშნული კვლევები უკავშირდება გენეტიკის დარგში ბოლოდროინდელ მიღწევებს და ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ისეთი პრეპარატების შემუშავება, რომელთაც შეუძლიათ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა მათი ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად“.

წარმოდგენილ ბრალდებებს დაუყოვნებლივ უპასუხა პენტაგონის პრესსპიკერმა ერიკ პაჰონმა და რუსეთის მცდელობებს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია რუსეთის მავნებლური ქცევის კიდევ ერთი მაგალითია, საქართველოს მთავრობას არ უსარგებლია შემთხვევით, რომ საერთაშორისო მასშტაბით გამოემჟღავნებინა კრემლის პროპაგანდისტული მანქანა. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ამბავი BBC-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. კერძოდ, მსოფლიოს წამყვანმა ახალი ამბების სააგენტომ დაადგინა, რომ რუსულმა მედიამ და რუსმა თანამდებობის პირებმა საქართველოში, აშშ-ის დაფინანსებული ლაბორატორიების შესახებ მცდარი განცხადებები გააკეთეს.

კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“- ვკითხულობთ ანგარიშში.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შემდგომ ლუგარის ლაბორატორია კიდევ ერთხელ იქცა რუსული დეზინფორმაციის სამიზნედ და მას კორონავირუსის წარმოქმნაში დასდო ბრალი. კონკრეტული ნარატივი საქართველოში პრორუსულმა სააგენტოებმა მალევე აქტიურად აიტაცეს. მაგალითად, პრორუსულმა ონლაინ-მედია „ნიუსფრონტმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!“. პანდემიის პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებდნენ რუსეთის სახელმწიფო წარმომადგენლებიც. 2020 წლის 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ლუგარის ცენტრის, ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული. ამასთან, რუსეთმა 2020 წლის მაისში მოითხოვა, რომ რუს ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომა ჰქონოდათ, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობის გარეშე.

ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღზე მუშაობისა და კორონავირუსის შექმნის ბრალდებებს საქართველოს სახელისუფლებო უწყებები გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები მიზანმიმართულად გაააქტიურა და „პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში“. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებას, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელა და რეგიონის მაცხოვრებლებისგან ბიოლოგიური მასალები აიღო, აბსურდული და კომიკური უწოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული შეტევები დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად სახელდება.

საინტერესოა ისიც, რომ 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერშეტევის მიზანი იყო სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება. კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე აიტვირთა. გარდა ავთენტურ დოკუმენტებისა, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ფალსიფიცირებული მასალებიც განზრახ განთავსდა საზოგადოების დაშინების, მასში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ გენერალმა კირილოვმა, სულ ახლახან, მარტში კიდევ ერთხელ განაცხადა, „ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად ვრცელდება, საქართველოში, ლაბორატორიაში იქნა გამოყვანილი“. ამ განცხადებას, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ კონკრეტული ამბავი ახალი არ არის და ჩვეულებრივი დეზინფორმაციაა, რომელიც დრო და დრო აქტიურდება, რათა მოსახლეობის ნაწილზე ზემოქმედება გამოიწვიოს.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.