მიმდინარე გამოცემის თემები:

• რუსეთის „ჯვაროსნული ლაშქრობა“ უკრაინაში ნაციზმის წინააღმდეგ

• კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

• პროპაგანდისტული ნარატივები ეკონომიკური სანქციების შესახებ

• ეთნიკურ უმცირესობებსა და სხვა რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა

• უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

• საქართველოს პროდასავლური პოლიტიკის ალტერნატივები - საქართველოს თუ კრემლის ინტერესების შესრულების საშუალება?

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე: 16-22 მაისი

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 16-22 მაისი

რუსეთის „ჯვაროსნული ლაშქრობა“ უკრაინაში ნაციზმის წინააღმდეგ

უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის გასამართლებლად კრემლის პროპაგანდა უკრაინის მთავრობასა და მის სამხედროებს ნაცისტებად/ფაშისტებად, ხოლო რუსეთს უკრაინის განმათავისუფლებლად და მხსნელად წარმოაჩენს. 16-22 მაისის პერიოდში „ალტ-ინფო“ (რომელიც თბილისში 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებითა და საქართველოს რუსეთთან ალიანსის ადვოკატირებითაა ცნობილი) და Facebook-ის სხვადასხვა ანგარიში მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომი მოსკოვის წმინდა ჯვაროსნულ ლაშქრობად წარმოეჩინათ. მთავარი დეზინფორმაციული ნარატივი კვლავ გულისხმობს ყალბ ისტორიებს იმის შესახებ, რომ უკრაინელები დონბასში რვა წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების, ხოცვა-ჟლეტას აწყობდნენ. გარდა ამისა, „ალტ-ინფომ“ კიდევ უფრო განავრცო აღნიშნული გზავნილი და ამტკიცებდა, რომ ფაშისტური ძალები და სტეფან ბანდერას მიმდევრები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში არიან, 2014 წლის რევოლუციის შემდეგ აქტიურად იბრძოდნენ უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აღნიშნული ნარატივი პირდაპირ იმეორებს კრემლის მიერ შემუშავებულ იმ გზავნილს, რომელიც მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების „საბაბად“ გამოიყენა.

სხვა პრორუსული წყაროები, პირველ რიგში, აზოვის ბატალიონსა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველზე, ოლექსი არესტოვიჩზე, ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორც ყველაზე ფაშისტურ და ნაცისტურ ელემენტებზე უკრაინის არმიასა და მთავრობაში. მეტიც, თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, რომელიც კრემლის მხარდამჭერ პოზიციებს აქამდეც გამოხატავდა, ამჯერად მოსკოვის ყალბი მტკიცება გაიმეორა, თითქოს უკრაინა დონბასზე თავდასხმისთვის 2021 წელს ემზადებოდა.

რუსული დეზინფორმაციის გამხმოვანებელი წყაროები აგრძელებენ ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი მასობრივი სისასტიკისა და ომის დანაშაულების იმგვარ წარმოჩენას, თითქოს ის უკრაინის ძალების მიერ ორგანიზებული და დადგმული ყალბი სცენები იყო. აღნიშნული გზავნილები, რომლებიც ქართულ სოციალურ მედიაში 20-მდე დეზინფორმაციულმა წყარომ გაავრცელა, მიზნად რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ შეჭრის ლეგიტიმაციას ისახავდა.

კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

რუსული პროპაგანდა არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ თავისი ხელმძღვანელობის დარწმუნებას აგრძელებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დონბასში დამანგრეველი ომის დაწყების შემდეგ რუსეთი მხოლოდ მცირე წარმატებებს აღწევს, რაც დიდძალი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის ფასად უჯდება. იმის დასამალად, რომ რუსეთის ეგრეთ წოდებულმა "უძლეველმა არმიამ" (непобедимая армия) საშინელი წარუმატებლობები განიცადა, წააგო მთავარი ბრძოლები კიევისთვის, ხარკოვისთვის, სუმისთვის, ჩერნიგოვისთვის და სამი თვის შემდეგ დონბასის ბოლომდე „გათავისუფლებაც“ კი ვერ შეძლო, რუსი პროპაგანდისტები იძულებულნი არიან დღედაღამ, განუწყვეტლივ იმუშაონ.

საქართველოში მოქმედი პრორუსული წყაროები - „ნიუს-ფრონტი“, რომელიც, სავარაუდოდ, რომ ეფ-ეს-ბე-ს მიერ ფინანსდება, „ალტ-ინფო“, „საქართველო და მსოფლიო“, „მედია-კავშირი ობიექტივი“ და „პატრიოტთა ალიანსი“, Split Space News, სეზონი TV, Isari.ge და მრავალი Facebook-ჯგუფი, გვერდი და ანგარიში ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციას რუსეთის სასარგებლოდ ამახინჯებენ. აღნიშნული მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო ძლიერების შესახებ მითების შენარჩუნებას, რადგან, სხვაგვარად, მოსკოვის სტრატეგიული ამოცანა, რომ საქართველომ პროდასავლური საგარეო კურსი ნეიტრალური ან პრორუსული კურსით ჩაანაცვლოს, წარუმატებლობისთვისაა განწირული.

16-22 მაისის პერიოდში დეზინფორმაციულმა წყაროებმა მარიუპოლიდან აზოვის ბატალიონის ევაკუაცია სათავისოდ გამოიყენეს და აღნიშნული ფაქტი აჩვენეს ისე, როგორც რუსეთის მთავარი გამარჯვება და უკრაინის სტრატეგიული მარცხი. პრორუსული გამოცემები ასევე ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის არმია დემორალიზებულია და არ გააჩნია იარაღი, შესაბამისად, ზოგიერთ ქვედანაყოფს ომის გაგრძელება აღარ შეუძლია. საქართველოში წარმოებული რუსული პროპაგანდის მიხედვით, უკრაინა დაშლის პირასაა. აღნიშნული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი ისაა, რომ რუსეთი თავისი ძალების მხოლოდ 15-18%-ს იყენებს, და იბრძვის სიფრთხილით, ასევე სრულად არ ანადგურებს უკრაინას, რათა დაინდოს მშვიდობიანი მოსახლეობა (მაშინ, როცა, რეალურად, რუსეთმა თავისი ძალების უმეტესობა გამოიყენა, მთლიანად გაანადგურა რამდენიმე ქალაქი, განსაკუთრებით, მარიუპოლი, და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობით სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა). მედია გამოცემების გარდა, Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ხალხი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და მათ ლიდერებს მათი ბედი, უბრალოდ, არ აინტერესებთ.

პრორუსულმა საშუალებებმა ასევე გაავრცელეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ბომბავდა და ანადგურებდა რუსული არმია უკრაინულ აღჭურვილობას და კლავდა ჯარისკაცებს.

პროპაგანდისტული ნარატივები ეკონომიკური სანქციების შესახებ

საანგარიშო პერიოდში რუსული პროპაგანდა ცდილობდა, გაევრცელებინა გზავნილი, რომ „ანტირუსული“ სანქციები, ერთი მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ არაეფექტურია, მეორე მხრივ კი, დამანგრეველი ეფექტი აქვს დასავლური ეკონომიკისთვის:

• Facebook-მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს დეზინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ დამონებულმა ევროპულმა მთავრობებმა ახლა რუსეთს ატომური ელექტროსადგურებისთვის საჭირო ენერგორესურსებით, მარცვლეულითა და საწვავის რესურსებით მომარაგება სთხოვოს. იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთიც გარკვეულწილად ეკონომიკურად დაზარალდება, პროკრემლისტური ანგარიშების მიხედვით, რუსებს ფუფუნების საგნების ნაკლებობა არ შეაშინებთ, რადგან ასეთი კრიზისების მიმართ იმუნიტეტი აქვთ. ამის საპირისპიროდ, ევროპა კომფორტსაა მიჩვეული, შესაბამისად, ევროპული მთავრობები თავიანთი ხალხისგან რისხვას მიიღებენ.

• იმის დასამტკიცებლად, რომ სანქციები არ მუშაობს, Facebook-ის ზოგიერთმა ანგარიშმა ფრანგი ჟურნალისტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მთელ საფრანგეთთან ერთად მიიჩნევდა, რომ რუსეთში მაღაზიების თაროები ცარიელი იქნებოდა. თუმცა, ადგილზე შოკირებული იყო, რადგან რუსულ ბაზარზე ყველაფერი მრავლად იყო, Coca-cola-ც კი.

• „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო, ამტკიცებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ბრძოლას პერსპექტივა არ აქვს. მისი თქმით, სრული სისულელეა იმის მოლოდინი, რომ სანქციები რუსეთს დააჩოქებს, მაშინ როცა დასავლეთი რუსეთის ენერგორესურსებზე, რომელთა ფასიც გაორმაგდა, ემბარგოს ვერ დააწესებს. აღნიშნული გზავნილი მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების დაკნინებას, მათ შორის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ემბარგოს რუსეთის ენერგორესურსებზე, ევროკავშირის მასშტაბით რუსეთის ნახშირზე ემბარგოს, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ცალკეულ სანქციებს რუსეთის ენერგორესურსებზე და ევროკავშირის ნაწილობრივ ემბარგოს რუსულ ნავთობზე.

• პრორუსულმა წყაროებმა „საქართველო და მსოფლიომ“ და News Front-მა თავიანთი არგუმენტის გასამყარებლად პუტინის სიტყვები მოიშველიეს, რომლის თანახმადაც, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ევროპისთვის თვითმკვლელობას წარმოადგენს. პრორუსულმა მედიამ „ ობიექტივმა“ ასევე დაიმოწმა მედვედევის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთს დასავლეთის სანქციები არ აწუხებს.

• „ნიუსფრონტის“ თანახმად, დასავლეთი ნელ-ნელა აანალიზებს, რომ რუსეთმა გაუძლო დასავლურ სანქციებს და ომის გაგრძელება რუსეთს ეკონომიკურად ვერ გაანადგურებს, რადგან რუსეთი დიდ ბუნებრივ რესურსებს ფლობს და ტექნოლოგიურ განვითარებაში დასავლეთს არ ჩამორჩება. მეორე მხრივ, „ნიუსფრონტი“ ამტკიცებდა, რომ უკრაინის ნაცისტური რეჟიმი გრძელვადიან ომს, ვერც სამხედრო და ვერც ეკონომიკური თვალსაზრისით ვერ გაუძლებდა.

• სხვა Facebook-მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის ეკონომიკის დაღმასვლასთან დაკავშირებით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა მომავალში სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც დასავლეთის ქვეყნების დახმარების ფონზე იზრდება, ვერ შეძლებდა. მათი დასკვნით, აღნიშნული ფაქტი ააშკარავებს სიმართლეს, რომ დასავლეთი კი არ ეხმარება უკრაინას, არამედ მის დამონებას ცდილობს.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობის შესახებ პროპაგანდის გარდა, ამ სანქციებში საქართველოს (არ)მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული გზავნილებიც გამოიკვეთა:

Geopress-მა, Blog News-მა და „ალტ-ინფომ“ ცნობილი ქართველი თეატრის რეჟისორის, რობერტ სტურუას ღია წერილი გამოაქვეყნეს. სტურუა განთქმულია საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით დამამცირებელი კომენტარების გაკეთებით. რეჟისორი ხშირად ჩნდება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რომელიც თავის მხრივ, ცალსახად „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. რობერტ სტურუა ჩვეულებრივ, აკრიტიკებს ოპოზიციასა და დასავლეთს საქართველოსადმი კოლონიური დამოკიდებულების გამო. სტურუამ აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და თვითმკვლელი შეცდომის ჩადენისკენ ბიძგის მიცემაში, მაგალითად, რუსეთზე სანქციების დაწესებასა და რუსეთში ქართული ხილისა და ღვინის ექსპორტის შეჩერებაში, დაადანაშაულა.

• „ნიუს-ფრონტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ანტირუსული სანქციების“ მიუხედავად, რუსული რუბლი ერთ-ერთ წამყვან ვალუტას წარმოადგენდა. „ნიუს-ფრონტის“ თანახმად, ამ ფაქტმა „ქართული საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი“ განარისხა და „საქართველოს ბანკმა“ მიზანმიმართულად გააუფასურა რუბლიც და რუბლის ანგარიშებზე მომსახურების საფასურიც ხელოვნურად გაზარდა. „ნიუს-ფრონტის“ აღნიშნული ამბით, უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის მქონე კერძო ბანკისა და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაგმობას ცდილობდა. პრორუსულმა წყარომ კიდევ ერთხელ გაიმეორა ცნობილი ნარატივი, თითქოს რუსეთმა დაამტკიცა, რომ ეკონომიკური სანქციებით რუსეთის დაჩოქება შეუძლებელია.

Split Space News-მა და Facebook-ჯგუფებმა ქართული წარმომავლობის რუსი პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის პოსტიდან ამონარიდებიც გაავრცელეს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას აქებს იმისათვის, რომ უკრაინის მთავრობის ზეწოლის მიუხედავად, მან რუსეთს სანქციები არ დაუწესა. საქართველოს მთავრობის მიერ სანქციებთან არ მიერთების გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა ონლაინგამოცემა „საერთო გაზეთიც“.

ეთნიკურ უმცირესობებსა და სხვა რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა

საქართველოში აზერბაიჯანული და სომხური უმცირესობები განსაკუთრებულად მოწყვლადი არიან რუსული დეზინფორმაციის მიმართ. მათ უმრავლესობას ქართული ენის არასაკმარისი ცოდნა აქვს და რუსული პროპაგანდისტული მედიის მომხმარებელია. საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე გამოკითხვამ დაადასტურა, რომ რუსეთი ამ თემის მოწყვლადობას წარმატებით იყენებს და რუსული მავნე ზემოქმედებების ოპერაციებს ადგილზე შედეგიანად ახორციელებს. კერძოდ, 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილის თანახმად, სირიელი მებრძოლები და იარაღი აზერბაიჯანში საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. ეს გზავნილები ასევე საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკეტვისკენ მოუწოდებდა. შედეგად, 2020 წლის 29 სექტემბერს სომხური თემის ნაწილმა თურქეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზატკეცილი გადაკეტეს და ავტოტრანსპორტის გავლის საშუალება არ მისცეს. გარდა ამისა, დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა, ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ პუნქტებში, მიწისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები დააზიანეს, რომლებიც სომხეთში ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფდა. უფრო მეტიც, აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდისტული მედიების გარდა, სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობები სომხური და აზერბაიჯანული დეზინფორმაციის სამიზნე ჯგუფსაც წარმოადგენენ. კერძოდ, სომხურ მედიაში (Yerevan Today and Hayeli.am) შემდეგი კრემლისტური გზავნილები გაჟღერდა:

• უკრაინელი ჯარისკაცები ვითომ მშვიდობიან მოქალაქეებს იცავენ, სინამდვილეში კი მათ ცოცხალ ფარად იყენებენ. აღნიშნული გზავნილი მიზნად ისახავდა უკრაინელი ჯარისკაცების შეურაცხოფას, რომლებიც რუსულ შემოჭრას გმირულად უწევენ წინააღმდეგობას.

• აუდიტორიის დარწმუნების მიზნით, რომ თითქოს ევროკავშირში უკრაინის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა შემცირდა, გავრცელდა ისტორიები, თითქოს ჩეხეთში ანტიპუტინისტურ პლაკატებს ანადგურებდნენ და რომ ევროპელებს უკრაინელების პრობლემები ყელში ამოუვიდათ.

• დეზინფორმატორებმა უკრაინული არმიის არაორგანიზებულობისა და კორუმპირებულობის წარმოსაჩენად უკრაინელი ჯარისკაცების შესახებ გადაუმოწმებელი ამბავი გაავრცელეს, თითქოს ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობას დონბასელ სამხედროებზე ყიდდნენ.

• ასევე გავრცელდა მანიპულაციური მტკიცებულები, თითქოს უკრაინელები ხარკოვში რუსულ ჯარისკაცებს ეგებებიან, რაც მიზნად ისახავდა რუსეთის შეჭრის გამართლებასა და იმ ფაქტის დამალვას, რომ მიუხედავად კრემლის მოლოდინებისა, რომ უკრაინელები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში, რუსულ არმიას როგორც „განმანთავისუფლებლებს“ შეეგებებოდა, მთელი უკრაინული მოსახლეობა ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ნარატივების გამეორებას, თითქოს უკრაინის მთავრობა და ჯარი ნაცისტებისგან შედგება, რომლებიც დონბასში გენოციდს ახორციელებენ და სწორედ უკრაინა იყო ის, ვინც ომი დაიწყო. კრემლის პროპაგანდა ცდილობს დაჟინებით გაავრცელოს ნარატივი, რომ რუსეთი უკრაინის „დენაციფიკაციის“ მიზნით „სპეციალურ ოპერაციას“ ახორციელებს და არა ომს ( შეგიძლიათ იხილოთ დეზინფორმაციის მაგალითები ბმულებზე ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8, ბმული 9, ბმული 10, ბმული 11.

უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

პროპაგანდისტული მედიასაშუალებები განაგრძობდნენ უკრაინიდან საქართველოში ომის გაფართოების საფრთხისა და შიშის შესახებ გზავნილების გავრცელებას, რის პარალელურადაც, მმართველი პარტია მათკენ მიმართული თითოეული კრიტიკული შეფასების საპასუხოდ იმავე ნარატივს აჟღერებდა - „მთავრობის ყველა კრიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას ცდილობს“.

კრემლისადმი სიმპათიებით განმსჭვალული პოლიტიკური პარტია, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებას მის დამსახურებად წარმოჩენად ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ აპრილის ვიზიტმა მოსკოვში რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებაში დიდი როლი ითამაშა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ამტკიცებდა იმასაც, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ისინი მოღალატეებად შერაცხა, თუმცა ახლა უკვე ისინიც აღიარებენ საფრთხის არსებობას. ამასთან, ინაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ომის გავრცელების რისკი ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ქვეყანამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და უკრაინას მხარი არ დაუჭიროს. ირმა ინაშვილს პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებობდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ რეგიონებში პროვოკაციების მოწყობის შედეგად საქართველო ომში უნდა ჩართულიყო. ის ამტკიცებდა, რომ ეს გეგმა ახლაც არსებობს, და 2021 წელს საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნების დროსაც დღის წესრიგში იდგა. მეტიც, თარხან-მოურავმა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი სათანადოდ მოქმედებისთვის და საქართველოს ომისგან გადარჩენისთვის შეაქო.

სხვა პრორუსული და ანტიდასავლური წყაროები აქტიურად ცდილობდნენ მოსახლეობაში შიშის დანერგვას:

● „ალტ-ინფო“ და „თვალსაზრისი“ ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთზე თავდასხმას აიძულებს. „ალტ-ინფოს“ თანახმად, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის მიერ ომში ჩართვის ზეწოლას, ძალიან პრაგმატულია. ამასთან, „ალტ-ინფომ“ აშშ-ი და აშშ-ის საელჩო თბილისში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კონფრონტაციაში ჩართვაში დაადანაშაულა, ხოლო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებებს „ჯანსაღი და პრაგმატული“ უწოდა, მოიწონა რა მისი ქმედებები აშშ-დან მომდინარე დირექტივების დაუმორჩილებლობისთვის.

● ამას გარდა, რობერტ სტურუამ აშშ-ს ელჩთან საჯარო მიმართვაში აღნიშნა, რომ აშშ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს, რაც საქართველოსთვის საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს.

● ქართველი ბიზნესმენისა და საჯარო ფიგურის ლევან ვასაძის მიერ დაარსებული “ერი მედიის” გადაცემაში პრორუსმა პოლიტიკოსმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და უკრაინის ხელისუფლება ცდილობს „მეორე ფრონტის გახსნას“ და ქართველი ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და უკრაინის მთავრობა რუსეთის სისუსტის შესახებ ყალბ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ, რითაც ქართული საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას ცდილობენ მეორე ფრონტის გახსნის სასარგებლოდ.

● ანტიდასავლური “ეროვნული ტელევიზია დიდგორი” ამტკიცებდა, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა თავად უნდა შეცვალოს, რადგან ასეთ პოლიტიკას საქართველოსა და უკრაინაში ნგრევა უკვე მოჰყვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მტკიცებით, „მეორე ფრონტის გახსნას“ გარე ძალები გვაიძულებენ.

● „საერთო გაზეთმა“ ხელისუფლება საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის საფრთხის თავიდან აცილების გამო შეაქო. ასევე, Split Space News-მა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პრემიერ-მინისტრს საქართველოსთვის ომის აცილებისთვის მადლობა გადაუხადა.

● „საერთო გაზეთმა“ ასევე განაცხადა, რომ დასავლეთმა სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით გამოგზავნა. აღნიშნული კი საერთო გაზეთმა „საქართველოში მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობას დაუკავშირა.

● თინა კანდელაკის თქმით (ციტირებულია Split Space News-ის მიერ), უკრაინამ საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში პროვოკაციის მოწყობის გზით „მეორე ფრონტის გახსნის“ შესახებ მოუწოდა. კანდელაკმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციით კმაყოფილია.

● ამასთან, Split Space News-ი ციტირებს ეპისკოპოს იაკობს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის მთავრობას საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევა სურს.

● კომპანია “ქართული ტელევიზიის” გადაცემაში - რომელიც COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციას მანამდეც ავრცელებდა - წამყვანი ზაურ ნაჭყებია, პროპაგანდისტული გამოცემის “ივერიონის” მთავარი რედაქტორი და ბექა დუმბაძე (რომელიც Covid-19-ის ვაქცინების წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობდა) ამტკიცდებდნენ, რომ დასავლეთს საქართველოში “მეორე ფორნტის” გახსნა სურს.

● ამას გარდა, „ქართული ოცნება“ აქტიურად ავრცელებდა კონსპირაციულ გზავნილებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა მათ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი თქვან. ამის საფუძველზე Facebook-ის ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ მოღალატეები (იგულისხმება ოპოზიციის ლიდერები) ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ომში არ ჩაითრია.

● პრემიერ ღარიბაშვილს საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებისა და პრაგმატული პოლიტიკის გატარებისთვის მადლობას უხდის პრორუსი ბლოგერი ირაკლი ჯანყარაშვილიც. მისი კომენტარი News-Front-ის, InfoAnalytical-ის და Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფების საშუალებით გავრცელდა. ჯანყარაშვილი პრემიერს მადლობას უხდის იმისთვისაც, რომ “ჯალათებისა და მკვლელების” პარტიას (მხედველობაში აქვს „ნაციონალური მოძრაობა“) ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას არ აძლებს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის - ჯანყარაშვილმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს „ომისა და სიკვდილის პარტიის“ (კიდევ ერთხელ, იგულისხმება „ნაციონალურ მოძრაობა“) არსებობა აკრძალოს.

საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის შიშის გავრცელების გარდა:

● Alt-Info ამტკიცებდა, რომ დასვლეთი რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკზე მიდის, ემუქრება რა რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას და “უკრაინის ხელებით ებრძვის” მას. მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებაზე Georgian TV-იც საუბრობდა.

● Infoanalitika-ს მტკიცების თანახმად, დასავლეთი აქტიურად არის ჩართული ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ - მათ შორის, საქართველოში - გაფართოების მცდელობაში.

● Facebook-ის ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის დავალებით, პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი არ უნდა განათავსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი მსოფლიო ნამდვილი ომის მომსწრე გახდება.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

აშშ-ის სამხედრო დახმარებამ უკრაინისთვის, რომელსაც რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, უკვე 3,9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებას მიაღწია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა Lend-Lease-ის 2022 წლის აქტს მოაწერა ხელი, რომელიც მანამდე, 1941 წელს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იქნა მიღებული. ამასთან, აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი (უკრაინის პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილ 33 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი), დაამტკიცა, საიდანაც 19 მილიარდი უკრაინის დაუყოვნებელი სამხედრო დახმარებისთვის არის გათვალისწინებული. აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პარალელურად, რუსული პროპაგანდა აშშ-ის უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას აკნინებს და ყალბ ნარატივებს ავრცელებს:

● პრორუსულმა აქტორებმა საქართველო და მსოფლიო-მ, Split Space News-მა და Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა გაიმეორა ლალი მოროშკინას (ქართულ შოუბიზნესში ცნობილი პიროვნება, რომელიც ყალბ ამბებს და შეთქმულების თეორიებს COVID-19-თან და უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით მანამდეც ავრცელებდა) მტკიცება, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის საკმარისი დახმარების გაწევაზე უარი თქვა.

• ტელეკომპანია „ქართული TV“-მ გამოაქვეყნა გადაცემა, სადაც მონაწილეები ცდილობდნენ დაეკნინებინათ აშშ-ი-ს მხარდაჭერა და ამტკიცებდნენ, რომ აშშ ჯერჯერობით თავს იკავებს უკრაინას ფართომასშტაბიანი დახმარებისგან, რადგან მისი და ნატოს წევრი ქვეყნების აქტიური ჩართვა სამხედრო ოპერაციებში III მსოფლიო ომის პროვოცირებას მოახდენს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ბოლო რამდენიმე დღემ აჩვენა, რომ უკრაინა მოატყუეს და უკრაინელი ხალხი საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს.

• ტელეკომპანია „თავისუფალმა არხმა“, რომელიც დაკავშირებულია პროკრემლისტურ პოლიტიკურ პარტია „თავისუფალ საქართველოსთან“ (თავჯდომარე კახა კუკავა) და რუსეთის მიერ დაფინანსებულმა News-Front-მა გაავრცელეს სენატორი რენდ პოლის კომენტარი, რომელიც ცდილობდა დაებლოკა 40 მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტის უკრაინისთვის გადაცემა. TV თავისუფალი არხის ჰედლაინში ციტირებულია პოლი, რომელიც ამბობს, რომ აშშ ვერ დაეხმარება უკრაინას, მაგრამ გაანადგურებს საკუთარ ეკონომიკას. პოლის განცხადებიდან გამომდინარე, News-Front-მა დაასკვნა, რომ აშშ-ის საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შესუსტდება საშინაო პრობლემების ფონზე. ერთი სენატორის მოსაზრების მთელს საზოგადოებაზე განზოგადების მხარდასაჭერად News-Front ასევე დააციტირა ჯ.დ. ვენსი, რომელიც იყრის კენჭს ოჰაიოს სენატში და ულტრამემარჯვენე მარჯორი ტეილორ გრინი, რომლებიც ამბობდნენ, რომ (1) აშშ-სთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება უკრაინაში (ვენსი) და (2) რომ აშშ უკრაინას აძლევს 40 მილიარდ დოლარს, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს არ აქვთ საკვები შვილებისთვის (გრინი). „ნიუს-ფრონტმა“ სტატიის დასკვნით ნაწილში აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკოსების მოსაზრებები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის პოზიციას, თუმცა, სტატიის სათაური და მთლიანი ნარატივი ემსახურებოდა მკითხველის დარწმუნებას, რომ აშშ-ის საზოგადოების მხარდაჭერა და აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის მიმართ უმნიშვნელოა.

• „ინფოანალიტიკა“ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დასავლეთი ამძაფრებს და ახანგრძლივებს კონფლიქტს უკრაინაში იარაღის მიწოდებით.

• „ალტ-ინფო“ მაყურებელს არწმუნებდა რომ აშშ-ისა და დასავლეთის კამპანია, რომ ისინი უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს აწვდიან, უაზრობაა, რადგან უკრაინას მალე ამოიწურება ცოცხალი ძალის რესურსი. გარდა ამისა, „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ აშშ აცნობიერებს რომ უკრაინა რამდენიმე თვეში როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს და გეგმავს მისი ბუნებრივი რესურსების გამოიყენოს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. შესაბამისად, „ალტ-ინფოს“ განცხადებით, დასავლეთი გეგმავს უკრაინიდან 20 მილიონი ტონა მარცვლეულის წაღებას და მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირავს და ეს მაშინ როცა, სინამდვილეში, აშშ ევროკავშირთან ერთად ეხმარება უკრაინას რუსეთის საზღვაო ბლოკადის გადალახვაში, რომელმაც შეაჩერა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი.

კრემლმა რეალურად ვერ შეძლო უკრაინაში სამხედრო ტექნიკის შემოდინების შეჩერება მასირებული დაბომბვით, მიუხედავად იმისა, რომ ამით ტრაბახობდა. შესაბამისად, რუსული პროპაგანდისტულმა წყაროებმა, აშშ-ს სამხედრო დახმარების გარდა, ნატოსა და ევროკავშირის დახმარებაც ამოიღეს სამიზნეში:

• ანტიდასავლური და პრორუსული „ალტ-ინფო“ და „თვალსაზრისი“ ამტკიცებდნენ, რომ ნატოს წევრი ქვეყნები და შვედეთი, რომელმაც ახლახან მიმართა ალიანსს გაწევრიანების მოთხოვნით, უკრაინას იარაღს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის აწვდიან - ებრძოლონ რუსეთს უკრაინის ხელით. „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას თქმით, „ნატო“-ს წევრი ქვეყნები მზად არიან იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელ ჯარისკაცებამდე, რომელთაგან ზოგიერთი ნაცისტია, ნაწილი კი ნამდვილი უკრაინელი ჯარისკაცები რომლებიც სამშობლოს იცავენ.

Alt-Info-მ, eablog.ge-მ და მათთან აფილირებულმა Facebook გვერდებმა გაავრცელეს იტალიელი მემარჯვენე პოლიტიკოსის, იტალიის ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, სალვინის ციტატა, რომ რაც უფრო მეტ იარაღს გაუგზავნის ევროკავშირი უკრაინას, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა მშვიდობის მიღწევა. დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებების შერჩევითად გავრცელება და ევროპასა და ამერიკაში მემარჯვენე სახეებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რომლებიც ღიად საუბრობენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგ, ქართული პროპაგანდისტული საშუალებების ტაქტიკაა იმის წარმოსაჩენად, რომ უკრაინისადმი საზოგადოების მხარდაჭერა დასავლეთში ქრება.

• Infoanalitika.net-მა გამოაქვეყნა სტატია, რომ იტალიის პროფკავშირებმა 24-საათიანი გენერალური გაფიცვა გამოაცხადეს უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ. სტატიაში ხაზგასმულია, რომ გაფიცვა მიუთითებს განხეთქილებაზე კოალიციურ მთავრობაში და წარმოაჩენს საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხთან დაკავშირებით. სტატიის ავტორმა მოუწოდა საქართველოს პროფკავშირს მიბაძოს იტალიელ კოლეგებს და მხარი დაუჭიროს მთავრობას უკრაინის ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებაში. თუმცა, ამავდროულად, სტატია ასევე ამტკიცებდა, რომ ქართველმა დასაქმებულებმა მკაცრად უნდა მოითხოვონ პროფკავშირების ლიდერების პასუხისმგებლობა თავიანთი პოზიციისთვის, რომელიც ემსახურება ნატოსა და დასავლეთის მილიტარისტულ ინტერესებს და ძირეულად ეწინააღმდეგება ქართველი დასაქმებულების საჭიროებებს.

საქართველოს პროდასავლური პოლიტიკის ალტერნატივები - საქართველოს თუ კრემლის ინტერესების შესრულების საშუალება?

ყველა ზემოთხსენებული ნარატივი იმის შესახებ, რომ კრემლი იგებს ომს, რუსეთი წარმატებით ართმევს თავს ეკონომიკურ სანქციებს მაშინ, როდესაც დასავლური ეკონომიკა დანგრეულია, უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება არასაკმარისი ან უშედეგოა და ომის საქართველოში გაფართოების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება შეესატყვისება საქართველოში რუსული პროპაგანდის უმთავრეს მიზანს - შეცვალოს ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკა და კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

როგორც GRASS Disinfo Brief-ის პირველ ნომერში აღინიშნა, ნეიტრალიტეტის პოლიტიკა საქართველოში კრემლის ტროას ცხენია. ეს პოლიტიკა არ გულისხმობს რუსეთთან მოკავშირეობას, რაც საკმაოდ არაპოპულარულია საქართველოში. ის გვპირდება უსაფრთხოების ცრუ განცდას ნაკლები სამხედრო ხარჯებით - შესაბამისად, მოსახლეობის იმ სეგმენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მანიპულაციისადმი მიდრეკილნი არიან და ვერ ხედავენ აღნიშნული პოლიტიკის არაეფექტურობას და მის უკან რუსეთის ინტერესების არსებობას. პატრიოტთა ალიანსმა, შვილობილი ტელეკომპანია „მედია-კავშირი ობიექტივისა“ და სხვა მცირე წყაროების, მაგალითად InfoAnalytical-ის, აფილირებული ბლოგერი ირაკლი ჯანყარაშვილის, „საქართველო და მსოფლიოსა“ და Split Space News-ის გამოყენებით, განაგრძო უკრაინის ომისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების გამოყენება საქართველოს ცრუ ნეიტრალიტეტის დასაცავად. მათ განაცხადეს, რომ ნატო არ არის უსაფრთხოების გარანტიების მექანიზმი როგორც ეს 2008 წლის ომის დროს გამოჩნდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ განცხადების თანახმად, NATO საქართველოსა და სხვა არაწევრ ქვეყნებზე 30 წლის განმავლობაში მანიპულირებდა და მათ ატყუებდა, თითქოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მშვიდობის გარანტი იყო, მაგრამ ახლა საზოგადოებამ დაინახა ნატოს ნამდვილი სახე, წინააღმდეგია ალიანსში გაწევრიანების და მხარს უჭერს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. „პატრიოტთა ალიანსის“ მტკიცებით, რამდენიმე სახელმწიფო გამოხატავს მზადყოფნას გახდეს ნეიტრალური (ახსენეს უკრაინა და მოლდოვა, ეს უკანასკნელი უკვე ნეიტრალურია). „პატრიოტთა ალიანსმა“ განაცხადა, რომ პარტია საქართველოს სთავაზობს ახალ საგარეო პოლიტიკურ კურსს - ნეიტრალიტეტს - რომელიც იქნება უსაფრთხოების ნამდვილი გარანტი და საზოგადოების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. გარდა ამისა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აღნიშნავდა, რომ მალე „ქართული ოცნებაც“ კი აირჩევდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პარტიის ლიდერები ნეიტრალიტეტისკენ მისწრაფებებს - ღალატს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში გამგზავრებას ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას უწოდებენ.

მაშინ, როცა ნეიტრალიტეტი ფარული პრორუსული პოლიტიკაა, „ალტ-ინფო“ და „კონსერვატიული მოძრაობა“ ღიად პრორუსულ საგარეო პოლიტიკას ლობირებენ. მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ, განაცხადა, რომ NATO-რუსეთის დაპირისპირებაში კრემლი მორალურად მართალია, რადგან NATO-მ პირობა გატეხა და აღმოსავლეთით გაფართოვდა. მან რუსეთი მსხვერპლად, ხოლო NATO და უკრაინა აგრესორებად და პროვოკატორებად წარმოაჩინა. მან შემდეგ აღნიშნა, რომ მართალია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები სწორედ მოსკოვში იმალება. ეს გზავნილები მიზნად NATO-სთან ინტეგრაციისადმი საზოგადოების მხარდაჭერის შემცირებას ისახავდა.

მოგვიანებით აღნიშნული ნარატივი „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ, გააგრძელა და განაცხადა, რომ 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ უფრო რაციონალურად უნდა გაანალიზოს არსებული ვითარება და შეცვალოს საკუთარი გეოპოლიტიკური მიდრეკილებები. მან აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, საქართველოს რუსეთთან დიალოგის დაწყება მოუწევს. მახარაძე ამტკიცებდა, რომ „მეინსტრიმულ“ პოლიტიკურ სპექტრს არ შეუძლია რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა და მისი ჯგუფის არსებობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესია. ბოლოს მან პირობა დადო, რომ „კონსერვატიული მოძრობა" სტრატეგიულ როლს ითამაშებდა საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობისა და თავად არსებობის გარანტირებაში. ამრიგად, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ რუსეთთან მოკავშირეობა აქცია საკუთარ ძირითად პოლიტიკად, რომლის გამოყენებითაც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე: 16-22 მაისი

უკრაინაში უკანონო და არაპროვოცირებულ შეჭრის პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო გამოცემები აგრძელებენ დაჟინებით მტკიცებას, რომ კრემლი უკრაინელების „გასათავისუფლებლად“ და შემდგომში ქვეყნის „დენაციფიკაციისთვის“ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებენ. თუმცა, ამასთანავე, რუსული დეზინფორმაციული ნარატივები ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებს მოერგო და კრემლის ახალი დეზინფორმაციული გზავნილების ნაკრები ფოკუსირებულია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გამოწვევებზე და სურსათის გლობალური დეფიციტის საფრთხეზე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო ვერ ხერხდება, რუსული პროპაგანდა შექმნილ ვითარებას დასავლეთს აბრალებს. არასწორი მტკიცების მიხედვით, გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციები გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის დეფიციტის მთავარი მიზეზია. კიდევ ერთი დეზინფორმაცია კი დასავლეთს უკრაინაში „ჰოლოდომორი 2.0-ის“ მოწყობაში ადანაშაულებდა.

Facebook-ზე გავრცელდა უახლეს სამხედრო მოვლენებზე ფოკუსირებული ახალი ყალბი ამბები, თითქოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსებთან

საბრძოლველად ISIS-ის მებრძოლები გააგზავნა და უკრაინელებს დასავლეთისგან მიღებული იარაღით ყველაზე მოწინავე რუსული ძირითადი საბრძოლო ტანკის, T-90M-ს, განადგურება არ შეუძლიათ. გარდა ამისა, რუსულმა პროპაგანდამ განაგრძო ნაცადი სტრატეგიის გამოყენება და საზოგადოებას გააცნო „მიუკერძოებელი დასავლელი ჟურნალისტები და ექსპერტები,“ რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პროპაგანდისტულ გზავნილებს იმეორებენ, თითქოს უკრაინა ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მსგავსი „მეტი პროვოკაციებისთვის“ ემზადება.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი