2021 წლის 8 თებერვალს Facebook-მომხმარებელმა - დათო სალუქვაძე - Pfizer-ის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ნათქვამია, რომ Pfizer-ის მონაცემების მიხედვით, ვაქცინა აცრილთა 3%-ში მყისიერ სიკვდილს იწვევს.

მტკიცება, რომ Pfizer-ის ვაქცინა მყისიერ სიკვდილს იწვევს და ამის შესახებ თავად Pfizer-ი წერს, ყალბია. პოსტში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები 2021 წლის დასაწყისში Pfizer-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდანაა აღებული. დოკუმენტი Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშს წარმოადგენს, რომელიც 2021 წლის 28 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. აღნიშნულ დოკუმენტი არ შეიცავს არცერთ ისეთ მონაცემს, რომელიც ასკვნის, რომ ვაქცინას დაფიქსირებულ სიკვდილიანობასთან რაიმე კავშირი აქვს.

დოკუმენტის პირველ ცხრილში, რომელიც საანგარიშო პერიოდში მიღებული ყველა შემთხვევის ჯამურ რაოდენობას ასახავს, ნამდვილად წერია გარდაცვლილთა რაოდენობა - 1 223. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარდაცვალება ვაქცინასთან არის დაკავშირებული. დოკუმენტში მოყვანილია ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც კომპანიას სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებმა გადასცეს. აღნიშნული ორგანოები, თავის მხრივ, მონაცემებს ვაქცინირებული ადამიანების მიერ გაკეთებული განაცხადების მიხედვით იღებენ. ამის გამო, ანგარიშში მოყვანილ ზოგიერთ შემთხვევას კლინიკური ინფორმაცია აკლია. მაგალითად, არ არის ინფორმაცია პირის სამედიცინო ისტორიის, დიაგნოზის, აცრასა და დაავადების გამოვლენას შორის არსებული დროის, ვაქცინის დოზებისა და მიღებული მედიკამენტების შესახებ. შესაბამისად, ანგარიშში მოცემული ინფორმაცია არ მიუთითებს, რომ დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები აუცილებლად ვაქცინასთანაა კავშირში. აღნიშნულ ფაქტორები ანგარიშის მეთოდოლოგიაში გარკვევითაა მითითებული:

დოკუმენტში ასახული მონაცემების შესახებ ფაქტების გადამოწმების პლატფორმა - Factcheck.afp.com – Pfizer-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, დერვილა კინს, დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ანგარიშში მოყვანილი გარდაცვალებათა რიცხვი ვაქცინით გარდაცვალებას არ აღნიშნავს. ეს რიცხვი შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა დაავადებით, მაგალითად, კიბოთი ან კარდიოვასკულარული დაავადებებით გარდაცვალებასაც. Pfizer-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის ორგანოებს მოეთხოვებათ, ვაქცინის შემდგომ დაფიქსირებული გარდაცვალების ნებისმიერი შემთხვევა აღრიცხონ, „მაშინაც კი, თუ გაურკვეველია, იყო, თუ - არა ვაქცინა მიზეზი“. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) დაადგინა, რომ დაფიქსირებული სიკვდილიანობის დიდი უმრავლესობა ვაქცინებთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის.

ამრიგად, მტკიცება, რომ Pfizer-ის ვაქცინა მყისიერ სიკვდილს იწვევს და ამის შესახებ თავად Pfizer-ი წერს, ყალბია.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი