Facebook-გვერდმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ 19 ნოემბერს მორიგი დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა. მასალის თანახმად, ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი Saynsbury’s QR კოდის სკანერებს ამონტაჟებს და აცრის პასპორტების დასასკანერებლად ემზადება. პოსტში წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომლის ავტორი ამტკიცებს, რომ მაღაზია კოვიდპასპორტების ამუშავებას აპირებს და შესასვლელში დამონტაჟებულ სკანერებზე მიუთითებს. Facebook-გვერდ „ბოლო ჟამის ქრისტიანების“ მიერ გავრცელებული მასალა არის ყალბი ამბავი.

ვიდეომასალაში ლონდონის Sainsbury’s-ის ერთ-ერთი მაღაზიაა ასახული. ვიდეოს ავტორს მაღაზიის თანამშრომლები ვიდეოჩანაწერის დასაწყისში აფრთხილებენ, რომ მაღაზია ამ მომენტისთვის მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის ღია. ვიდეოს ავტორის კითხვაზე, თუ რისთვისაა დამონტაჟებული მაღაზიის შესასვლელში QR კოდის სკანერი, თანამშრომლები პასუხობენ, რომ მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიის გამოცდა, რომლის შესახებაც სრული ინფორმაციის გაზიარება ჯერ არ შეუძლიათ. მამაკაცი კი ამტკიცებს, რომ აღნიშნული სკანერები მაღაზიის შესასვლელში კოვიდპასპორტების დასასკანერებლად დაამონტაჟეს.

Sainsbury’s-ის წარმომადგენელმა reuters-სთან იმეილ მიმოწერის დროს განაცხადა, რომ სუპერმარკეტების ქსელი Sainsbury’s ჰალბორნის ფილიალში ატარებს ცდებს იმისთვის, რომ მომხმარებლებს Sainsbury’s-ის მაღაზიათა ქსელში ვაჭრობის უფრო ადვილი და მოსახერხებელი გზა შესთავაზონ. ისინი SmartShop-ის აპლიკაციის დანერგვას ცდილობენ. Sainsbury’s-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, SmartShop-ის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მაქსიმალურად აარიდონ თავი რიგებს და ნავაჭრის საფასური აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად გადაიხადონ. ამისთვის კი საჭიროა, აპლიკაცია გადმოწერონ და მაღაზიის შესასვლელში შესაბამისი QR-კოდი დაასკანერონ.

ამასთან ერთად, Sainsbury’s-ის წარმომადგენელმა reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ კომპანია კოვიდ-QR კოდის არ მქონე მომხმარებლებისთვის მომსახურებაზე უარის თქმას არ აპირებს.

შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული მტკიცება, რომ ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი Saynsbury's შესასვლელებში QR კოდების სკანერებს ამონტაჟებს და აცრის პასპორტების დასასკანერებლად ემზადება, ყალბი ამბავია.

-------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი