2021 წლის 22 ოქტომბერს, Facebook-მომხმარებელმა „მარჯი საქართველო“ ვიდეო გამოაქვეყნა აღწერით - „თუ ყველა(!) უარს იტყვის ტესტირებაზე პანდემია დამთავრდება!!!“. ვიდეოში მარჯის თქმით, ენდრიუ კაუფმანი - ამერიკელი ექიმი, მკვლევარი, სასამართლო ფსიქიატრი, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი, საზოგადო მოღვაწე და ბლოგერი საუბრობს, რომელმაც ჩაატარა „უდიდესი სამუშაო ასიათასობით ადამიანის გამოსაღვიძებლად მთელს მსოფლიოში“. ვიდეოში კაუფმანი ამბობს, რომ კორონავირუსზე უსარგებლო ტესტირების მეშვეობით, ჯანმრთელ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევებს ხელოვნურად ქმნიან, რის საფუძველზეც მთავრობა ადამიანებს კეტავს და თავისუფლებას ართმევს. ვიდეოში გავრცელებული მტკიცება, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.
ენდრიუ კაუფმანი გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს: „ერთი რამ რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია, ტესტირებაზე უარის თქმაა. ტესტირება არის პირველი ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხელოვნური შემთხვევების შექმნა ხდება იმ დაავადებებისგან, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებს ახასიათებს. შემთხვევების რაოდენობა, რომელიც ამ უაზრო ტესტების საშუალებით ჯანმრთელ ადამიანებში დგინდება არის მთავარი მიზეზი, რასაც მთავრობა ჩვენი ჩაკეტვისა და თავისუფლების წასართმევად იყენებს. თუ თქვენ ამ ტესტებს რაიმე მიზეზით გაიკეთებთ, თქვენ ამ ტირანიას ახანგრძლივებთ“. „მარჯი საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეო @anastaci91-ის Telegram-ის პროფილზე იძებნება.
კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტებთან დაკავშირებით დღემდე არაერთი დეზინფორმაცია გავრცელებულა. მათ შორის ის, რომ თითქოს ტესტები კორონავირუსსა და ჩვეულებრივ გრიპს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ცრუ დადებით შედეგებს აჩვენებს, ან რომ ტესტებით ადამიანების ხელოვნურად დაინფიცირება ხდება. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება, რომ თითქოს PCR-ტესტირების შედეგად ადამიანების ხელოვნურად დაინფიცირება და შესაბამისად, შემთხვევების ხელოვნურად ზრდა ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. კორონავირუსის სადიაგნოსტიკო - PCR, ანტიგენზე თუ ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტებით, ადამიანის დაინფიცირება არ ხდება. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ PCR-მეთოდი ყველაზე ზუსტი და მაღალტექნოლოგიურია. სწორედ ამიტომ, PCR-ტესტირების მეთოდი „სპეციფიკური მგრძნობელობისა“ და მაღალი სანდოობის გამო, პანდემიის პირობებში, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ იქცა. სოციალურ ქსელში აქამდე არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ კონკრეტული ტესტები ადამიანებს ხელოვნურად აინფიცირებს და ჯანმრთელობის სხვადასხვა დაავადებას იწვევს (იხ. ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).
ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ტესტირების შედეგად ინფიცირების მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ეს სრულიად ჩვეულებრივი და ლოგიკური მოვლენაა. გაფართოებული ტესტირების მიზანიც სწორედ ის არის, რომ სიმპტომიან პაციენტებთან ერთად, უსიმპტომო პაციენტების იდენტიფიცირებაც მაქსიმალურად მოხდეს, რაც ბუნებრივია, ვაქცინაციის პროცესთან ერთად ვირუსის გავრცელების მართვისთვის აუცილებელია.
ვინ არის დოქტორი ენდრიუ კაუფმანი?
დოქტორი ენდრიუ კაუფმანი არის ამერიკელი ფსიქიატრი, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის სამედიცინო კონსულტანტი, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გააქტიურდა. კაუფმანი იმ ექიმთა შორის ერთ-ერთია, რომელსაც COVID-19-ის პანდემია ადამიანების თავისუფლების შეზღუდვისთვის შექმნილი პანდემია ჰგონიათ. შესაბამისად, მას არც ვირუსის არსებობის და არც მისი დიაგნოსტირებისთვის გამოყენებული ტესტების ეფექტურობის სჯერა. მეტიც, კაუფმანის მტკიცებით, PCR-ტესტები გაუმართავია და არა ვირუსის, არამედ გენეტიკური კოდის ამოსაცნობად არის შექმნილი. ამიტომ, მისი თქმით, ყველა ადამიანს, რომელსაც რაიმე სახის იმუნური რეაქცია აქვს ტესტირების დროს, მას COVID-19-ზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდება. კაუფმანის მტკიცებით, ასევე არ არსებობს რაიმე ოქროს სტანდარტი, რომელიც ამ ტესტების ცდომილებას გაზომავს.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ადამიანების კორონავირუსზე ტესტირებით ინფიცირების რიცხვების ხელოვნურად ზრდა ხდება, რის საფუძველზეც მთავრობები ადამიანებს თავისუფლებას უზღუდავენ, კონსპირაციული თეორიაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.