2021 წლის 17 აგვისტოს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) Facebook-გვერდზე მმკ-ს წევრი დავით ისაკაძისა და სხვა სასულიერო პირების ერთობლივი ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა, რომელშიც ისინი იძულებით ვაქცინაციაზე საუბრობენ. ამასთან, ვიდეოში მამაოები კორონავირუსზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტებზე დეზინფორმაციას ავრცელებენ. რეალურად, ვიდეოში გავრცელებული მტკიცებები ვირუსთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება: კორონავირუსის პანდემიით ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება, შეიქმნა ვირუსი, რომელიც არის დამაზიანებელი. იგივე ადამიანები ქმნიან ვაქცინებს, თითქოსდა ადამიანების შველას და განკურნებას ცდილობენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად მსოფლიოს ვირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის დიდ ტალღასთანაც უწევს ბრძოლა. კორონავირუსს ხშირად ხელოვნურად შექმნილ პანიკას უწოდებენ, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოების ინტერესებს ემსახურება. ხშირია შემთხვევები, როდესაც შეთქმულების თეორიის ავტორები კორონავირუსს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების იარაღად მოიხსენიებენ. დეზინფორმაციის გავრცელებისას გავლენიან პიროვნებებს ან/და ცნობილ ფილანტროპისტებს ისეთ ციტატებს მიაწერენ, რაც მათ საერთოდ არ უთქვამთ, ან თქვეს აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში. ძირითადი მტკიცებების მიხედვით, გეითსის, როკფელერის და სოროსის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის შემცირება „ოქროს მილიარდამდე“, რასაც ძირითადად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა ემსხვერპლება. ყველაზე ხშირად დეზინფორმატორები TED-ის კონფერენციაზე ბილ გეითსის სიტყვით გამოსვლას იშველიებენ და ამტკიცებენ, რომ ის ვაქცინებით მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაზე წლების წინ საუბრობდა.

რეალურად, ბილ გეითსმა კონფერენციაზე მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელებაზე ისაუბრა და არა მოსახლეობის შემცირებაზე. ამასთან, ბილ გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამდა ხაზს, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობას შეამცირებდა.

სხვადასხვა დეზინფორმაციის თანახმად, ვირუსის შექმნასა და შემდეგ საჭირო წამლის გამოგონებაზე, ახალი მმართველობის ფორმის დამყარებაზე წლების წინ წიგნებშიც წერდნენ. მაგალითად, თითქოს ჟაკ ატალი წიგნში „Verbatim” ნათქვამია, რომ გლობალური პანდემია ჯერ კიდევ 1981 წელს დაიგეგმა და მისი მიზანი მოსახლეობის შემცირება იყო.

მსგავსს დეზინფორმაციებს შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7) გაეცნოთ.

მტკიცება: გვაძალებენ იმ ვაქცინას, რომელსაც ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაც არ შეუძლია

ვერდიქტი: მანიპულაცია

რეალურად, ვიდეოში გაჟღერებულ მტკიცებას, რომ თითქოს ვაქცინას ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა არ შეუძლია, მანიპულაციურია. მტკიცება, თავისი შინაარსით აღიქმება ისე, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს კორონავირუსი მაინც ემართებათ. შესაბამისად, ინფიცირების ჯაჭვი ამიტომაც არ წყდება.

როგორც ერთჯერადად, ისე სრულად ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდეს, ვაქცინაცია 100%-იან დაცვას მართლაც არ გულისხმობს. SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ვინაიდან და რადგანაც კორონავირუსის მუტაციების საფრთხე არსებობს, მეცნიერები საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას ხაზს უსვამენ და აღნიშნულის მიზანი სწორედ ვირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობა და ვირუსის გავრცელების შემცირებაა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით „ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ვაქცინირებულ მოსახლეობაში ტრენდს თუ დავაკვირდებით, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

ამრიგად, ვაქცინაცია ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, შემდგომი გართულებებისგან და ლეტალური შედეგების დადგომისგან მაქსიმალურად დაგვიცავს. აცრის შემდეგ COVID-19-ით დაინფიცირების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, თუმცა ასეთი შემთხვევები შედარებით მცირეა და ინფიცირებული ადამიანების სიმპტომებიც უფრო მსუბუქია. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების მნიშვნელოვან ბერკეტს დროულ და მასობრივ იმუნიზაციასთან ერთად, პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და შეკრებებისგან თავის არიდება წარმოადგენს.

მტკიცება: ცხვირში მოხვედრილი კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები სხვადასხვა დაავადებას იწვევს, მათ შორის - ლეიკემიას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტებთან დაკავშირებით დღემდე არაერთი დეზინფორმაცია გავრცელებულა. მათ შორის ის, რომ თითქოს ტესტები კორონავირუსსა და ჩვეულებრივ გრიპს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ცრუ დადებით შედეგებს აჩვენებს. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, PCR-ტესტირების დროს გამოყენებული ჩხირები ადამიანების ჰემატოენცეფალურ ბარიერს აზიანებს. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

რაც შეეხება უშუალოდ, დავით ისაკაძის გაჟღერებულ მტკიცებას, რომ თითქოს ცხვირის ღრუში მოხვედრილი ტესტები სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, მათ შორის - ლეიკემიასაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების ეთილენის ოქსიდით სტერილიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციებს უკავშირდება. სხვადასხვა მტკიცების თანახმად, ეთილენის ოქსიდი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მისი შეყნოსვა ადამიანის დნმ-ს აზიანებს, იწვევს ლიმფომას, ლეიკემიას, კატარაქტს, ნევროლოგიური ფუნქციის მოშლას, სასუნთქი გზების დაბლოკვას, კუჭ-ნაწლავის დაზიანებას და ა.შ. რეალურად, ეთილენის ოქსიდით კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტების სტერილიზაცია ნამდვილად ხდება, თუმცა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეთილენის ოქსიდი კარცეროგენთა რიგს განეკუთვნება, ის ფართოდ გამოიყენება სამედიცინო აპარატების სტერილიზაციისთვის, ხოლო სტერილიზაციის პროცესი მკაცრად კონტროლდება, რათა ქიმიური ნივთიერების ნარჩენები უმნიშვნელო იყოს და სამედიცინო მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენება უზრუნველყოს.

კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის გამოყენებულ ჩხირებზე არსებული ეთილენის ოქსიდის ეფექტების შესახებ ბრიტანეთის „ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის სააგენტომგანაცხადა, რომ ტესტები მკაცრადაა შემოწმებული და მათი გამოყენება უსაფრთხოა. „ეთილენის ოქსიდი მხოლოდ ჩხირის თავზე მოთავსებული ბამბის სტერილიზაციის დროს გამოიყენება და ეს ჯანდაცვის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სტერილიზაციის საშუალებაა, რომელსაც მწარმოებლები სამედიცინო მოწყობილობების უსაფრთხოებისთვის იყენებენ“. ამრიგად, მტკიცება, რომ კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტებს რაიმე დაავადების, მათ შორის - ლეიკემიის, გამოწვევა შეუძლია, სიმართლეს არ შეესაბამება.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.