დეზინფორმაცია: კორონავირუსის წინააღმდეგ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ეფექტურია, ვიდრე ვაქცინის შედეგად გამომუშავებული

ვერდიქტი: მანიპულირება

ანტივაქსერულ წრეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად შეძენილი. რეალურად, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, სხვადასხვა კვლევებისა და ანგარიშების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

წყარო: Logically.ai

უმეტეს შემთხვევაში, ზემოხსენებული მტკიცების დასასაბუთებლად ისრაელში ჩატარებულ კვლევას იშველიებენ. 25 აგვისტოს MedRxiv.com-ზე ისრაელში Maccabi Healthcare Services-ის მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, რომელმაც ბუნებრივი იმუნიტეტი და ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი ერთმანეთს შეადარა.

კვლევაში განიხილეს Maccabi Healthcare Services სისტემაში მყოფი 674 000 სრულად ვაქცინირებული და 105 000 ინფიცირებული (63 000 არავაქცინირებული, ხოლო 42 000 ინფიცირებიდან 3 თვეში Pfizer-ის ერთი დოზით აცრილი) პაციენტის ჩანაწერები. აღსანიშნავია, რომ მონაცემების შესწავლა 2021 წლის ივნის-აგვისტოს პერიოდში მიმდინარეობდა, როდესაც ისრაელში კორონავირუსის დელტა ვარიანტი დომინირებდა.

კვლევამ დაადგინა:

1) ადამიანებს, რომლებსაც იანვარსა და თებერვალში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა ჰქონდა მიღებული, მათ COVID-19-ით თავიდან ინფიცირების ალბათობა 13-ჯერ მეტი იყო, ვიდრე იმ ადამიანების ვინც იანვარ-თებერვალში COVID-19 გადაიტანეს და არავაქცინირებული იყვნენ.

2) 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე, COVID-19-ის სხვადასხვა ვარიანტით დაინფიცირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებთან შედარებით, სრულად ვაქცინირებული პირები 6-ჯერ უფრო მეტად ინფიცირდებოდნენ და 7-ჯერ უფრო მეტად განიცდიდნენ სიმპტომურ დაავადებებს.

3) კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ხანგრძლივად და ძლიერად იცავს ადამიანს დელტა ვარიანტისგან გამოწვეული ინფექციის, სიმპტომური დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, ვიდრე Pfizer-ის ორი დოზის მიღების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი. ასევე, წარსულში ინფიცირებულმა და ვაქცინის ერთი დოზით აცრილმა ადამიანებმა, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ დამატებითი დაცვა მიიღეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადამიანებმა ისრაელის კვლევის დასკვნები ისე არ უნდა გაიგონ, რომ თითქოს დაინფიცირება უკეთესია, რადგან ამგვარად ბუნებრივი იმუნიტეტის მოპოვებაა შესაძლებელი. მსგავსი ქმედება უკიდურესად სარისკოა, რადგან დაინფიცირებას შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს, ან გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ადამიანს ე.წ. „გრძელვადიანი COVID“ განუვითარდეს, რაც დაავადების სიმპტომების კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელებას ნიშნავს.

ბუნებრივ და ვაქცინის მიერ გამომუშავებულ იმუნიტეტზე საუბრისას, გასათვალისწინებელია, რომ სხვა კვლევები ვაქცინის მიერ გამომუშავებულ იმუნიტეტს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ისრაელში ჩატარებული კვლევის საპირისპიროდ, როკფელერის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ვაქცინის შედეგად მოცირკულირე ანტისხეულების უფრო დიდი რაოდენობა წარმოიქმნება, ვიდრე ბუნებრივი ინფიცირების შემთხვევაში. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ ბუნებრივი ინფიცირებისგან წარმოქმნილი მეხსიერების B-უჯრედები შესაძლოა mRNA ვაქცინებით წარმოქმნილ უჯრედებს აღემატებოდეს. როკფელერის მოლეკულური იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ მიშელ ნუზენცვაიგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ინფექციის შედეგად შესაძლოა უფრო მეტი რაოდენობით ანტისხეული გამომუშავდეს ორგანიზმში, ვიდრე ვაქცინით, ასევე თანაბრად შესაძლებელია, რომ ბუნებრივმა ინფიცირებამ ადამიანის გარდაცვალებაც გამოიწვიოს: „მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივმა ინფექციამ შეიძლება გააძლიეროს ანტისხეულები უფრო ფართო პოტენციალით, ვიდრე ვაქცინამ, ბუნებრივმა ინფექციამაც შესაძლოა მოგკლას კიდეც. ვაქცინა კი ამას არ იზამს და ინფექციისგან გამოწვეული სერიოზული დაავადებებისა და გარდაცვალებებისგან გიცავთ“.

National Institute for Health-ის გამოქვეყნებული ანგარიშიც ვაქცინით გამომუშავებულ ანტისხეულებს ანიჭებს უპირატესობას. ანგარიშის თანახმად, ი-რნმ ვაქცინის საპასუხოდ წარმოქმნილი ანტისხეულები, ბუნებრივი ინფექციისგან შეძენილ ანტისხეულებთან შედარებით, COVID-19-ის ვარიანტების უფრო ფართო სპექტრს ამოიღებს მიზანში, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობის სპაიკ პროტეინის ნაწილში „ერთი ასო“ (one letter) ცვლილება ექნებათ.

ამდენად, დღეს დადგენილია, რომ COVID-19-ით ინფიცირებამ ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს. ინფექციის წინააღმდეგ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ეფექტურია, თუ ვაქცინით გამომუშავებული, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აქედან გამომდინარე, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც (CDC) მოსახლეობას ურჩევს, რომ ადამიანებმა კვლავ ჩაიტარონ ვაქცინაცია იმისდა მიუხედავად, მათ COVID-19 უკვე გადაიტანეს, თუ - არა, რადგან ჯერჯერობით უცნობია, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანს ბუნებრივი იმუნიტეტი რამდენ ხანს უნარჩუნდება. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, რომელთაც დაავადება გადაიტანეს, იმუნიტეტი საერთოდ არ გამოუმუშავდეთ.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი