Facebook-მომხმარებელი ზვიად გოგიაშვილი მორიგ დეზინფორმაციული მტკიცებების შემცველ ვიდეოს ავრცელებს. 15 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოს დღემდე 2.3 ათასი გაზიარება და 844 კომენტარი აქვს. აღნიშნული ვიდეო, როგორც დეზინფორმაციულ მტკიცებებს, ისე სხვადასხვა უკვე ფართოდ ცნობილ კონსპირაციულ თეორიებს ( მოსახლეობის მასობრივი შემცირების შესახებ) შეიცავს. ამასთან ერთად კოვიდვაქცინებს დისკრედიტაციას უწევს და მოსახლეობაში ვაქცინირებული ადამიანების მიმართ შიშის ჩანერგვას ცდილობს.
დეზინფორმაცია 1: მთავარია 60% აცრან, მას შემდეგ კი აცრილები თავად იქნებიან „ბიორეაქტორები“ და მერე აცრაც აღარ იქნება საჭირო, რომ ვირუსი ფართოდ გავრცელდეს და ხალხი დაავადდეს
15 ივლისის ვიდეო პირველი არაა, სადაც ზვიად გოგიაშვილი ვაქცინირებული მოსახლეობის დისკრედიტაციის მიზნით ტერმინ „ბიორეაქტორებს“ იყენებს. ვიდეოს ავტორმა, ვიდეოს ჩაწერამდე, იგივე შინაარსის შემცველი პოსტი გააზიარა, სადაც აღნიშნა, რომ ვაქცინირებულები ვირუსის „მწარმოებელი ბიორეაქტორები“ არიან და კომენტარებშიც ხაზი გაუსვა, რომ ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ამასთან ერთად, ზვიად გოგიაშვილმა აღნიშნული დეზინფორმაცია 20 ივნისს ტელეკომპანია „ილიონის“ ეთერშიც გაავრცელა. დასახელებულ ვიდეოში ის ბელგიელი მეცნიერი/ვეტერინარი გერტ ვანდენ ბოშის ღია წერილს დაეყრდნო, სადაც ბოში მიიჩნევს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, კორონავირუსის სხვადასხვა, უფრო სახიფათო ვარიანტის შექმნას გამოიწვევს და მათ წინააღმდეგ ვაქცინები არაეფექტური აღმოჩნდება. აღნიშნულ თეორიას ეყრდნობა ზვიად გოგიაშვილის მტკიცებაც, თითქოს ვაქცინირებული ადამიანები ახალი შტამების გაჩენის საფრთხეს ქმნიან და სწორედ ამიტომ უწოდებს მათ „ბიორეაქტორებს“.
რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შეჩერების საშუალებას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსს თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას მისცემს, რაც თავის მხრივ, ახალი მუტაციებს წარმოშობს და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა დევი შრიდჰარმა განაცხადა: „რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რამაც შეიძლება ჩვენი დღევანდელი ვაქცინები არაეფექტური გახადოს“. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები ჯერ კიდევ ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.
ამასთან ერთად, ბელგიელი ვეტერინარის მტკიცება, რომ COVID-19-ის ვაქცინები კორონავირუსის ახალ ვარიანტებს გამოიწვევს, მცდარია. ვაქცინაციის შემდგომ ვირუსის გადატანის შემცირებასთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით მტკიცებულება არსებობს. აღნიშნული საკითხის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
ვაქცინირებული ადამიანების დისკრედიტაციის მიზნით უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფართოდ ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინირებული ადამიანების ორგანიზმი ჰაერში ისეთ ნივთიერებებს აფრქვევს, რომელიც მათ გარშემო მყოფებს საფრთხეს უქმნის. აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
დეზინფორმაცია 2: არავინ იცის რა შემადგენლობა აქვს ამ ვაქცინებს. ასევე აღმოაჩინეს, რომ 99.99 % ვაქცინის შემადგენლობა არის გრაფენის ოქსიდი
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ავტორიზებული კოვიდვაქცინების შემადგენლობის და მათი მოქმედების მექანიზმის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის გასაჯაროებული.
კოვიდვაქცინების რამდენიმე ტიპი არსებობს. ი-რნმ ვაქცინები (Pfizer/BioNTech და Moderna) შეიცავენ არა ვირუსის ან მისი ცილის ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი სპაიკცილის წარმოქმნას იწყებს, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია -ანტისხეულების გამომუშავება.
ვექტორული ვაქცინები (როგორიცაა ასტრაზენეკა) იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს (ვექტორს), რომელსაც მიაქვს კორონავირუსის სპაიკცილის [1] შესახებ ინსტრუქცია ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად უჯრედი ვირუსის უვნებელი ნაწილის – სპაიკცილის გამომუშავებას, იწყებს, რომელსაც იმუნური სისტემა ამოიცნობს და საპასუხოდ ანტისხეულები წარმოიქმნება.
ი-რნმ და ვექტორული კოვიდვაქცინების დეტალური შემადგენლობა „ფაქტ-მეტრის“ სტატიაშია მიმოხილული.
ინაქტივირებული ვაქცინები (სინოფარმი, სინოვაკი) ტრადიციული მეთოდით შემუშავებული ვაქცინებია. ამ ტიპის ვაქცინები ვირუსის ფრაგმენტს შეიცავს. ვირუსის ინაქტივაცია ქიმიური ნივთიერებით ხდება, რომელსაც მცირე რაოდენობით ალუმინშემცველი ნაერთი - ადიუვანტი ემატება, რომელიც იმუნიტეტის სტიმულირებას იწვევს. აღნიშნული ვაქცინები იმუნურ სისტემას ასწავლის, გამოიმუშაოს ანტისხეულები SARS-CoV-2-ის ვირუსის წინააღმდეგ (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია სინოფარმის ვაქცინის შესახებ).
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაქცინები გრაფენის ოქსიდს შეიცავს, ყალბია. აღნიშნული დეზინფორმაცია ესპანელი პროფესორის ანალიზის შედეგად გავრცელდა. მან აღნიშნული დასკვნა ერთი ფლაკონი ვაქცინის შესწავლის შედეგად მიიღო, რაც, როგორც ის თავად აღნიშნავს, არადამაჯერებელი შედეგის მომტანია. მისი განცხადებით, მან ფაიზერის ვაქცინის ფლაკონი დატესტა. თუმცა მისივე განცხადებით, აღნიშნული ფლაკონი მიტანის სერვისით მიიღო, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ ფლაკონის ზუსტი წარმოშობა უცნობია. აღნიშნული კი მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Reuters ფაიზერს დაუკავშირდა, რომელთაც ვაქცინაში გრაფენის ოქსიდის არსებობა უარყვეს. ამასთან ერთად, დასახელებული ნივთიერება არცერთი ვაქცინის შემადგენლობაში არ ფიგურირებს.
გრაფენი არის ნანომასალა (ნაერთი, რომელიც შედგება მცირე ნაწილაკებისგან), რომელსაც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვს.
გრაფენის ოქსიდის შესახებ მანიპულაციური ან დეზინფორმაციული პოსტები სხვა Facebook-მომხმარებლებმაც გაავრცელეს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „ ფაქტ-მეტრის“ სტატია.
დეზინფორმაცია 3: ყველა ვაქცინის საბოლოო მიზანი არის დროში გაწერილად მოხდეს მოსახლეობის მასობრივი შემცირება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
დეზინფორმაცია ვაქცინაციის შედეგად მოსახლეობის მასობრივი შემცირების შესახებ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების გართულების და სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებენ. ამრიგად, ვაქცინების ერთადერთი მიზანი, სიცოცხლის გადარჩენაა და არა პირიქით (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
დეზინფორმაცია 4: ვაქცინაციის შემდეგ ის შხამი სპაიკცილა ყველა ორგანოში შედის
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
აღნიშნული დეზინფორმაცია კანადაში, გუელპის უნივერსიტეტის ონტარიოს ვეტერინართა კოლეჯის ასოცირებული პროფესორის ბაირამ ბრაიდლის განცხადებას ეყრდნობა. მისი განცხადებით, იმუნოლოგებმა და ვირუსოლოგებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რადგან ვერ განსაზღვრეს, რომ სპაიკცილა ადამიანისთვის მომწამვლელია. ბაირამი საკუთარი მტკიცების დასტურად ასახელებს, რომ აღნიშნული მოსაზრება სხვადასხვა კვლევის საფუძველზე - მეცნიერულად დამტკიცებულია. თუმცა უშუალოდ იმ ერთ-ერთი კვლევის ავტორი, რომელსაც ბრაიდლი დეზინფორმაციის დასამტკიცებლად იყენებს, აღნიშნავს, რომ ბრაიდლი მის კვლევას არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს. ტორონტოს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი დეივიდ ფიშერმანის განცხადებით, კვლევები, რომელსაც ბრაიდლი ასახელებს, არანაირად არ ამტკიცებს, რომ სპაიკპროტეინი ადამიანის ორგანიზმისთვის მომწამვლელია. ბრაიდლი მისი მოსაზრების დასადასტურებლად ორ კვლევას იშველიებს: პირველი კვლევა, „Circulating SARS-CoV-2 Vaccine Antigen Detected in the Plasma of mRNA-1273 Vaccine Recipients“ ვაქცინაციის შემდეგ პლაზმაში პროტეინების რაოდენობას ზომავს და ასკვნის, რომ ვაქცინირებულთა უმრავლესობის ორგანიზმებში პროტეინების ძალიან დაბალი შემცველობა იკვეთება. მეორე კვლევა „biodistribution study“ იაპონიაში ჩატარდა და მიმოიხილავს, თუ როგორ ცირკულირებს სპაიკცილა ადამიანის სისხლძარღვებში. არცერთი ამ კვლევათაგანი, რომელსაც ბრაიდლი საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს, არ ამტკიცებს, რომ სპაიკცილა მომწამვლელია. აღნიშნულს ადასტურებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებიც.
ბაირამ ბრაიდლის აღნიშნული განცხადებისა და სპაიკცილის მომწამვლელობის შესახებ დეზინფორმაცია აქამდე კობა კუპრაშვილმაც გაავრცელა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
საერთო ჯამში, ზვიად გოგიაშვილი 15-წუთიან ვიდეოში ვაქცინების შესახებ 4 მნიშვნელოვან დეზინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნული კი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.
-------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.