სოციალურ ქსელში ვაქცინირებული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი ვიდეო ვრცელდება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სოციალურ სივრცეში აქტიურად ვრცელდება 8 წუთიანი ვიდეო სათაურით „მედდა გაფრთხილებთ, ვაქცინირებულებისგან თავი შორს დაიჭიროთ“. ქართულ სოციალურ სივრცეში, აღნიშნული ვიდეო რუსული თარგმანით Tamazi GIorgevich Odzelashvili-მა Facebook-ზე 4 მაისს შემდეგი წარწერით გაავრცელა: „ხალხო ვაქცინირებულებს ერიდეთ ვირუსის მატარებლები არიან და გადადების რისკი მაღალია მათ სიახლოვეს არ ვხუმრობ“.
აღნიშნული ვიდეოს ორიგინალი ვერსია პირველად საიტ Rumble.com-ზე 2021 წლის 21 აპრილს გამოჩნდა. მას შემდეგ კი ის ფართოდაა გავრცელებული საიტ Bitchute-სა და Truthunmasked-ზე. ორივე საიტი, იმ პლატფორმებს წარმოადგენს, სადაც კონსპირაციული თეორიებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციების ყველაზე დიდი ნაკადი ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, ყველანაირი შეზღუდვის გვერდის ავლით თავსდება.
პიროვნება, რომელიც 8-წუთიან ვიდეოში მრავალ დეზინფორმაციას ავრცელებს, ნიკ სტინსონია. მის ინსტაგრამ გვერდზე, სადაც მისი ერთ-ერთ სახელია „Angry Nurse” (გაბრაზებული მედდა), Instargram Story Highlights-ის სექციაში სტინსონს დოკუმენტები აქვს ატვირთული. „ფაქტ-მეტრმა“ ეს დოკუმენტები გადაამოწმა ირკვევა, რომ მას დღეს მართლაც აქვს აქტიური მედდის სტატუსი, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლ სტინსონის სახელი 2017 NYED-ის წლის (ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტის) მიერ გამოქვეყნებული დისციპლინარული დარღვევების სიაში ფიგურირებს. ფიზიკური მტკიცებულებების განადგურების ბრალდებით ნასამართლევ სტინსონს, 2017 წელს 2 წლის განმავლობაში მედდის სტატუსი შეუჩერდა, ფაქტობრივი შეჩერების შეწყვეტისთანავე, სტინსონს 2- წლიანი გამოსაცდელი ვადა მიეცა, რომელიც მისი პრაქტიკაში დაბრუნებისთანავე დაიწყო. ამასთან ერთად 500 დოლარი ჯარიმა დაეკისრა.
მისი ინსტაგრამ-გვერდი, რომელსაც ის ინფორმაციის გასავრცელებლად აქტიურად იყენებს, ანტივაქსერული მოწოდებებითა და კონსპირაციული თეორიებით ასევე სავსეა.
რაც შეეხება, ინტერნეტში გავრცელებულ მის ცნობილ ვიდეოს, რომლის ორიგინალ ვერსიასაც Rumble.com-ზე 242 ათასზე მეტი ნახვა აქვს, აღნიშნული ვიდეო რამდენიმე ყალბ მტკიცებას მოიცავს.
მტკიცება 1: ი-რნმ ვაქცინირებული ადამიანების ორგანიზმი გამოიმუშავებს სპაიკ ცილას, რომელიც გამონასუნთქით და კანის ფორებით აზიანებს მათ გარშემო მყოფებს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
რეალურად, სპაიკ ცილის შესახებ ზემოთ აღნიშნული მტკიცება აბსურდულია და მოკლებულია ყველანაირ სამედიცინო მტკიცებულებას. ი-რნმ ვაქცინები ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. წვეტოვანი ცილა (Spike protein) ვირუსის უჯრედში შეღწევისთვის მნიშვნელოვანი რეცეფტორს წარმოადგენს. Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ადამიანის ორგანიზმში შეყვანის დროს ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილის ხელოვნურად წარმოებას იწყებს, რასაც ანტისხეულების წარმოქმნა მოჰყვება. როდესაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედები ამ წვეტოვანი ცილების გასანეიტრალებლად ანტისხეულებს ასინთეზებს. ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმშივე სინთეზირებულ წვეტოვან ცილებს ანადგურებს და COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წარმოიქმნება. შესაბამისად, ი-რნმ (Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს) ვაქცინებით ადამიანის ორგანიზმი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოოს, COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილები, რაც იმუნიტეტის წარმოქმნას განაპირობებს. აქედან გამომდინინარე, სპაიკ ცილის მოქმედების რეალური მექანიზმი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანის ორგანიზმმა, რაიმე სახით, სუნთქვით ან კანის ფორებით, ვირუსის სპაიკ ცილა გამოყოს.
მტკიცება 2: ვაქცინირებული ადამიანთან სიახლოვეში ყოფნის გამო შესაძლოა შემდეგი გართულებები გამოგივლინდეთ: გაგიჩნდეთ ჩალურჯებები სხეულზე, დაგეწყოთ მენსტრუალური ციკლი ადრეულ ასაკში, დაგემართოთ ძლიერი თავის ტკივილები, მუცლის მოშლა, ცხოველთან მოფერების შემთხვევაში შესაძლოა დაიღუპოს ცხოველი და ა.შ.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
როგორც ზემოთ აღინიშნა, ვაქცინირებული ადამიანები ირგვლივ მყოფთათვის საშიშ ნივთიერებებს - წვეტოვან ცილებს არ გამოყოფენ. შესაბამისად - სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ვაქცინირებული ადამიანის გვერდით ყოფნით შესაძლოა, რაიმე ზემოთ ხსენებული ან სხვა დაზიანება მიიღო.
მტკიცება 3: შეუძლებელია ვიცოდეთ შეწყვეტს, თუ - არა ადამიანის ორგანიზმი ვაქცინაციის შემდგომ წვეტოვანი ცილის გამომუშავებას. შესაბამისად, შესაძლებელია ორგანიზმმა წვეტოვანი ცილები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიმუშაოს. აქედან გამომდინარე, აცრილი ადამიანები მხოლოდ არსებობითაც საფრთხეს წარმოადგენენ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
როდესაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედები ამ წვეტოვანი ცილების გასანეიტრალებლად ანტისხეულებს ასინთეზებს. ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმშივე სინთეზირებულ წვეტოვან ცილებს საშუალოდ რამდენიმე წუთიდან - რამდენიმე საათში ანადგურებს და COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წარმოიქმნება. აქედან გამომდინარე, ყალბია მტკიცება, თითქოს ადამიანი ორგანიზმი სპაიკ ცილის გამოყოფას არ წყვეტს. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის ორგანიზმი სპაიკ ცილებს სუნთქვისა და კანის ფორების საშუალებით არ გამოყოფს. შესაბამისად, ვაქცინირებული ადამიანი არ არის საშიში ირგვლივ მყოფთათვის.
მტკიცება 4: ადამიანი, რომელიც ატარებს პირბადეს, ზრდის მის გარშემო პიროვნებების დაავადებების საშიშროებას
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
დეზინფორმაცია პირბადეებთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია. СOVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს, პირბადის გამოყენება კი ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის. დღეისათვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნის ზრდასა და პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. CDC საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. აქედან გამომდინარე, პირბადე ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას და ამცირებს როგორც პირბადის მქონე პირის, ისე - მის გარშემო ადამიანების, დაინფიცირების ალბათობას.
საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ ვიდეო, ყალბ ფაქტებსა და აბსურდულ მტკიცებებზე დაყრდნობით, მიზნად მოსახლეობაში ანტივექსერული განწყობების გაღვივებას ისახავს. ამასთან ერთად, მესიჯები, თითქოს აცრილი ადამიანები „მხოლოდ არსებობითაც“ კი საფრთხეს წარმოადგენენ გარშემო მყოფებისთვის, აცრილი ადამიანების დისკრედიტაციას და მარგინალიზებას ახდენს და, შესაძლოა, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასაც კი შეუქმნას საფრთხე.
------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.