„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ სტატიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული COVID-19-ის ვაქცინების შემადგენლობას და მუშაობის პრინციპს მიმოიხილავს. Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები ახალ ი-რნმ (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინა ვირუსული ვექტორის ვაქცინას წარმოადგენს.

როგორ მუშობს Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინები?

ი-რნმ ვაქცინები ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს და ის ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. წვეტოვანი ცილა (Spike protein) ვირუსის უჯრედში შეღწევისთვის მნიშვნელოვანი რეცეფტორს წარმოადგენს. Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ადამიანის ორგანიზმში შეყვანის დროს ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილის ხელოვნურად წარმოებას იწყებს, რასაც ანტისხეულების წარმოქმნა მოჰყვება. როდესაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედები ამ წვეტოვანი ცილების გასანეიტრალებლად ანტისხეულებს ასინთეზებს. ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმშივე სინთეზირებულ წვეტოვან ცილებს ანადგურებს და COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წარმოიქმნება. შესაბამისად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინებით ადამიანის ორგანიზმი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოოს, COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილები, რაც იმუნიტეტის წარმოქმნას განაპირობებს. აღნიშნული ვაქცინები COVID-19-ის დასუსტებულ ან მკვდარ ფრაგმენტებს არ შეიცავს.

ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი მოხვდა, აღნიშნული მზა ანტისხეულები ვირუსის ნაწილაკებს იმაზე სწრაფად და ეფექტურად ამოიცნობს და გაანეიტრალებს მას, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანის ორგანიზმი იმოქმედებდა (ბმული 1, ბმული 2 ).

კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად, რნმ ვაქცინების სარგებელი:

• ეფექტურობა: ადრეული კლინიკური კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები მყარ იმუნიტეტს წარმოქმნის.

უსაფრთხოება: რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები ვირუსის ფრაგმენტებს არ შეიცავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა მის დაინფიცირებას არ იწვევს. ამასთან ერთად, რნმ მიმღები ორგანიზმის უჯრედის დნმ-თან არ ინტეგრირდება (არ ცვლის ადამიანის უჯრედის დნმ-ს). მას შემდეგ, რაც ორგანიზმი რნმ-ის საპასუხოდ ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება.

წარმოება: რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები ლაბორატორიულად უფრო სწრაფად იწარმოება, რაც პანდემიასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შემადგენლობა:

ი-რნმ - (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) ახალი კორონავირუსის რნმ ნიმუში, სადაც ჩადებულია/დაცულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოქმნას ადამიანის ორგანიზმმა COVID-19-ის ვირუსის წვეტოვანი ცილა.

ლიპიდები - ი-რნმ-ის მოლეკულებს გარს ერტყმის და იცავს მათ დაზიანებისგან. ამასთან ერთად, გარკვეულწილად „ცხიმიან“ გარსს წარმოქმნის, რაც უჯრედებში ი-რნმ-ის მარტივად შეღწევას უწყობს ხელს.

მარილები - ადამიანის ორგანიზმში მჟავიანობის დაბალანსებას უწყობს ხელს.

შაქარი/საქაროზა - ვაქცინაში არსებულ მოლეკულებს გაყინვის დროს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.

Moderna-ს ვაქცინის შემადგენლობაში ყველა ის ინგრედიენტი შედის, რაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაში და მას ასევე ძმარმჟავა და მჟავის სტაბილიზატორები: (ტრომეტამინი და ტრომეტამინი ჰიდროქლორიდი) ემატება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თანახმად, ვაქცინის შემადგენლობაზე გავრცელებული ყალბი ამბები ანტივაქცინური მოძრაობის გაძლიერებას ემსახურება. კორონავირუსისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება სწორედ ვაქცინაა, ამიტომ ალერგოლოგ-იმუნოლოგი საქართველოში ვაქცინის შემოსვლისთანავე მოსახლეობას მის გაკეთებას ურჩევს.

Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების ალბათობა

რნმ-ზე დამზადებული ვაქცინის შემთხვევაში ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსის) განვითარების რისკი არსებობს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2021 წლის 18 იანვრის მონაცემების შესაბამისად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 9 943 247 ადმინისტრირებულ დოზაზე ანაფილაქსიის 50 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც Moderna-ს 7 581 429 ადმინისტრირებულ დოზაზე 21-ს შეადგენდა, ამიტომაც 14 დეკემბრიდან 14 იანვრის პერიოდში ანაფილაქსიის შემთხვევათა მაჩვენებელი Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის 1 მილიონ ადმინისტრირებულ დოზაზე - 5 ადამიანი, ხოლო Moderna-სთვის, შესაბამისად - 2.8 გახდა. თუმცა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს არ იძლევა. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბიძინა კულუმბეგოვის თანახმად, საქართველოს ოთხივე მილიონმა ადამიანმა რომ გაიკეთოს აცრა, ალერგიის განვითარების რისკი 20 შემთხვევა იქნება. ამასთან ერთად, კულუმბეგოვი განმარტავს, რომ:

• თუ ადამიანი ოთახის მტვერზე ან საკვებზე (თაფლზე, შოკოლადზე, თხილზე, რძეზე, კვერცხზე) ალერგიულია, ან ბრონქული ასთმა აქვს, მისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება დაშვებულია. თუმცა პაციენტი, ვაქცინაციიდან 30 წუთის განმავლობაში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

• თუ პირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ რთული ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა, მან ვაქცინის მეორე დოზა აღარ უნდა გაიკეთოს. ამ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა უკუნაჩვენებია.

• თუ პირი პოლიეთილენ გლიკოლზე და/ან პოლისორბატზე ალერგიულია, მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს. ამ შემთხვევაში ვაქცინა უკუნაჩვენებია.

კულუმბეგოვის განცხადებით, „ალერგიული რეაქციის რისკი ცოტა გაზრდილია, თუმცა პროტოკოლი უკვე შექმნილია და საქართველოში ადამიანებს სიფრთხილით ავცრით, როგორც ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ცრიან“.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა

AstraZeneca-ს ვაქცინა ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca-მ შეიმუშავა. საკვლევი ჯგუფი ჯენერის ინსტიტუტისა და ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფისგან (Oxford Vaccine Group) შედგება. AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა დიდ ბრიტანეთში მასობრივი გამოყენებისთვის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა. AstraZeneca სხვა დამტკიცებულ ვაქცინებს შორის გაცილებით იაფია და მისი ტრანსპორტირება და შენახვა შედარებით მარტივია, რადგან ის განსაკუთრებულად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს.

AstraZeneca-ს COVID-19-ის ვაქცინა 50-ზე მეტ ქვეყანაში უკვე გამოიყენება. ეს ქვეყნებია: გაერთიანული სამეფო, რიგი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არგენტინა, ინდოეთი, ელ სალვადორი, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა, მაროკო, სხვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გამოყენების ავტორიზაცია Oxford-AstraZeneca-ს ორი სხვადასხვა წარმოების ვაქცინაზეც (კორეა, ინდოეთი) გასცა, რაც სხვადასხვა ქვეყნისთვის COVID-19-ის ვაქცინების ხელმისაწვდომობას გაზრდის. მეცნიერები აცხადებენ, რომ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინას აქვს უნარი, რომ COVID-19 გავრცელება არსებითად შეამციროს.

როგორ მუშაობს AstraZeneca?

Oxford/AstraZeneca-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ვირუსული ვექტორული ვაქცინა. ამ შემთხვევაში სხვა ვირუსის მოდიფიცირება ხდება, კერძოდ, კორონავირუსის ე.წ. სპაიკ ცილის გენის გადატანა სხვა ვირუსთან. ვირუსულ ვექტორად შესუსტებული ადენოვირუსია აღებული, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. მოდიფიცირებული ვირუსი ადამიანის უჯრედებში არ მრავლდება და საფრთხეს არ წარმოადგენს. ვექტორული ტექნოლოგია აპრობირებული მეთოდია.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, იმისთვის რომ ორგანიზმმა „სპაიკ ცილის“ წარმოქმნა დაიწყოს, შესაბამისი ინფორმაცია მას ვექტორული ვირუსის - ადენოვირუსის საშუალებით, გადაეცემა. მარტივად რომ ვთქვათ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოქმნას ადამიანის ორგანიზმმა „სპაიკ“ ცილები, არის წერილი, ხოლო ადენოვირუსი - ამ ინფორმაციის წერილის გადამტანი - კონვერტი. ვაქცინის მუშაობის მთელი მექანიზმი არის შემდეგი - ვაქცინის გაკეთებისას ადამიანის ორგანიზმში ადენოვირუსი შედის, რომელიც კონვერტის ფუნქციას ასრულებს, „სპაიკ ცილის“ წარმოსაქმნელად საჭირო ინფორმაცია შეაქვს და ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ იშლება. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის ადამიანის ორგანიზმში „სპაიკ ცილების“ სინთეზი უკვე დაწყებულია. აღნიშნული პროცესი უჯრედის ძლიერ იმუნურ რეაქციას იწვევს, რაც ანტისხეულების წარმოქმნით გამოიხატება. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგ, თუ ადამიანი კორონავირუსით დაავადდება, მისი იმუნური სისტემა ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას უკვე ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულებით შეძლებს.

წყარო: breakingnews.ie

AstraZeneca-ს ვაქცინის შემადგენლობა

AstraZeneca-ს ვაქცინა ორგანიზმში იმუნური რეაქციის წარმოსაქმნელად უსაფრთხო გენეტიკურ ტექნოლოგიებს იყენებს. AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა (0,5 მლ) შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO) და სხვა ინგრედიენტებს: L-ჰისტიდინი, L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, პოლისორბატი 80, ეთანოლი, საქაროზა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი დიჰიდრატი, საინექციო წყალი. ყველა ინგრედიენტი ვაქცინაში ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი და რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მათ ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, არ არსებობს. ვაქცინა არ შეიცავს ადამიანურ თუ ცხოველურ პროდუქტებსა და ფართოდ გავრცელებულ ისეთ ალერგენებს, როგორებიცაა ლატექსი, რძე, ლაქტოზა, გლუტენი, კვერცხი, სიმინდი, არაქისი. ასევე, AstraZeneca-ს ვაქცინის აქტიური ინგრედიენტის დასამზადებლად გამოყენებულია მოდიფიცირებული ადენოვირუსი, რომელიც შიმპანზეებში ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. ვირუსი იმგვარადაა მოდიფიცირებული, რომ მას ადამიანის დაინფიცირება არ შეუძლია.

AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოების პროცესში ადამიანის ემბრიონის თირკმლის უჯრედების, HEK293 cells, კლონირებული ვერსიები გამოიყენება, რომელიც საბოლოო პროდუქტში აღარ გვხვდება. კონკრეტულად, HEK-293 cells 1970-იან წლებში ნაყოფის უჯრედული ხაზებია და ორსულობა, სამედიცინო მიზნებისთვის, ხელოვნურად არ შეწყვეტილა. ხოლო უჯრედები, რომლებიც ვაქცინის წარმოებისას გამოიყენება (Genetically modified human embryonic kidney (HEK)) არა ორიგინალი უჯრედული ხაზები, არამედ მისგან ხელოვნურად გამრავლებული, კლონირებული ვერსიებია. ერთი უჯრედული ხაზიდან კლონირებული ვერსიების უსასრულოდ მიღება შეიძლება. ვექტორული ვაქცინის შექმნის პროცესში აღნიშნული კლონირებული უჯრედები გამოიყენება, რადგან კონკრეტულ უჯრედებში ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოა. აღსანიშნავია, რომ წარმოების პროცესში პროდუქტი იფილტრება და მის საბოლოო ვერსიაში კლონირებული უჯრედული მასალები აღარ ხვდება.

აღნიშნული უჯრედული ხაზები მედიცინაში და ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით, კიბოს კვლევაში. ის მეცნიერებს დაეხმარა, შეექმნათ წითელა-წითურა-ყბაყურას, ჩუტყვავილას, A ჰეპატიტის ვაქცინები და ისეთი წამლები, როგორიცაა, რევმატიული ართრიტის, ჰემოფილიის და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტები.

რაც შეეხება პოლისორბატ 80-ს, ეს ნივთიერება ჩვეულებრივი საკვები დანამატია, რომელიც ზოგიერთ ვაქცინაში (უმეტესად გრიპის) გამოიყენება როგორც ემულგატორი (სხვადასხვა ნივთირების ერთმანეთთან დამაკავშირებელი). პოლისორბატ 80-ს კოსმეტიკურ საშუალებებში, ვიტამინებსა და საკვებში იყენებენ, მაგალითად ნაყინში. უშუალოდ ვაქცინებში, პოლისორბატ 80-ის კონცენტრაცია ძალიან მცირეა, ის უფრო დიდი რაოდენობით შესაძლოა საკვებ პროდუქტში (ნაყინში) შეგვხვდეს. ვაქცინებში ამ ინგრედიენტის არსებობა არავითარ საფრთხესთან არ არის დაკავშირებული, თუ ადამიანი მასზე, ან მის მონათესავე მოლეკულაზე (პოლიეთილის გლიკოლი) ალერგიული არაა. ამ ფაქტის მიუხედავად, პოლისორბატ 80-ზე და პოლიეთილის გლიკოლზეც ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, რაც ალერგიული რეაქციის ყველაზე მძიმე გამოხატულებაა). აღსანიშნავია, რომ ხშირად ეს ნივთიერება უნაყოფობის გამოწვევასთან დაუკავშირებიათ, თუმცა ეს ინფორმაცია არაერთი სამედიცინო ცენტრის მიერ არის უარყოფილი, მაგალითად, მიჩიგანის Mott Children Hospital-ისა და ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს მიერ. ამრიგად, პოლისორბატ 80 არის არააქტიური ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ვაქცინის სტაბილიზაციას, არ არის ტოქსიკური და არ იწვევს უნაყოფობას.

AstraZeneca-ს ვაქცინის შემთხვევაში გვერდითი რეაქციები კიდევ უფრო მსუბუქია, ვიდრე ი-რნმ ვაქცინაციისას. დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, კოვიდვაქცინები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მილიონობით ადამიანს გაუკეთეს, ძალზედ უსაფრთხოა. ვაქცინაციის შემდეგ, მხოლოდ მსუბუქი, გვერდითი ეფექტები გამოვლინდა.

რედაქტორის შენიშვნა:სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემადგენლობის შესახებ ეწერა: "ვაქცინაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ადენოვირუსის და ადამიანის ემბრიონის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმლის უჯრედების (HEK 293 cells) სახით არის წარმოდგენილი." მოცემული მტკიცება მცდარია და რეალობას არ შეესაბამება. ფაქტ-მეტრს შეცდომის შესახებ ინფორმაცია მკითხველმა მიაწოდა. აღნიშნული უზუსტობა ტექნიკური ხარვეზით აიხსნება - გადასამოწმებელი მტკიცება სტატიაში ფაქტის სახით მოხვდა. სინამდვილეში, სტატიის მიზანი სწორედ ამ მტკიცების გაქარწყლებაა. ფაქტ-მეტრი ბოდიშს უხდის თითოეულ მკითხველს უზუსტობის გამო და სტატიას განახლებული სახითა და თარიღით აქვეყნებს.

ავტორები: ნინაკო ჩოხელი, ლიზი სამნაშვილი

თეგები: