Facebook-გვერდი „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ამჯერად ნივთიერება გრაფენის გამოყენების შესახებ მანიპულირებად და დეზინფორმაციულ მტკიცებებს ავრცელებს. 3 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც დღემდე 81 გაზიარება აქვს, შემდეგი მტკიცებაა მოყვანილი: „გრაფენით მოწამლული პირბადეებით, ტესტის ჩხირებით და ხელის გელით დაგაავადმყოფეს, ცუდად რომ გახდით "კოვიდს" დააბრალეს“.

გრაფენი არის ნანომასალა (ნაერთი, რომელიც შედგება მცირე ნაწილაკებისგან), რომელსაც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვს. სწორედ ამ მიზეზით, ზოგიერთი სამედიცინო ნიღბის გარე ფენა შეიცავს გრაფენს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტის (Homeland Security Department) კვლევის თანახმად, კორონავირუსის გამომწვევი SARS CoV-2 ვირუსს, შეუძლია სახის ნიღბის გარე, ზედაპირზე დღეების განმავლობაში გაძლოს. აქედან გამომდინარე, ნიღაბზე ხელის მოკიდების შემდეგ კი, ხელის თვალებზე, ცხვირზე ან პირზე შეხებამ შესაძლოა ადამიანის კორონავირუსით დაინფიცირება გამოიწვიოს. აღნიშნული რისკებიდან გამომდინარე, პირბადეების რამდენიმე მწარმოებელმა გადაწყვიტა, პირბადის გარე ზედაპირზე გრაფენის საფარის დამატებით - ადამიანის ვირუსით დაინფიცირების რისკები შეემცირებინა. 2021 წლის მარტში, კვებეკის მთავრობამ აღნიშნული ნიღბები სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც Health Canada-მ, კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა სააგენტომ გააფრთხილა, რომ გრაფენის ჩასუნთქვამ შეიძლება ფილტვის დაზიანება გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ჯერ კიდევ არ არის საბოლოო, არსებობს რამდენიმე კვლევა, სადაც გამოთქმულია ვარაუდი იმის შესახებ, რომ პირბადეების გრაფენით დაფარვა, შეიძლება ფილტვებისთვის საზიანო იყოს (წყარო 1 ; წყარო 2).

აღსანიშნავია, რომ ყველა სამედიცინო ნიღაბი არ შეიცავს გრაფენს. ამასთან ერთად, დიზაინის ან ნიღბის ფერით გრაფენის შემცველი ნიღბების ამოცნობა შეუძლებელია. კანადის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი Geoffroy Legault-Thivienge -ის განცხადებით, გრაფენის შემცველობის შესამოწმებლად მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს ნიღბის შეფუთვაზე დატანილი შემდეგი წარწერა: “biomass graphene”, რომელიც იმის მიმანიშნებელია, რომ აღნიშნული ნიღბის გარე ფენა გრაფენითაა დაფარული.

საერთო ჯამში, ინფორმაცია „გრაფენით მოწამლული პირბადეების შესახებ“ მანიპულაციური ხასიათისაა. სახის ნიღბების გარე ფენის გრაფენით დაფარვა ნივთიერების ანტისეპტიკური თვისებით იყო განპირობებული, რომელიც კორინავირუსის ბაქტერიას ნიღაბზე მოხვედრის შემთხვევაში ანადგურებს. ამის მიუხედავად, არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, რომ პირბადეების გრაფენით დაფარვამ შესაძლოა ადამიანის ფილტვების დაზიანება გამოიწვიოს. საბოლოო პასუხი - თუ რამდენად საზიანოა აღნიშნული ადამიანის ორგანიზმისთვის, ჯერ ცნობილი არაა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პირბადეების მხოლოდ გარკვეული ნაწილია გრაფენით დაფარული. გრაფენის შემცველობის შემოწმება კი შესაძლებელია პირბადის შეკვრაზე დატანილ ინსტრუქციაში.

რაც შეეხება პოსტში ნახსენებ ტესტის ჩხირებს, გაურკვეველია პოსტის ავტორი ტესტის ჩხირებსაც გრაფენს უკავშირებს თუ, აღნიშნული ნივთიერებისგან დამოუკიდებლად ტესტის ჩხირებით ადამიანის „დაავადმყოფებაზე“ საუბრობს. იმ შემთხვევაში, თუ პოსტის ავტორი ტესტის ჩხირებზე გრაფენის არსებობაზე საუბრობს, მაშინ აღნიშნული მტკიცება დეზინფორმაციულია. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი უნივერსიტეტის მეცნიერები იკვლევენ და საუბრობენ იმაზე, რომ PCR ტესტირების უკეთესი ალტერნატივა გრაფენზე დამზადებული ტესტები შესაძლოა აღმოჩნდეს, ამ ეტაპზე ქიმიო-ფონონური გრაფენის შემცველი ტესტი კორონავირუსის იდენტიფიცირებისთვის არ გამოიყენება.

ამასთან ერთად, თუ პოსტის ავტორი გრაფენს და ჩხირებს ერთმანეთთან არ აკავშირებს და უბრალოდ „ტესტებით ადამიანების დაავადმყოფებაზე“ საუბრობს, აღნიშნულიც დეზინფორმაციულ მტკიცებას და კონსპირაციული თეორიების რიგს განეკუთნება. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში, SARS-COV-2-ის ანტიგენის განსაზღვრა ხდება. ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტით სისხლში SARS-COV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხორციელდება. რაც შეეხება PCR მეთოდს, დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, სწორედ PCR მეთოდი მიიჩნევა . PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. ჩხირები, რომელიც გამოიყენება სასუნთქი გზებიდან მასალის ასაღებად სრულიად უსაფრთხოა. დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულით ადამიანის დაზიანება ხდება, მრავალჯერ გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (წყარო 1; წყარო 2; წყარო 3)

რაც შეეხება მტკიცებას ადამიანის ხელის გელით დაავადების შესახებ, ესეც აბსურდია. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ანტიბაქტერიულ ხელის გელს ადამიანისთვის რაიმე სახის ზიანის მოტანა შეუძლია.

საერთო ჯამში, პოსტი ფრაზით „ცუდად რომ გახდით "კოვიდს" დააბრალეს“, ავრცელებს ისედაც უკვე არსებულ და სახიფათო კონსპირაციულ თეორიას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი არ არსებობს. 9 აგვისტოს მონაცემებით, ვირუსს 4 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან ერთად, მსოფლიო მასშტაბით 203 მილიონზე მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი