დეზინფორმაცია: ფინეთში კოვიდვაქცინებით გენოციდს აწყობენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 23 ივნისს, შორე შანიძემ ფინელი პარლამენტარის სიტყვით გამოსვლის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში, პარლამენტარი ენო ტურტიენა 2021 წლის 9 ივნისს პარლამენტში წარმოთქმული სიტყვის დროს კოვიდვაქცინაციის საკითხს შეეხო. მისი თქმით, ფინეთის მთავრობა ფინელების კოვიდვაქცინაციით არღვევს ნიურნბერგის კოდექს, რადგან ადამიანები გენეტიკურ ექსპერიმენტში მონაწილეობის თაობაზე არ გაუფრთხილებიათ. ამასთან, ტურტიენა კოვიდვაქცინას Pandermix-ის ვაქცინას ადარებს და ამბობს, რომ Pandermix-თან შედარებით კოვივაქცინებს 32-ჯერ მეტი გვერდითი მოვლენა ახასიათებთ, თუმცა Pandermix-ისგან განსხვავებით კოვიდექსპერიმენტი არ შეუჩერებიათ. მისი განცხადებით, ვაქცინები უსაფრთხო არ არის და მათ მარკეტინგული ლიცენზიაც არ გააჩნიათ. სინამდვილეში, პარლამენტარის მტკიცებები მანიპულაციური და ყალბია.

ფინეთი და კოვიდვაქცინაცია

2021 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, ფინეთში კორონავირუსით ინფიცირების 95168 შემთხვევა არის დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვალების 969. ფინეთში კოვიდვაქცინაცია 2020 წლის 27 დეკემბერს Pfizer-BioNTech ვაქცინით დაიწყო. აქვე აღსანიშნავია, რომ ფინეთში მხოლოდ ის ვაქცინები გამოიყენება, რომლებიც ხარისხის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის კი მარკეტინგული ავტორიზაციის ნებართვას ევროკომისია გასცემს, რომელიც თავის მხრივ, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) სამეცნიერო შეფასებებს ეყრდნობა. ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში, ფინეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, 4 კოვიდვაქცინა გამოიყენება - Pfizer-BioNTech, Moderna, Vaxzevria (Astrazeneca), Johnson&Johnson. ფინეთში ამ დრომდე ვაქცინის 4,200,712 დოზა ადმინისტრირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სრულად ვაქცინაციისთვის ერთ ადამიანს ვაქცინის 2 დოზა სჭირდება, გამოდის, რომ ფინეთში დაახლოებით მოსახლეობის 38% არის ვაქცინირებული.

მტკიცება: კოვიდვაქცინაცია ნიურნბერგის კოდექსს არღვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პარლამენტარი ტურტიენას მტკიცებით, Covid-19-ით ვაქცინაციის პროცესით ნიურნბერგის კოდექსი ირღვევა, რადგან არ მოუხდენიათ ადამიანების სრული ინფორმირება, რომ მათზე გენეტიკურ ექსპერიმენტებს ატარებენ. მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

ნიურბერგის კოდექსი 10 პუნქტისგან შედგება, რომელიც სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარებისას მასში მონაწილე პირებისადმი მოპყრობის წესებს განსაზღვრავს. ნიურბერგის კოდექსი 1947 წელს დაიწერა, იმ ექიმთა სასამართლო პროცესის დროს, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე 7000-ზე მეტი სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ექსპერიმენტების გზით, ნაცისტი ჯარისკაცების ბრძოლის ველზე გადარჩენის უნარის გაუმჯობესებას, სამედიცინო პროცედურებისა და მედიკამენტების დატესტვას, ცდილობდნენ. ამასთანავე, ექსპერიმენტები ნაცისტური იდეოლოგიური ხედვების - მათ შორის, რასობრივი უპირატესობის მხარდასაჭერად ტარდებოდა. აღნიშნული ექსპერიმენტები მასში მონაწილე პირების თანხმობის გარეშე განხორციელდა.

რაც შეეხება უშუალოდ კოვიდვაქცინებს, ნიურნბერგის კოდექსსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შორის რეალურად კავშირი არ არსებობს. ბრიტანული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის, Full Fact-ის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების კვლევის ეტაპზე იქნებოდა რელევანტური და არა მაშინ, როცა ვაქცინა უკვე ფართო საზოგადოებას მიეწოდება. თუმცა ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა უშუალოდ კვლევების ეტაპზე ვსაუბრობთ, ნიურნბერგის პროცესსა და კორონავირუსის ვაქცინის კვლევებს შორის კავშირის ძებნა არარელევანტურია. პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორი, ჯონათან მორენოს განცხადებით, ნიურბერგის კოდექსი ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხება და არა ვაქცინაციას. ჯორჯ ანნასის, ბოსტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის სამართლის, ეთიკისა და ადამიანთა უფლებების ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შემუშავება მიზნად ისახავდა, რომ ის რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს, აღარასდროს განმეორდეს. ანნასის განცხადებით, ვაქცინის დისკრედიტაციის მიზნით, აღნიშნული კოდექსის არასწორი ინტერპრეტირება არ შეიძლება. ნიურნბერგის კოდექსი დატესტილ და ავტორიზებულ ვაქცინებს საერთოდ არ ეხება.

მტკიცება: „რომ შევადაროთ წინა წლებში ჩავარდნილ ვაქცინების ექსპერიმენტებს „Pandemrix“-ს, ეგ ექსპერიმენტები შეჩერებულ იქნა 32-ჯერ ნაკლები ნეგატიური ეფექტების გამო, ვიდრე დღეს გვაქვს ამ ახალი კოვიდვაქცინების შედეგად“

ვერდიქტი: მანიპულირება

რეალურად, Pandemrix-ის ვაქცინა გრიპის ვაქცინაა, რომელიც ისეთი გრიპის ეპიდემიების დროს გამოიყენება, როგორიც იყო 2009 წლის ე.წ. „ღორის გრიპის“ პანდემია. ვაქცინა GlaxoSmithKline (GSK)-ის მიერ შეიქმნა და 2006 წელს დაპატენტდა. Pandemrix-ის ვაქცინა H1N1 („ღორის გრიპის“) წინააღმდეგ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში გამოიყენებოდა. ფინეთისა და შვედეთის ჯანდაცვის უწყებების მიერ ვაქცინაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ნარკოლეპსიის რისკის ალბათობა იზრდებოდა, ამასთანავე სხვა H1N1 ვაქცინებთან შედარებით უფრო მეტი გვერდითი ეფექტი ვლინდებოდა. ნარკოლეპსია ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე გადაჭარბებული ძილიანობა (excessive daytime sleepiness (EDS)). კონკრეტულად, 2012 წელს ფინეთში ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოჩნდა, რომ 4-19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციიდან 8 თვის განმავლობაში, ნარკოლეპსიის განვითარების რისკი 12,7-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე იმავე ასაკობრივ არავაქცინირებულ ჯგუფებში. აუტოიმუნური მექანიზმის, ანუ ნარკოლეფსიის განვითარება ვაქცინის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტთან, ადიუვანტთან[1] -AS03 დააკავშირეს. Pandemrix-ის ვაქცინა სპეციალურად 2009 წლის ღორის გრიპის პანდემიისთვის აწარმოეს, ის არც მანამდე გამოუყენებიათ და არც 2009-2010 წლის პანდემიის შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ ვაქცინით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს, ძირითადად გამოვლინდა კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე და დაღლილობა. იშვიათ შემთხვევებში- ხელების ან ფეხების კრუნჩხვა ან დაბუჟება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, დიარეა, გულის რევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ანაფილაქსია; ძალიან იშვიათად კი - ვასკულიტი და ნევროლოგიური აშლილობები.

რაც შეეხევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, COVID-19-ის ვაქცინების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, მათ შორის - ანაფილაქსია. ძალზედ იშვიათ შემთხვევაში, ასტრაზენეკას და ჯონსონი და ჯონსონის ვაქცინებსა და თრომბთან კავშირიც გამოიკვეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ Pandemrix-ის ვაქცინისგან განსხვავებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და აუტოიმუნურ დაავადებებს შორის არავითარი კავშირი არ დადგენილა.

მტკიცება: COVID-ვაქცინები ექსპერიმენტულია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კოვიდვაქცინები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ, არის დამტკიცებული და ავტორიზებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ მან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა.

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი. ვაქცინის შექმნის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

ვაქცინაციის დაწყების დღიდან, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, რეგულარული შეფასებები და დამტკიცების შემდგომი კლინიკური კვლევები ტარდება, რომლის მიზანი ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის პარამეტრების მონიტორინგია.

აქვე აღსანიშნავია, რომ პარლამენტარის მტიცება, რომ კოვიდვაქცინებს მარკეტინგული ლიცენზიაც არ გააჩნიათ, შეუსაბამოა, რადგან როგორც უკვე ზემოთ ითქვა, ფინეთში გამოყენებულ ვაქცინებს ევროკავშირის შესაბამისი რეგულატორის მხრიდან მარკეტინგული ავტორიზაცია აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] ადიუვანტი – ნივთიერებაა, რომელიც ზრდის ანტიგენის იმუნოგენობას, აძლიერებს ან ახანგრძლივებს სამკურნალო საშუალებების მოქმედებას; ზოგიერთი ადიუვანტი გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად (ალუმინის ოქსიდის ჰიდრატი და ადრენომიმეტური საშუალებები და სხვა)