სოციალურ ქსელში 30 აპრილს, ტელეკომპანიაPK TV2-ის მიერ გამოქვეყნებული გადაცემის ჩანაწერი აქტიურად ვრცელდება, სადაც საუბრის მთავარი თემა კორონავირუსი და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. გადაცემა სატელევიზიო ეთერში გასვლის გარდა, YouTube-ზე ორ ბლოკადაა ატვირთული და შემდეგი სათაური ერთვის თან: „1-ლი ბლოკი: ექსპერიმენტული ვაქცინები - ადამიანებზე ზრუნვის თუ მათი განადგურების იარაღი?! PKTV“ და მე-2 ბლოკი: მკვლელი ნიღბები, სუნთქვის აკრძალვა და Covid-ტერორი! PKTV 'ესკულაპი'. გადაცემაში, რომელსაც თინათინ გოცაძე და ზურაბ ქუმსიაშვილი უძღვებიან, კორონავირუსის და მის საწინააღმდეგო ვაქცინასა და პირბადეების შესახებ, მრავალი სახის დეზინფორმაცია გავრცელდა.

ამასთან ერთად, საერთო ჯამში, გადაცემაში გავრცელებული გამართული მსჯელობა და დეზინფორმაციული მტკიცებები ანტივაქსერულ ხასიათს ატარებს. ანტივაქსერულ მოწოდებებთან ერთად, გადაცემის ორივე წამყვანმა რამდენიმე ყალბი და მანიპულაციური მტკიცება გაავრცელა.

მტკიცება 1: არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც მსოფლიოში პანდემიის მდგომარეობა გამოცხადდა. ეპიდემიის გამოცხადების დროს 5% უნდა იყოს დაავადებული, ხოლო პანდემიის დროს 40-50%. შესაბამისად, ეს არც ეპიდემიაა და არც პანდემია. ეს არის „ცრუ პანდემია“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მათივე განმარტებით, პანდემია ცხადდება მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით ახალი დაავადება სწრაფად ვრცელდება და მის საწინააღმდეგოდ ადამიანთა დიდ ნაწილს იმუნიტეტი არ გააჩნია. პანდემიის გამოსაცხადებლად რაიმე %-იანი ზღვარი ან ინფიცირებულთა კონკრეტული რიცხვი განსაზღვრული არ არის. 11 მარტისთვის კი COVID-19-ის პანდემიად მიჩნევისთვის ორივე ნიშანი ახასიათებდა: მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ინფიცირების შემთხვევები დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა) დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხზე დეზინფორმაცია აქამდეც ხშირად ვრცელდებოდა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება 2: ისრაელის მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრა Pfizer-ის ვაქცინით. Pfizer იწვევს პერიკარდიტებს. 2018 და 2019 წლებში არ დაფიქსირებულა პერიკარდიტის იმდენი შემთხვევა, რაც 2020 და 2021 წლის დასაწყისში დაფიქსირდა

მტკიცება: ყალბი ამბავი

გადაცემაში მოყვანილი სტატისტიკა სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია ის, რომ EMA და Pfizer ამ ეტაპზე პერიკარდიტისა (პერიკარდიუმის, გულის გარეთა გარსის, მწვავე ან ქრონიკული ანთება) და მიოკარდიტის (მიოკარდიუმის, გულის კუნთოვანი, ფუნქციურად ყველაზე მნიშვნელოვანი შრის ანთება) შემთხვევებს აკვირდება და მათსა და ვაქცინას შორის კავშირს ეძებს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თინათინ გოცაძე ისრაელზე საუბრობს, სადაც გამოძიება მიოკარდიტის შემთხვევებზეა, სავარაუდოა, რომ ისრაელის მაგალითზე საუბრისას, მას ტექნიკური შეცდომა მოუვიდა და ის არა პერიკარდიტის, არამდეს მიოკარდიტის შემთხვევებს გულისხმობს.

ისრაელმა, 5 მიოლიონ ვაქცინირებულს შორის რამდენიმე ათეული მიოკარდიტის შემთხვევის შემდეგ, აღნიშნულის ვაქცინასთან კავშირის კვლევა დაიწყო. ისრაელის პანდემიასთან გამკლავების კოორდინატორის, ნაჩმან აშის განცხადებით, რთული იქნება კავშირის დადგენა მიოკარდიტის მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. მისი თქმით, მიოკარდიტის შემთხვევები ხშირად გართულებების გარეშე მიმდინარეობს და ისინი შესაძლოა სხვადასხვა ვირუსით იყოს გამოწვეული. ამასთან ერთად, მისი თქმით, წინა წლებში მიოკარდიტის იგივე რაოდენობის შემთხვევები დაფიქსირდა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, თინათინ გოცაძის განცხადება რომ 2018 და 2019 წლებში არ დაფიქსირებულა იმდენი შემთხვევა, რაც 2020 და 2021 წლებში, ყალბია.

რაც შეეხება უშუალოდ ფაიზერის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც პერიკარდიტისა და მიოკარდიტის შემთხვევებს უკავშირდება, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცება, რომელიც აღნიშნულ გართულებასა და ვაქცინას შორის კავშირს დაადასტურებს. ამ ეტაპზე, EMA აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებისგან (Pfizer-სა და Moderna-ს) ანგარიშს ელოდება, რომელიც ადამიანების სქესისა და წლოვანების მიხედვით იქნება სორტირებული.

მტკიცება 3 : მოსალოდნელია, რომ რნმ ვაქცინები იმოქმედებს სხვადასხვა უჯრედზე, მაგალითად, პანკრეასის უჯრედებზე, რომელიც პასუხისმგებელია დიაბეტზე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ COVID-19-ის ვაქცინა სხვადასხვა დაავადებას იწვევს, მათ შორის დიაბეტს. გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, მათ შორის ანაფილაქსია. ძალზედ იშვიათ შემთხვევაში ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბთან კავშირიც (მილიონიდან 4 შემთხვევა) გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა აცრიდან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ფასდება, რადგან შემდეგ ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა.

მტკიცება 4: არც ერთი სამეცნიერო გამოცემა დაინტერესებულ პირებს არ აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ მოქმედებს ვაქცინა

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია ვაქცინის შემადგენლობის, მოქმედების პრინციპისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალის ჩათვლით ღიაა და მისი მოძიება შესაძლოა სხვადასხვა ენაზე ყველა ოფიციალურ სამედიცინო და მაღალი რეპუტაციის მქონე ინტერნეტ გამოცემებში. მაგალითად, ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ შემდეგი წყაროებიდან : WHO; EMA; CDC;

დეტალური ინფორმაციის მიღება ქართულ ენაზე, ვაქცინების მოქმედების მექანიზმისა და შემადგენლობის შესახებ შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება 5: სინოფარმი ფაიზერის ვაქცინას ედავებოდა, რომ მისი პრეპარატი გარკვეული დანამატების გამო საფრთხის შემცველია. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინოფარმი თავად ფაიზერისგან იღებდა ამ დანამატებს და თავისი ვაქცინისთვის იყენებდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ინფორმაცია მსგავსი დავის შესახებ არც ერთ ოფიციალურ წყაროში ან ონლაინ საგაზეთო გამოცემაში არ იძებნება.

ინფორმაცია სინოფარმისა და ფაიზერის ვაქცინების , მათ შორის - შემადგენლობის შესახებ, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიბეში: წყარო 1; წყარო 2;

მტკიცება 6: სინოფარმი დაუშვეს მხოლოდ შემდეგმა ქვეყნებმა: პაკისტანი, პერუ, მაროკო, სერბეთი და იორდანია. ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთმა შეიტანა 500 000 დოზა, თუმცა არ ვიცით გამოიყენესც, თუ - არა სინოფარმის ვაქცინა. ამასთან ერთად, უნგრეთს გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა სინოფარმით ვაქცინაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა პრაქტიკულად შეუსაბამოა.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვიდეოს გამოქვეყნების მომენტში, 30 აპრილს, სინოფარმის ვაქცინა უკვე აქტიურად გამოიყენებოდა მსოფლიოს 22 ქვეყანაში. დღეის მონაცემებით, ბეიჯინგის წარმოების სინოფარმის ვაქცინა, გამოიყენება 42 ქვეყანაში, მათ შორის საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, უნგრეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში და ა.შ.

რაც შეეხება უნგრეთის მაგალითს, უნგრეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც სინოფარმის ვაქცინის გამოყენება დაიწყო და დღეის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, მეორე ადგილს იკავებს ვაქცინირებულთა რაოდენობით.

უნგრეთის მთავრობამ სინოფარმის ვაქცინის 5 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც 2.5 მილიონი მოსახლისთვისაა საკმარისი. 29 იანვარს უნგრეთის რეგულატორის მიერ ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, ქვეყანაში ვაქცინის მილიონობით დოზა თებერვლის შუა რიცხვებში შევიდა და ვაქცინაციაც რამდენიმე დღეში დაიწყო. სინოფარმით ვაქცინაცია უნგრეთში არც ერთ ეტაპზე არ შეჩერებულა. აქედან გამომდინარე, მტკიცება, თითქოს სინოფარმის ვაქცინა 30 აპრილის მონაცემებით მხოლოდ ათამდე ქვეყანაში გამოიყენებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე ყალბია მტკიცება, თითქოს უნგრეთმა მხოლოდ 500 000 დოზა შეიძინა და სინოფარმით ვაქცინაცია შეაჩერა.

მტკიცება 7: აცრის შემდეგაც ადამიანი დაინფიცირებისგან დაცული არაა. ხალხს კვლავ მასიურად ემართება Covid-19 და შესაბამისად, ვაქცინაციას აზრი არ აქვს

COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამის მიზანი, პირველ რიგში, ვირუსის დამორჩილება და მისი შესუსტებაა, რათა ვირუსმა ვეღარ შეძლოს სერიოზული დაავადების გამოწვევა, ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია საჭირო აღარ გახდეს და ვირუსით გამოწვეული სიკვდილი თავიდან იქნას აცილებული”,- განაცხადა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარმა ამეშ ადალიამ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვაქცინაციის შემდეგ მცირე შანსი რჩება იმისა, რომ ვაქცინირებულს ვირუსი მაინც შეხვდეს. ასეთ შემთხვევაში, დაავადება გაცილებით მსუბუქ ფორმებში, გაციების მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს. ვაქცინირებული პირი ვირუსს ადვილად უმკლავდება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. ამას კი COVID-19-ის ყველა ვაქცინა, მიუხედავად მათი ეფექტურობის მაჩვენებლისა, 100%-ით ართმევს თავს. არცერთი ვაქცინის კლინიკური ცდების დროს ცდის პირთა არათუ გარდაცვალების, არამედ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც კი, არ დაფიქსირებულა.

აღნიშნული საკითხის შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება 8: ვაშინგტონში Pfizer-ის ორი დოზის აცრის შემდეგ, კორონავირუსით დაინფიცირების 102 შემთხვევა დაფიქსირდა. ორი ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი უმძიმეს მდგომარეობაშია. ჯერ არ დადასტურებულა 2 ადამიანის გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია, თუ კორონავირუსმა

ვერდიქტი: მანიპულირება

სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდგომ 102 დაინფიცირების შემთხვევას იძიებს. 102 ადამიანიდან უმეტესობამ ვირუსი მსუბუქად ან უსიმპტომოდ გადაიტანა. ორი, 80 წელს გადაცილებული ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე მოხუცი, გარდაიცვალა. ამასთან ერთად, მოხდა 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია. ამ ეტაპზე, მეცნიერები გარდაცვალების შემთხვევებს იძიებენ და იკვლევენ, თუ რა როლი შეიტანა ახალი შტამების გავრცელებამ ადამიანების გარდაცვალებაში. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი კითხვა ან კავშირი აღნიშნულ გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის. კვლევა კი იმაზე ფოკუსირდება, თუ რომელი ახალი შტამი იყო ადამიანების დაინფიცირებისა და შემდგომ გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულ შემთხვევაზე დაყრდნობით, იმის თქმა, თითქოს მეცნიერებმა არ იციან სიკვდილი ვაქცინამ გამოიწვია თუ ვირუსმა, ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს და ვაქცინის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვაქცინის მიერ სიკვდილის გამოწვევის საკითხი არც კი განიხილება.

მტკიცება 9: Pfizer-მა მესამე დონის კვლევის შედეგები წარადგინა, თუმცა ის აგრძელებს კვლევას, რომელიც საბოლოო ლიცენზიის მისაღებად ესაჭიროება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

როგორც, Pfizer-ის ვაქცინას, ისე სხვა COVID-19-ის ვაქცინებს (ამ დროისთვის COVID-19-ის ვაქცინებზე საუბრისას, ვგულისხმობთ ვაქცინებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო მარეგულირებლების ავტორიზაცია - BioNTech/Pfizer, Moderna, Oxford/AstraZeneca) აცრისთვის გამოყენების ლიცენზია უკვე აქვთ. მართალია, ისინი შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში ვაქცინას, კვლევების საფუძველზე (რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება), შესაბამისი სააგენტო ამტკიცებს. ავტორიზებული ვაქცინების მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დამტკიცების შემდეგაც გრძელდება. ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ მან კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა და მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დამტკიცებულია. დამატებითი ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება 10: ნიღაბი უარყოფით იონებსა და ფიტოციდებს აჩერებს და ანეიტრალებს და ამის შედეგად ადამიანი ნაკლებად ჯანსაღ ჰაერს სუნთქავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება. ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველებისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს.

COVID-19-ის პრევენციისთვის ნაჭრის ან სამედიცინო ნიღბის ტარებაა რეკომენდებული. ამ ტიპის პირბადეების ხმარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ადამიანები, რომლებიც ნაჭრის ან სამედიცინო პირბადეს ატარებენ, ჯანმრთელობისთვის მავნე ოდენობის ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის საშიშროების ქვეშ არ არიან.

უახლესი სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა იყოს არაკომფორტული, მაგრამ არ ზღუდავს ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი. პირბადის ტარებისას დისკომფორტი გამოწვეულია სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით.

ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება. ამ შემთხვევაშიც კი, რესპირატორული დაავადების მქონე ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ რესპირატორების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შეიძლება შეექმნას.

მტკიცება 11: ჩხირებში და პირბადეებში არის მეტალის ნაწილაკები

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დეზინფორმაცია პირბადეებსა და ჩხირებზე მეტალის ნაწილაკების არსებობის შესახებ აქამდეც გავრცელებულა. დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გერმანიის პრესტიჟული არასამთავრობო საგამოძიებო ჟურნალი Correctiv-ის დაკვეთით ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ვიდეოში ნაჩვენები ნაწილაკები არ არიან ცოცხალი არსებები, რობოტები ან მეტალის ძაფები, არამედ ისინი მხოლოდ მუქი ფერის ქსოვილის ბოჭკოებია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არანაირ რისკს არ წარმოადგენს. ისინი არ მოძრაობენ თავისთავად, არამედ მათ მოძრაობაზე გავლენას ელექტროსტატიკური მუხტი ან ჰაერის ნაკადები ახდენს.

„ფაქტ-მეტრს“ მსგავსი დეზინფორმაცია აქამდეც გადაუმოწმებია. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.