გადაცემა „სალტეს“ ეთერში კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

ონლაინ მედია „სალტეს“ ეთერში COVID-19-ისა და ვაქცინების შესახებ არაერთი მანიპულაციური და ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. 2021 წლის 31 მაისის გადაცემის სტუმარი, ჰომეოპათი თინათინ თოფურია, აქამდე არაერთხელ გაჟღერებულ დეზინფორმაციას იმეორებს, რომელთაც წამყვანი, სოსო მანჯავიძეც, იზიარებს. გადაცემას Facebook-ზე, 3 ივნისის მონაცემებით, 12 ათასი ნახვა, 889 რეაქცია და 351 კომენტარი აქვს.

სტატიაში წარმოდგენილია ძირითადი მტკიცებები, რომლებიც ეთერში, როგორც თინათინ თოფურიამ, ისე სოსო მანჯავიძემ, გაავრცელეს.

მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინები რამდენიმე წელში ავტოიმუნურ დაავადებას გამოიწვევს, რასაც ნობელის პრემიის ლაურეატი, ლუკ მონტანიე, ადასტურებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ლუკ მონტანიეს ვიდეოს ირგვლივ სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ერთი ვერსიის თანახმად, რასაც სოსო მანჯავიძეც ავრცელებს, მონტენიემ განაცხადა, რომ Covid-19-ით ვაქცინირებული ადამიანები ორ წელიწადში დაიღუპებიან. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - მონტანიეს გავრცელებულ ვიდეოში მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, რაც გადაცემაში თოფურიამაც აღნიშნა.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ COVID-19-ის ვაქცინები რამდენიმე წელში ავტოიმუნურ დაავადებას გამოიწვევს, მონტანიემ ამ საკითხზე ვიდეოში ნამდვილად ისაუბრა. თუმცა აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა, რასაც მეცნიერული მტკიცებულებები არ გააჩნია. მეცნიერები ვაქცინებზე მუშაობისას გაძლიერებული იმუნური სისტემის პათოლოგიაზე (ADE) ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ. ამჟამად არსებული მონაცემებით, კორონავირუსის კლინიკური კვლევებისა და მისი გამოყენებაში ჩაშვების შემდეგ, ვაქცინების მიერ ამ პათოლოგიის გამოწვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მტკიცება: ორგანიზმში მოხვედრილი ვაქცინა ვირუსის გამრავლებას და COVID-19-ის მუტაციური ვარიანტების წარმოქმნას იწყებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სამი ვაქცინა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და „სინოფარმი“, რომლითაც საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს, ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნოლოგიითაა დამზადებული. „ფაიზერი“ წარმოადგენს ი-რნმ (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ვაქცინას, „ასტრაზენეკა“ - ვირუსული ვექტორის ვაქცინას, ხოლო „სინოფარმი“ - ინაქტივირებული ვირუსით დამზადებულ ვაქცინას. არცერთი ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ ადამიანი ინფექციის მატარებელი არ ხდება და არც ვირუსს გამოყოფს. „ფაიზერი“ COVID-19-ის დასუსტებულ ან მკვდარ ფრაგმენტებს საერთოდ არ შეიცავს. „ასტრაზენეკაში“ ვირუსულ ვექტორად შესუსტებული ადენოვირუსია აღებული, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. მოდიფიცირებული ვირუსი კი ადამიანის უჯრედებში არ მრავლდება და საფრთხეს არ წარმოადგენს. „სინოფარმი“ ინაქტივირებულ ვირუსს შეიცავს, რომელსაც გამრავლების უნარი არ აქვს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ვაქცინის გზით ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაცოცხლებას და გამრავლებას იწვევს, ყალბია. დეტალურ ინფომრაციას, შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

რაც შეეხება მუტაციებს, SARS-CoV-2-ის მსგავსი ვირუსები მუტაციას განიცდიან. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, SARS-CoV-2-ის რამდენიმე ვარიანტი განვითარდა, რომელთა შორის ზოგიერთი უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა ვაქცინაციის შეწყვეტა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნას არ შეაჩერებს. აღსანიშნავია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების უმრავლესობა ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს. უფრო მეტიც, ვირუსისთვის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობის მიცემა, მუტაციების გამოწვევასა და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

მტკიცება: COVID-19 ვაქცინები მუტაგენობაზე, კანცეროგენობასა და ფერტილობაზე გამოცდილი არ არის, ამიტომ საშიშია.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ინფორმაცია, რომ ახალი ვაქცინები მუტაგენობასა და კარცეროგენობაზე გამოცდილი არაა, დეზინფორმაციულ მტკიცებებს წარმოადგენს. არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ COVID-19-ის ვაქცინა სხვადასხვა, მათ შორის ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებულ დაავადებას იწვევს. გლობალურად ი-რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, მათ შორის ანაფილაქსია. ძალზედ იშვიათ შემთხვევაში, ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბთან კავშირიც (მილიონიდან 4 შემთხვევა) გამოიკვეთა.

რაც შეეხება უნაყოფობის თემას, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

ჩინეთში, გერმანიასა და ისრაელში ჩატარებული სამედიცინო კვლევების თანახმად, კორონავირუსის ინფექციას მოკლევადიან პერსპექტივაში, სპერმის ხარისხისა და ნაყოფიერების უნარის შემცირება ან მამაკაცის ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის გამოწვევა შეუძლია. ამდენად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირიქით, მამაკაცებში ამ შესაძლო გართულების ( კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში) თავიდან აცილება შეუძლია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 14 მაისს CDC-მ განაახლა რეკომენდაციები ორსულობისას ან ლაქტაციისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შესახებ. CDC-ის ახალი რეკომენდაციების თანახმად, ორსული ადამიანები უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19– ით. „თუ ორსულად ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ COVID-19 ვაქცინა. ორსულობის დროს COVID-19 ვაქცინის მიღებამ შესაძლოა, დაგიცვათ COVID-19-ისგან გამოწვეული მძიმე დაავადებიბისგან“. CDC-ის განახლებული რეკომენდაციები ასევე ფერტილობასაც ეხება. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ რაიმე ვაქცინა, მათ შორის COVID-19 ვაქცინები, ნაყოფიერების პრობლემებს იწვევს. თუ თქვენ დაორსულებას ცდილობთ, არ გჭირდებათ ორსულობის თავიდან აცილება COVID-19 ვაქცინის მიღების შემდეგ.

ყველა ვაქცინის მსგავსად, მეცნიერები ამ შემთხვევაშიც, COVID-19 ვაქცინების გვერდით ეფექტებს კვლავ იკვლევენ და რამე მნიშვნელოვანის აღმოჩენისთანავე, შედეგებს საზოგადოებას აცნობებენ.

მტკიცება: არსებული ვაქცინები კანდიდატი, ექსპერიმენტული ვაქცინებია. ექსპერიმენტი 2023 წელს დამთავრდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ კოვიდვაქცინები არის ექსპერიმენტული და ადამიანები, ვინც აიცრნენ ან აპირებენ ვაქცინაციას, ექსპერიმენტის ნაწილი არიან, არის ყალბი ამბავი.

სინამდვილეში, კოვიდვაქცინები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ, არის დამტკიცებული და ავტორიზებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ მან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა.

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი. ვაქცინის შექმნის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

ვაქცინაციის დაწყების დღიდან, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, რეგულარული შეფასებები და დამტკიცების შემდგომი კლინიკური კვლევები ტარდება, რომლის მიზანი ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის პარამეტრების მონიტორინგია.

მტკიცება: პირბადის ტარებისას ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ და ინფიცირების რისკი იზრდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

უახლესი სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა, არაკომფორტული იყოს, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს. პირბადის ტარებისას დისკომფორტი სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით არის გამოწვეული.

COVID-19-ის პრევენციისთვის რეკომენდებული პირბადეები ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მოლეკულებს ვერ აკავებს. შესაბამისად, პირბადის ქვეშ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი არ გროვდება და მისი დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა არ ხდება.

ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება.

ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას.

მტკიცება: ქალების 14%-ში, ვისაც ორსულობის მესამე ტრიმესტრში ვაქცინები გაუკეთდათ, ნაადრევი მშობიარობა, მკვდარი ნაყოფის დაბადება ან მუცლის მოშლა, დაფიქსირდა

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 28 აპრილს pharmacytimes.com-მა წინასწარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ორსულებში Pfizer-BioNTech-ითა და Moderna-თი ვაქცინაციის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ გამოვლენილა. ი-რნმ ვაქცინების ორსულებში მოქმედების ეფექტურობის შესაფასებლად 2020 წლის 14 დეკემბრიდან - 2021 წლის 28 თებერვლის შუალედში არსებული მონაცემები ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემიდან - VAERS-იდან და ვაქცინაციის შემდგომი სამონიტორინგო სისტემიდან - V-safe-დან იქნა შეგროვებული. კვლევაში მონაწილე ორსულ ქალებს ინექციის ადგილას შედარებით უფრო მეტი ტკივილი აღენიშნებოდათ, ვიდრე არაორსულ ქალებს. თუმცა თავისა და კუნთების ტკივილი და სიცხის შემთხვევები ორსულ ქალებში შედარებით ნაკლები იყო. კვლევის თანახმად, 827 ვაქცინირებული ორსული ქალიდან 13.9%-ის შემთხვევაში ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა, 86.1%-ის შემთხვევაში კი - ცოცხალი ნაყოფის გაჩენით. ახალშობილთა 9.4%-ის შემთხვევაში ნაყოფი ნაადრევად დაიბადა, 3,2%-ს კი მცირე ზომა ჰქონდა. თუმცა კვლევის ორიგინალ ვერსიაში აღნიშნულია, რომ მუცლის მოშლის ეს მაჩვენებელი, აუცრელ ქალებში მუცლის მოშლის ამავე მაჩვენებლისგან, არ განსხვავდება.

აქედან გამომდინარე, ი-რნმ-ის ვაქცინებით ჩატარებული კვლევის შედეგებს თინა თოფურია მანიპულაციურად იყენებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ორსულებში ვაქცინაციაზე გაცემული რეკომენდაციების დისკრედიტაციას ცდილობს. აღნიშნულ საკითხზე დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება: ვაქცინებით დნმ-ის, გენეტიკური კოდის მოდიფიკაცია ხდება, რასაც არავინ მალავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ვერ ცვლის. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რიგ შემთხვევაში, ინოვაციური ტექნოლოგიით არის დამზადებული. კერძოდ, Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები mRNA ტექნოლოგიას ეყრდნობა. იმუნური პასუხის შესაქმნელად, ბუნებრივი ქიმიური ნივთიერების ასლი - რნმ მატრიცაა გამოყენებული. უჯრედში მოხვედრის შემდეგ, რნმ ვაქცინა ფუნქციონირებს, როგორც რნმ მატრიცა და უჯრედს ასწავლის, უცხო ცილა ან მხოლოდ პროტეინის ნაწილი შექმნას, რომელიც იმუნური პასუხის გამომუშავებას იწვევს. mRNA ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ვირუსული ვექტორის ვაქცინაც გამოიყენება. ასეთია AstraZeneca-ს ვაქცინა. ამ შემთხვევაში სხვა ვირუსის მოდიფიცირება ხდება. კერძოდ, კორონავირუსის გენის, ე.წ. სპაიკ ცილის გადატანა სხვა ვირუსთან (ადენოვირუსთან), მოდიფიცირებული ვირუსის (ვექტორის) გამოყენებით ხდება. იმუნური სისტემა COVID-19 ის წინააღმდეგ აქტიურდება და ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ვექტორული ტექნოლოგია აპრობირებული მეთოდია, ის ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელადაც გამოიყენეს. COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები ტრადიციული ტექნოლოგიებით შეიქმნა (ცილოვანი ვაქცინები, ვირუსის ფრაგმენტების შემცველი ვაქცინები).

Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არცერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები ამ პრინციპით არ მოქმედებს.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.