დეზინფორმაცია: აცრის შემდეგ ადამიანი 2-ჯერ უფრო ხშირად დაავადდება, ვიდრე აცრამდე, და უფრო მძიმედ იავადმყოფებს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
7 მაისს Facebook-მომხმარებელმა გოჩა ჩუმაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინების მოქმედებასთან დაკავშირებით ყალბ მტკიცებებს შეიცავს. პოსტის ავტორის თანახმად, მტკიცებები სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორს ალექსანდრე რეძკოს ეკუთვნის. მასალის მიხედვით, აცრის შემდეგ ადამიანი ინფექციის მატარებელი ხდება და ვირუსს გამოყოფს. აცრის შემდეგ ადამიანი 2-ჯერ უფრო ხშირად დაავადდება, ვიდრე აცრამდე, და იავადმყოფებს - უფრო მძიმედ. პოსტში არგუმენტად ისრაელის მაგალითია მოყვანილი, სადაც განცხადების ავტორის თანახმად, სიკვდილიანობა [ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ] 2-ჯერ გაიზარდა. მასალის მიხედვით, ვაქცინებს გამოცდის მესამე ფაზა ჯერ არ გაუვლიათ, შესაბამისად, ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არიან.
პოსტში მოყვანილი მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.
მასალა სოციალურ ქსელში ასევე დავით გიორგობიანმა გაავრცელა, რომლის პოსტსაც 5 ათასზე მეტი გავრცელება აქვს. 8 მაისს იგივე შინაარსის პოსტი Facebook-მომხმარებელმა ბერი პეტრემ გამოაქვეყნა, რომლის პოსტსაც 3 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. დეზინფორმაცია ისეთ ანტივაქსერულ, დეზინფორმაციულ Facebook-ჯგუფებშიც გაზიარდა, როგორებიცაა: ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, კორონა მაფია, კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა
ალექსანდრე რეძკო პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის მე-3 მოწვევის დეპუტატი იყო. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, მას ციმბირში, ალთაის სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. იგი ანტივაქსერული განცხადებებით ხშირად გამოდის.
მტკიცება: აცრის შემდეგ ადამიანი ინფექციის მატარებელი ხდება, ამიტომ ის უკვე ვალდებულია, ატაროს ნიღაბი, რადგან ის ვირუსს გამოყოფს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სამი ვაქცინა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და „სინოფარმი“, რომლითაც საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს, ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნოლოგიითაა დამზადებული. „ფაიზერი“ წარმოადგენს ი-რნმ (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ვაქცინას, „ასტრაზენეკა“ - ვირუსული ვექტორის ვაქცინას, ხოლო „სინოფარმი“ - ინაქტივირებული ვირუსით დამზადებულ ვაქცინას. არცერთი ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ ადამიანი ინფექციის მატარებელი არ ხდება და არც ვირუსს გამოყოფს. ვაქცინების მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია:
1. „ფაიზერი“ - ი-რნმ ვაქცინები ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს და ის ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. წვეტოვანი ცილა (Spike protein) ვირუსის უჯრედში შეღწევისთვის მნიშვნელოვანი რეცეფტორს წარმოადგენს. Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ადამიანის ორგანიზმში შეყვანის დროს ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილის ხელოვნურად წარმოებას იწყებს, რასაც ანტისხეულების წარმოქმნა მოჰყვება. როდესაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედები ამ წვეტოვანი ცილების გასანეიტრალებლად ანტისხეულებს ასინთეზებს. ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმშივე სინთეზირებულ წვეტოვან ცილებს ანადგურებს და COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წარმოიქმნება. შესაბამისად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინებით ადამიანის ორგანიზმი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოოს, COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილები, რაც იმუნიტეტის წარმოქმნას განაპირობებს. აღნიშნული ვაქცინები COVID-19-ის დასუსტებულ ან მკვდარ ფრაგმენტებს არ შეიცავს.
ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი მოხვდა, აღნიშნული მზა ანტისხეულები ვირუსის ნაწილაკებს იმაზე სწრაფად და ეფექტურად ამოიცნობს და გაანეიტრალებს მას, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანის ორგანიზმი იმოქმედებდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
2. „ასტრაზენეკა“ - Oxford/AstraZeneca-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ვირუსული ვექტორული ვაქცინა. ამ შემთხვევაში სხვა ვირუსის მოდიფიცირება ხდება, კერძოდ, კორონავირუსის ე.წ. სპაიკ ცილის გენის გადატანა სხვა ვირუსთან. ვირუსულ ვექტორად შესუსტებული ადენოვირუსია აღებული, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. მოდიფიცირებული ვირუსი ადამიანის უჯრედებში არ მრავლდება და საფრთხეს არ წარმოადგენს. ვექტორული ტექნოლოგია აპრობირებული მეთოდია.
ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, იმისთვის რომ ორგანიზმმა „სპაიკ ცილის“ წარმოქმნა დაიწყოს, შესაბამისი ინფორმაცია მას ვექტორული ვირუსის - ადენოვირუსის საშუალებით, გადაეცემა. მარტივად რომ ვთქვათ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოქმნას ადამიანის ორგანიზმმა „სპაიკ“ ცილები, არის წერილი, ხოლო ადენოვირუსი - ამ ინფორმაციის წერილის გადამტანი - კონვერტი. ვაქცინის მუშაობის მთელი მექანიზმი არის შემდეგი - ვაქცინის გაკეთებისას ადამიანის ორგანიზმში ადენოვირუსი შედის, რომელიც კონვერტის ფუნქციას ასრულებს, „სპაიკ ცილის“ წარმოსაქმნელად საჭირო ინფორმაცია შეაქვს და ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ იშლება. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის ადამიანის ორგანიზმში „სპაიკ ცილების“ სინთეზი უკვე დაწყებულია. აღნიშნული პროცესი უჯრედის ძლიერ იმუნურ რეაქციას იწვევს, რაც ანტისხეულების წარმოქმნით გამოიხატება. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგ, თუ ადამიანი კორონავირუსით დაავადდება, მისი იმუნური სისტემა ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას უკვე ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულებით შეძლებს.(იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია)
3. „სინოფარმი“ - სინოფარმი (BBIBP-CorV) არის ინაქტივირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 2020 წლის დასაწყისში პეკინის ბიოლოგიურ პროდუქტთა ინსტიტუტმა შექმნა. სინოფარმის ვაქცინის მუშაობის პრინციპი ასეთია: ის ასწავლის იმუნურ სისტემას, გამოიმუშაოს ანტისხეულები SARS-CoV-2-ის ვირუსის წინააღმდეგ. ანტისხეულები მიემაგრებიან ვირუსის ცილებს, კერძოდ ე.წ. spike ცილას, რომლითაც ვირუსის ზედაპირია დაფარული.
ვაქცინის შესაქმნელად, მეცნიერებმა კორონავირუსის ჩინეთის კლინიკების პაციენტებისაგან 3 ნიმუში აიღეს და ერთ-ერთი შეარჩიეს, რომელიც მაიმუნის თირკმლის უჯრედებში ყველაზე სწრაფად მრავლდებოდა. ვირუსის შერჩევის და გამრავლების შემდეგ მოხდა ვირუსის ინაქტივაცია ქიმიური ნივთიერებით. ინაქტივირებულ კორონავირუსს გამრავლება აღარ შეუძლია, თუმცა მისი ცილები, მათ შორის ე.წ. spike ცილა უცვლელი დარჩა. მკვლევრებმა ინაქტივირებული ვირუსები შეურიეს მცირე რაოდენობით ალუმინშემცველ ნაერთს - ადიუვანტს, რომელიც იმუნიტეტის სტიმულირებას იწვევს, რათა იმუნური პასუხი გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინების წარმოებაში ინაქტივირებული ვირუსები, საუკუნეზე მეტია, გამოიყენება. (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია)
აღნიშნული ვაქცინების ეფექტური მუშაობისთვის და იმისთვის, რომ ვაქცინებმა მაქსიმალური ეფექტურობა აჩვენოს, საჭიროა, რომ მომხმარებელმა ინექციის სრული კურსი ჩაიტაროს, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს. ამის შემდეგ გამომუშავდება იმუნიტეტი, რომელიც „ფაიზერის“ შემთხვევაში 95%-ით, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში - 76%-ით, ხოლო „სინოფარმის“ შემთხვევაში - 78.1%-91% იცავს ვაქცინირებულ პირს ინფიცირებისგან. თუმცა რჩება მინიმალური შანსი იმისა, რომ ვაქცინირებული მაინც დაინფიცირდეს. ამასთანავე აღნიშნული იმუნიტეტის გამომუშავებას 1-2 კვირამდე პერიოდი სჭირდება. სწორედ ამიტომ, ექიმები ვაქცინაციის შემდეგ პირბადის ტარების რეკომენდაციას გასცემენ. პირბადის ტარებით ვაქცინირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ვირუსის მიერ განცდილი მუტაციის შედეგად მიღებული ახალი შტამებისგან თავი დაიცვას.
მტკიცება: აცრის შემდეგ ადამიანი 2-ჯერ უფრო ხშირად დაავადდება, ვიდრე აცრამდე, და იავადმყოფებს - უფრო მძიმედ. ისრაელის მაგალითს შეხედეთ, სიკვდილიანობა მათთან (2-ჯერ) გაიზარდა, და დაავადებაც
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
„COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამის მიზანი, პირველ რიგში, ვირუსის დამორჩილება და მისი შესუსტებაა, რათა ვირუსმა ვეღარ შეძლოს სერიოზული დაავადების გამოწვევა, ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია საჭირო აღარ გახდეს და ვირუსით გამოწვეული სიკვდილი თავიდან იქნას აცილებული”,- განაცხადა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარმა ამეშ ადალიამ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვაქცინაციის შემდეგ მცირე შანსი რჩება იმისა, რომ ვაქცინირებულს ვირუსი მაინც შეხვდეს. ასეთ შემთხვევაში, დაავადება გაცილებით მსუბუქ ფორმებში, გაციების მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს. ვაქცინირებული პირი ვირუსს ადვილად უმკლავდება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. ამას კი COVID-19-ის ყველა ვაქცინა, მიუხედავად მათი ეფექტურობის მაჩვენებლისა, 100%-ით ართმევს თავს. არცერთი ვაქცინის კლინიკური ცდების დროს ცდის პირთა არათუ გარდაცვალების, არამედ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც კი, არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 20 დეკემბერს, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და სამედიცინო პერსონალში, დაიწყო. 13 იანვრიდან ისრაელმა 50 წლის ან უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. 28 იანვრიდან - 35 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის, ხოლო 4 თებერვლიდან - 16 წლის ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ვაქცინის ბენეფიციართა ჯგუფი გაზარდა და ყველა თავსებადი ასაკობრივი კატეგორია მოიცვა, ეპიდაფეთქების შემდეგაც კი, რომელიც ქვეყანაში 23 დეკემბერს Covid-19-ის ახალი ბრიტანული შტამის - Lineage B.1.1.7-ის გამოჩენას მოჰყვა, სიტუაცია დასტაბილურდა. შესაბამისად, როგორც დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობა, ვაქცინაციის ფონზე საგრძნობლად შემცირდა. Bloomberg-ის 9 მაისი მონაცემებით, ისრაელში მოსახლეობის 58% უკვე აცრილია „ფაიზერის“ ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
მტკიცება: [ვაქცინების] გამოცდის მესამე ფაზა ჯერ ხომ არ ჩატარებულა. ე.ი. ფაქტიურად გეუბნებიან, რომ თქვენ ექსპერიმენტის მონაწილე ხართ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
COVID-19-ის ვაქცინები [Pfizer, AstraZeneca, Sinopharm] მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის ავტორიზებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული. ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება, რაც კლინიკური კვლევის მესამე ფაზას წარმატებით გაივლის. ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ იმუნური რეაქციის გამოსაწვევად, რომელი ანტიგენი უნდა იქნას გამოყენებული. პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ამ დროს ხდება ვაქცინის გამოცდა. უსაფრთხოების და დაავადების პრევენციის შესაძლებლობის შემოწმების მიზნით, ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. მას შემდეგ, რაც ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, მისი კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. კოვიდვაქცინებმა [Pfizer, AstraZeneca] კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2).
----------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.