დეზინფორმაცია: პენტაგონი წარადგენს მიკროჩიპს, რომელიც სხეულში კოვიდის არსებობას ადგენს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პენტაგონმა „კოვიდ-სენსიტიური ჩიპი-იმპლანტის“ პრეზენტაცია წარადგინა (ბმული 1, ბმული 2). მასალის თანახმად, ჩიპი ორგანიზმში COVID-19-ის დადგენას შეძლებს. პოსტში თანდართულია ონლაინ გამოცემა independent.co.uk-ის სტატიის სქრინი. 13 აპრილს ინფორმაცია Twitter-ზეც გავრცელდა, სადაც ამერიკელმა მემარჯვენე აქტივისტმა ჩაკ ვულერიმ საკუთარ Twitter-ანგარიშზე აღნიშნულ ტექნოლოგიას „მხეცის ნიშანი” და პენტაგონის მიერ გამოცხადებული „ორუელის კოშმარი“ უწოდა.

ონლაინ-გამოცემა independent.co.uk-მა 13 აპრილს გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „პენტაგონი წარადგენს მიკროჩიპს, რომელიც სხეულში კოვიდის არსებობას ადგენს“. სტატიის თანახმად, პენტაგონის მეცნიერებმა გამოიგონეს მიკროჩიპი, რომელიც კანქვეშ განთავსდება და დაადგენს, აქვს, თუ - არა პაციენტს COVID-19. მასალაში ასევე საუბარია „რევოლუციურ ფილტრზე“, რომელსაც დიალიზის აპარატის საშუალებით შეუძლია პაციენტის სისხლის ვირუსისგან გაწმენდა.

როგორც independent.co.uk-ის, ისე სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ გაშუქებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პენტაგონის მეცნიერებს COVID-მგრძნობიარე მიკროჩიპები არ დაუმზადებიათ. მომავალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც ბიოსენსორის სახელით მოიხსენიება, კანქვეშ დასამონტაჟებელ ჩიპს არ წარმოადგენს და ორგანიზმში COVID-19-ის ვირუსის არსებობის დადგენა არ შეუძლია. ბიოსენსორი მომავლის ტექნოლოგიაა, რომელიც მხოლოდ შემუშავების ეტაპზეა და შესაბამისად, მედიცინაში არ გამოიყენება.

ბიოსენსორზე მუშაობა კალიფორნიის კერძო ბიოტექნიკური ფირმის Profusa-სა და აშშ-ს სამთავრობო უწყებებს (აშშ-ს თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო -DARPA და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების ერთობლივი პროგრამის აღმასრულებელი ოფისი - JPEO-CBRND) შორის თანამშრომლობით დაიწყო. ისინი მიზნად ისახავენ ისეთი ბიოტექნოლოგიის შექმნას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის მონიტორინგს გააადვილებს.

ბიოსენსორი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი არის ჰიდროგელი, მასალა, რომელიც თვალის კონტაქტურ ლინზასა და სხვა იმპლანტებში გამოიყენება. ჰიდროგელი ნივთიერება Poly (2-hydroxyethyl methacrylate) (pHEMA)-ს პოლიმერისა და წყლის ნაზავს წარმოადგენს. ის ადამიანის ორგანიზმისთვის ბიოლოგიურად შეთავსებადია. ჰიდროგელი ორგანიზმში შპრიცით შეჰყავთ. თუ ორგანიზმი გარკვეულ დაავადებასთან ბრძოლას იწყებს, ჰიდროგელი ამ პროცესში გამოყოფილ ნივთიერებებზე რეაგირებს და მკრთალად ანათებს. ბიოსენსორის მეორე ნაწილი კანზე დამაგრებულ ელექტრონულ კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც ჰიდროგელის სიგნალს აფიქსირებს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორგანიზმი გარკვეულ დაავადებასთან ბრძოლას იწყებს, სიმპტომების გამოვლენამდე იძლევა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამხედრო ექიმმა, მეტ ჰეპბერნიმ, რომელიც ადრე აშშ-ს თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოში (DARFA) მუშაობდა, ამერიკულ ყოველდღიურ გამოცემა Newsweek-თან საუბრისას განაცხადა, რომ „მოცემული ტექნოლოგია არ წარმოადგენს არავითარი მიკროჩიპს ან ელექტრონულ მოწყობილობას. ტექნოლოგია ვერ დაადგენს აქვს, თუ - არა გრიპი ან კორონავირუსი პაციენტს”. მაგალითად, ჰიდროგელს ორგანიზმში ნივთიერება ლაქტატის კონცენტრაციის აღქმა შეეძლება. ლაქტატის დონის მომატებული მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში გარკვეული დაავადება მიმდინარეობდეს. ჰეპბერნის თქმით, ლაქტატის მაჩვენებელი გვაძლევს ინფორმაციას ადამიანის შესაძლო ავადმყოფობის შესახებ, ხოლო ნამდვილად არის, თუ - არა ეს ინფექცია COVID-19, ეს COVID-19-ის სპეციალური ტესტით, ან ანტიგენებზე ჩატარებული ანალიზით უნდა დადგინდეს. შესაბამისად, ბიოსენსორს შეეძლება დაადგინოს, რომ ორგანიზმი დაავადებულია ან ორგანიზმი დაავადების პირასაა, თუმცა ტექნოლოგია დაავადების სახეობას ვერ დაადგენს. ბიოსენსორი არ წარმოადგენს მიკროჩიპს, რომელსაც COVID-19-ის ამოცნობა შეუძლია.

ამრიგად, პენტაგონის მეცნიერებს COVID-მგრძნობიარე მიკროჩიპები არ დაუმზადებიათ. კერძო ამერიკული ფირმა - Profusa, სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს ბიოსენსორის გამოყენებას, რომელსაც სიმპტომების გამოვლენამდე, შეეძლება დაადგინოს, ადამიანი ამა თუ იმ დაავადებით დაავადებული არის, თუ - არა. თუმცა აღნიშნული ბიოსენსორი მედიცინაში დღესდღეობით არ გამოიყენება და მომავლის ტექნოლოგიაა.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.