სოციალურ ქსელში ამერიკელი მეცნიერისა და ვირუსოლოგის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

3 აპრილს Facebook-მომხმარებელმა ია დალაქიშვილმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოსურათი სათაურით „გამოფხიზლების დროა…“

ფოტოზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, „ვაქცინა გამოიწვევს ადამიანებში 2 წლის შემდეგ ორგანიზმში არსებული ჰორმონების დეგრადაციას, რასაც მოყვება ღებინება, მაღალი ტემპერატურა, უჰაერობა, გაუსაძლისი ტკივილები, რომელსაც გამოიწვევს ნანო მოლეკულები და მისი შეჩერება მოხდება მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კომპიუტერის საშუალებით, რომელიც იმართება 5G კომპიუტერული სიხშირის წყალობით, ანუ ადამიანებს დააყენებენ არჩევანის წინაშე: სიკვდილი ან სიცოცხლე, ვისაც ექნება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული იძულებული გახდება ჩაისვას ჩიპი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპება“. სურათის მიხედვით, ეს ციტატა ამერიკელ მეცნიერსა და ვირუსოლოგ რობერტ გარის ეკუთვნის, რომელმაც თითქოს მსგავსი მოსაზრება 2020 წლის 1 დეკემბერს გააჟღერა. ციტატის ბოლოს ისმის ვაქცინის საწინააღმდეგო მოწოდებაც - „ვაფრთხილებ ყველას, სასტიკი უარი თქვან კოვიდ 19-ის ვაქცინაციაზე, მე ჩემი ვალი მოვიხადე, ღმერთმა გვიშველოს ყველას“.

მსგავს მასალას, 3 აპრილს ასევე ავრცელებდა Facebook-გვერდი ახალგაზრდული. იგივე შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში 2020 წლის დეკემბრის დასაწყისშიც ვრცელდებოდა (ბმული 1, ბმული 2).

აღნიშნული ციტატები გაყალბებულია და სინამდვილეში ამერიკელ მეცნიერს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. რობერტ გარის ამ შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არსად იძებნება და მეტიც, ის მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

ციტატაში მოყვანილი ფაქტები და მოსაზრებები ქართულ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს გავრცელებულ ყალბ ამბებს ემთხვევა და მათ ერთგვარ ხელოვნურ კომპილაციას წარმოადგენს. კონსპირაციული თეორიები, რომ კორონავირუსთან გამკლავების მოტივით ადამიანების დაჩიპვას და კონტროლს გეგმავენ, ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან ვრცელდებოდა.

რობერტ გარი ტულანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორია. გარი მიკრობიოლოგიის დოქტორი და ვირუსოლოგიის ცნობილი მკვლევარია. იგი ამჟამად ტულანის უნივერსიტეტში მეცნიერთა კონსორციუმს ხელმძღვანელობს, რომელიც სხვადასხვა ძლიერი სიხშირის პათოგენების, მათ შორის ლასას, ებოლას და მარბურგის ვირუსების, საწინააღმდეგოდ დიაგნოსტირების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ვაქცინისა და მედიკამენტების შექმნაზე მუშაობს. გარდა ამისა, პროფესორი გარი კორონავირუსთან დაკავშირებული არაერთი კვლევის მონაწილე და პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორია. მათ შორის, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი პირველი რეცენზირებადი სტატიის, რომელიც ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა და რომლითაც შეთქმულების თეორიები კორონავირუსის ლაბორატორიაში ხელოვნურად წარმოქნის შესახებ გაქარწყლდა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე