ეკონომიკური ზრდა

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.1%-ით შემცირდა (აღნიშნული რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია). 1995 წლიდან დღემდე ეს არის ეკონომიკის ყველაზე დიდი კლება, რაც საქართველოში დაფიქსირებულა. უარყოფითი ეკონომიკური ზრდა, 2020 წლამდე,[1] მხოლოდ 2009 წელს - რუსეთთან ომისა და ფინანსური კრიზისის ფონზე გვქონდა და მაშინ ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა.

პანდემიის უარყოფითი გავლენა ამოწურული არ არის და მიმდინარე წლის იანვარშიც, გასული წლის იანვართან შედარებით, კლებამ 11.5% შეადგინა [2] . ამავდროულად, 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8-დან 8.5%-მდე გაზარდა (გაამკაცრა), რაც ეკონომიკური ზრდის ტემპზე უარყოფითად აისახება. თუმცა აღნიშნული ქმედება ფასების დონის მეტ-ნაკლებად მისაღებ ნიშნულზე შესანარჩუნებლად საჭირო კომპრომისული გადაწყვეტილებაა.

ინფლაცია

2020 წელს ოფიციალური მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა, მიმდინარე პერიოდში, თებერვლის მდგომარეობით კი 3.6%-ის ნიშნულზეა. თუმცა ეს მაჩვენებლები, კომუნალური გადასახდელების სუბსიდირების ერთჯერადმა ეფექტმა, ხელოვნურად შეამცირა და რეალურ სურათს სრულყოფილად არ ასახავს. სუბსიდირების ეფექტის გარეშე, 2020 წლის ინფლაცია დახლოებით 4.2-4.3%-ს მიაღწევდა. მიმდინარე წლის მარტიდან სუბსიდიის ეფექტის ამოწურვასთან ერთად ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელიც გაიზრდება. 2021 წელს ეროვნული ბანკი ფასების ზოგადი დონის ზრდას 4-4.5%-ის ფარგლებში ვარაუდობს, თუმცა როგორც სების გადაწყვეტილებიდან ჩანს, ამ მიზნის მისაღწევად ეკონომიკური პოლიტიკის გამკაცრება (ეკონომიკის შეზღუდვა) უწევს.

თავისთავად, ინფლაციის მოსალოდნელი დონე კატასტროფულად მაღალი არ არის, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელს არსებითად აღემატება. შემცირებული ეკონომიკისა და შემოსავლების პირობებში კი, თუნდაც აღნიშნული მასშტაბის ფასების დონის ზრდა, სოციალურ ფონზე არსებითი უარყოფითი გავლენის მატარებელი იქნება. უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით მძიმედ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს შეეხება, რომელთა სამომხმარებლო კალათაში პირველადი მოხმარების პროდუქტებს (საკვები, მედიკამენტები და სხვ.) მაღალი ხვედრითი წილი უკავია. მსგავს პროდუქტებზე ფასების ზრდა ტრადიციულად გაცილებით მაღალია, ვიდრე ინფლაციის საერთო მაჩვენებელი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2020 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მხოლოდ 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018-2019 წლების მონაცემებზე 2-ჯერ ნაკლებია. მაშინ, როცა თავად 2018-2019 წლების მონაცემებიც, წინა პერიოდების მაჩვენებლებს არსებითად ჩამოუვარდებოდა. აღსანიშნავია სტრუქტურაც, 2020 წლის ჯამური მოცულობიდან 65% ეკონომიკის მხოლოდ ერთ სექტორზე - ფინანსურ სექტორზე მოდის.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ 617 მილიონიდან 561 მლნ დოლარი რეინვესტირებას წარმოადგენს. ანუ საქართველოში წარსულში ინვესტირებული უცხოური კაპიტალიდან მიღებული მოგების რეინვესტირება განხორციელდა, რაც თავისთავად მისასალმებელი ტენდენციაა, თუმცა მთლიან პუი-ში თვისობრივად ახალი ნაკადი მხოლოდ 56 მლნ დოლარია (მათ შორის 47 მლნ სესხი/სავაჭრო კრედიტია და მხოლოდ დარჩენილი 9 მლნ დოლარია სააქციო კაპიტალის ზრდა).

სახელმწიფო ვალი

სახელმწიფო ვალი პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში მოზიდული საკრედიტო რესურსის პირობებში მხოლოდ 2020 წელს 10 მლრდ ლარით გაიზარდა და ვალის ფარდობამ მშპ-სთან 60%-იან ნიშნულს გადააჭარბა.

აღნიშნული ნიშნული, მათ შორის დოლარის გლობალური გამყარების გავლენის შედეგად, არც პანდემიამდე იყო დაბალი (42% - 2019 წელს), თუმცა საგანგაშო ნიშნულს არ წარმოადგენდა. პოსტპანდემიურ პერიოდში კი, დაგროვილი ვალდებულებების მომსახურების უნარის შესანარჩუნებლად, სტაბილური ეკონომიკური განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. მით უმეტეს, ვალუტის კურსის შესაძლო მერყეობის პირობებში, როგორც ფარდობითი მაჩვენებლის, ასევე ვალის მომსახურების ტვირთის (საბიუჯეტო წნეხი) არსებითი ზრდის რისკი რეალურია და ახალი ვალდებულებების აღების რესურსიც შეზღუდული დარჩება.

დასაქმება

2020 წელს უმუშევრობის დონე ოფიციალური მონაცემებით ე.წ „ქაღალდზეც“ კი გაიზარდა (0.9 პროცენტული პუნქტით) და 18.5% შეადგინა, რაც საქართველოსთვის, შეიძლება, დაბალ მაჩვენებლად რჩებოდეს, მაგრამ ზოგადად, ძალიან მაღალი ნიშნულია.

ამავდროულად, პრეპანდემიურ პერიოდშიც კი, „ქაღალდზე“ უმუშევრობის დონის შემცირება არა დასაქმების ზრდის (სასურველი ფაქტორი), არამედ ე.წ „იმედდაკარგული მუშახელის“ ოდენობის ზრდით (არასასურველი ფაქტორი) იყო გამოწვეული. ანუ უმუშევრობის დონე „ქაღალდზე“ იმ ადამიანების ხარჯზე მცირდებოდა, ვინც დიდხნიანი უშედეგო ძებნის შედეგად, სამუშაოს ძებნა შეწყვიტა და ამ მიზეზით უმუშევრად აღარ ითვლება. თავისთავად სამუშაო ძალისა და დასაქმებულთა ოდენობა კი, 2015-2019 წლებში, პანდემიამდეც, კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა.

საგარეო ვაჭრობა

2021 წლის 2 თვის ჯამით (იანვარ-თებერვალი) საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით არის შემცირებული და 1.65 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

სავაჭრო ბრუნვის ორივე კომპონენტი ექსპორტიც და იმპორტიც შემცირებულია, თუმცა სხვადასხვა პროპორციით. იმპორტი უფრო მეტად - 14.1%-ით - არის შემცირებული, ექსპორტი კი - 6.8%-ით. იმპორტის ექსპორტთან შედარებით უფრო მეტად კლება უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირებას იწვევს, რაც ცალკე აღებულად დადებით მოვლენად ჩანს, თუმცა სინამდვილეში, სალდოს შემცირება იმპორტის შემცირების ხარჯზე, დადებითი ტენდენცია არ არის და მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებაზე მიანიშნებს.

იმპორტის შემცირება ხშირად შეცდომით დადებით მოვლენად არის წარმოჩენილი. სინამდვილეში, იმპორტის შემცირების საფუძველი - შემცირებული ადგილობრივი მოხმარებაა და შესაბამისად, ნაკლები მიღებული სარგებელი, ანუ უარყოფითი მოვლენები. სტრუქტურის თვალსაზრისით, იმპორტის შემცირებას პირობითად რამდენიმე მდგენელი განაპირობებს, ერთ-ერთი მოქალაქეთა შემცირებული შემოსავლების პირობებში შემცირებული მოხმარებაა, მეორე მხრივ, ვიზიტორთა შემცირებული ოდენობის ფონზე - ამ სეგმენტიდან წარმოშობილი მოხმარება, როგორც ადგილობრივად წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ საქონელზე, მცირდება. ამავდროულად, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების პირობებში, შემცირებული ან სრულად შეჩერებული აქტივობის პირობებში, მოთხოვნა შემცირებულია.

[1] 1994 წელს დაფიქსირებული 10.4%-იანი კლების შემდგომ.
[2] გასათვალისწინებელია, რომ გასული წლის იანვარში პანდემიის უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე ჯერაც არ იყო სახეზე.

თეგები: