იტვირთება

ნათია თურნავა: უმუშევრობის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით გაიზარდა, მაგრამ ბოლო ათწლიან პერიოდში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა. ტექნიკურად ათწლიან პერიოდში, გარდა 2019 წლისა, უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - მართლაც 2020 წელს ფიქსირდება. თუმცა აღნიშნული უმუშევრობის დონის გამოთვლის მეთოდოლოგიით აიხსნება და არა დასაქმების ცვლილების დადებითი ტენდენციით. მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს და ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელია,“ ის გადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად აღარ მიიჩნევა. რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა წინა წლებთან (2011-2018) შედარებით სწორედ ამის ხარჯზეა შემცირებული და არა დასაქმების ხარჯზე.

რეალური სურათის დასანახად დასაქმების მაჩვენებლებიც უნდა გავაანალიზოთ. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 54.1 ათასით შემცირდა და 1241.8 ათასი შეადგინა, რაც 2014-2020 წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2020 წელს დასაქმების დონემ 41.1% შეადგინა, რაც 2013 წლის შემდეგ ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მინისტრი დასაქმების მაჩვენებლებს უგულებელყოფს, ასევე სამუშაო ძალის შემცირებას და უმუშევრობის მაჩვენებელს პოზიტიურად წარმოაჩენს, რაც რეალობას აცდენილია.

ანალიზი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წლის უმუშევრობის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა: „უმუშევრობა მთელი მსოფლიოს პრობლემაა და პანდემიის შედეგია. უმუშევრობის მაჩვენებელი 0.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 18.5%-ს აღწევს. ეს არის უარესი, ვიდრე 2019 წელს, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბოლო ათწლიან პერიოდში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2018 წელთან შედარებით მაჩვენებელი გაუმჯობესებულია“.

„ფაქტ-მეტრმა“ ნათია თურნავას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2020 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა. ტექნიკურად, ათწლიან პერიოდში, გარდა 2019 წლისა, უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა. ამავდროულად, 2020 წელს დასაქმების დონემ 41.1% შეადგინა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უმუშევრობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (კერძოდ სამუშაოს მაძიებელ უმუშევართა) კლებით არის განპირობებული.

უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის გადადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად არ მიიჩნევა. ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი“, რომლებიც უმუშევართა რიგებს აკლდებიან, თუმცა არ არიან დასაქმებულები. 2015 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ძალა ყოველწლიურად მცირდება, ანუ მოსახლეობის ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა, შედეგად დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონეც შემცირდა. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 12.6 ათასით შემცირდა.

გრაფიკი 1: დასაქმება და უმუშევრობა 2011-2020 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 54.1 ათასით შემცირდა და 1241.8 ათასი შეადგინა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ათწლიან პერიოდში, ქვეყანაში დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა, 2016-2017 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, 2018 წელს დასაქმების საერთო მაჩვენებელი გაიზარდა, 2019 წელს კი მცირედით შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი