პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად - 64%-ით, 201 მლნ დოლარამდე შემცირდა. თუ არ ჩავთვლით პანდემიურ პერიოდს (2020-2021 წლები), 2010 წლის შემდეგ, კვარტალური ინვესტიციის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-ის შემადგენელი კომპონენტია და მისი მოცულობა ეკონომიკის ზრდის ტემპზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ინვესტიციებს ქვეყანაში კაპიტალი შემოაქვს, ასაქმებს ადამიანებს და იხდის გადასახადებს. საქართველოში ნაკლებად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ინვესტიციები ტექნოლოგიების დანერგვასაც უწყობს ხელს.

როგორც პირველ კვარტალში, ასევე წლიურად ინვესტიციებმა თანხობრივ გამოხატულებაში მაქსიმალურ მაჩვენებელს 2022 წელს მიაღწია.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები Q1 (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა იმისა, რომ 201 მლნ დოლარი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რეკორდულია ვარდნის ტემპიც. 2009 წლის შემდეგ 64%-იანი ვარდნა აღარ დაფიქსირებულა, გამონაკლისს 2020 წლის მეოთხე კვარტალი წარმოადგენდა, როდესაც ინვესტიციების 124 მლნ დოლარიანი გადინება დაფიქსირდა.

სექტორულად ინვესტიციებმა ძირითადად დამამუშავებელ მრეწველობაში იკლო, რომელიც 10-ჯერ - 227-დან 25 მლნ დოლარამდე შემცირდა.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით Q1 (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გასულ წელს ჯამური ექსპორტის ზრდის ფონზე, ადგილობრივი ექსპორტი 3.7 მლრდ-დან 2.8 მლრდ დოლარამდე შემცირდა, რისი ძირითადი მიზეზიც სპილენძის მადნებზე, ფეროშენადნობებსა და აზოტოვან სასუქებზე მოთხოვნის კლება გახდა. ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება, რთულია, თუმცა შეიძლება დავუშვათ, რომ შემცირებულმა მოთხოვნამ ინვესტირების სურვილიც შეამცირა. 2024-დან ფეროშენადნობებზე ფასებმა ზრდა დაიწყო, შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, სექტორში კლება ერთჯერადი მაღალი ინვესტირების ფონზე დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, ზოგადად, საარჩევნო წელს, ინვესტიციები კლებულობს.

დამამუშავებელ მრეწველობაში 2023 წლის პირველი კვარტლის ინვესტიციები მართლაც რეკორდული იყო, თუმცა ეს ვერ იქნება ვარდნის ერთადერთი ახსნა, რადგან 2024 წლის პირველი კვარტლის ინვესტიციები თანხობრივადაც, პანდემიური წლების გამოკლებით, ბოლო 14 წლის მინიმუმზეა.

კიდევ ერთი ახსნა არჩევნებს უკავშირდება. წარსულში საარჩევნო წელს ინვესტიციები, როგორც წესი, მართლაც მცირდებოდა, ოღონდ არა ამ მასშტაბით და არა ყოველთვის. 2020 შესადარებლად არ გამოდგება, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ინვესტიციები 4%-ით შემცირდა, თუმცა პირველ კვარტალში 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2012-შიც 8%-იანი კლება აღინიშნა, მაგრამ პირველ კვარტალში 40%-იანი ზრდა აღინიშნა. 2008-ში საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში ჩატარდა, საპარლამენტო მაისში, ამის მიუხედავად პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 63%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში - 62%-ით.

ინვესტიციებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, მასში რა წილი ეკავა ახალ ინვესტიციას და რა წილი რეინვესტიციას. 2024 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალის, ანუ ახალი ინვესტიციის წილი 60%-დან 38%-მდე შემცირდა, რეინვესტირების წილი 34%-დან 46%-მდე გაიზარდა, 6%-დან 16%-მდე გაიზარდა სავალო ვალდებულებების წილიც.

როდესაც კომპანია მოგების რეინვესტირებას აკეთებს, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს პოზიტიური სიგნალის მატარებელია, მაგრამ როდესაც ახალი ინვესტიციების მოცულობა ერთ კვარტალში მხოლოდ 76 მლნ დოლარს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ით ნაკლებს, ეს ცალსახად ნეგატიური მოვლენაა.

ინვესტიციების 58% წლის პირველ სამ თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა, მათ შორის, ყველაზე ბევრი ჩეხეთიდან - 42 მლნ დოლარი და ნიდერლანდებიდან - 33 მლნ დოლარი. დსთ-ს ქვეყნებზე ინვესტიციების 16% მოდის, მათ შორის, აზერბაიჯანიდან - 12.7 მლნ და რუსეთიდან მისი ნახევარი - 6.4 მლნ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4-ჯერ ნაკლებია.

ბრიტანეთის შემთხვევაში 96 მლნ დოლარიანი ინვესტიციის გადინება დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის პირველ კვარტალშიც ამ ქვეყნიდან 26 მლნ-იანი ინვესტიცია გავიდა, თუმცა ოთხივე კვარტლის ჭრილში 392 მლნ-ით მაინც პირველი ადგილი დაიკავა.

ინვესტიციების კიდევ ერთი და საკმაოდ მნიშვნელოვანი საზომი მისი მშპ-სთან ფარდობაა. 2022 წელს, მაშინ როცა ინვესტიციებმა თანხობრივად რეკორდი მოხსნა, მისმა მშპ-სთან ფარდობამ 8.6% შეადგინა, თუმცა იქამდე, უფრო მცირე ზომის ეკონომიკის პირობებში, მსგავსი ფარდობა შვიდჯერ ორნიშნა მაჩვენებელზე გავიდა.

გრაფიკი 3: ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან

წყარო: მსოფლიო ბანკი

2023 წელს ფარდობა 5.3%-მდე შემცირდა. წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვა დარჩენილ სამ კვარტალში. თუ დავუშვებთ, რომ მომდევნო სამ კვარტალში დაახლოებით იმავე მოცულობის ინვესტიცია შემოვა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მაშინ ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან 5%-იან ნიშნულს ჩამოსცდება, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იქნება ბოლო 20 წელიწადში (2020-ის გამოკლებით).

რა გავლენასაც არ უნდა ახდენდეს პოლიტიკური გარემო ეკონომიკაზე, ამ შემთხვევაში, ინვესტიციებზე, შემცირება „რუსულ კანონს“ ვერ დაუკავშირდება, რადგან „რუსული კანონი“ მეორე კვარტლის დასაწყისში, 3 აპრილს დაინიციირდა. მეორე კვარტლის ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კი სექტემბერში გახდება ცნობილი.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია