საქართველოს მთავრობა: 2023 წელს ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მთავრობის ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია არის ნახევრად სიმართლე.
საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2023 წელს 21.5 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 12.5%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 9%-ით და იმპორტი 14.1%-ით გაიზარდა.
ექსპორტმა 6.1 მლრდ დოლარს , მართლაც მიაღწია თუმცა ექსპორტი თანხობრივად თითქმის ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად, თითქმის ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებელზე გადის, რის გამოც მორიგი ახალი რეკორდი დიდ წარმატებად ვერ შეფასდება.
მნიშვნელოვანია ექსპორტის სტრუქტურაც. 2023 წელს ის მთლიანად რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტი კი მკვეთრად, 24%-ით შემცირდა და 2021 წლის მაჩვენებელსაც ჩამოსცდა.
თანხობრივად სწორად დასახელებული მონაცემის, მაგრამ მნიშვნელოვანი გარემოებების არ დასახელების გამო, რაც მცდარი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, „ფაქტ-მეტრმა“ მთავრობის ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი: პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში რომელიც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ეკონომიკის მიმოხილვის თავში ცალკე ჩანაწერია ექსპორტზეც (გვ 73): „2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა“.
1995 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა იწარმოება, ექსპორტის კლება სულ 7-ჯერ, იმპორტის - 6-ჯერ და საგარეო ვაჭრობის ბრუნვის კლება აგრეთვე 6-ჯერ დაფიქსირდა. ამ ხნის განმავლობაში, მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 33-ჯერ გაიზარდა (ექსპორტი - 39-ჯერ, იმპორტი - 31-ჯერ). საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდა, დამატებითი დეტალების გარეშე, განსაკუთრებულ წარმატებაზე არ მეტყველებს.
ექსპორტზე საუბრისას, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რისი ექსპორტი გაიზარდა. რაიმეს ფასნამატით გაყიდვა ყველა შემთხვევაში მომგებიანია, თუმცა თუ აღნიშნული პროდუქტი, ადგილობრივ ბაზარზეა ნაწარმოები, მას ეკონომიკაში რეექსპორტთან შედარებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
2023 წელს ექსპორტის ზრდა მთლიანად რეექსპორტის ხარჯზე მოხერხდა, ადგილობრივი ექსპორტი კი პირიქით, მკვეთრად - 24%-ით, 3.7 მლრდ-დან 2.8 მლრდ დოლარამდე შემცირდა და ამ მაჩვენებლით არათუ 2022-ს, 2021 წელსაც კი ჩამორჩა.
გრაფიკი 1: ექსპორტის სტრუქტურა (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ადგილობრივი ექსპორტი 2015 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. 2020 წელს, პანდემიური კრიზისის გათვალისწინებითაც კი, ჯამური ექსპორტის 12%-იანი კლების მიუხედავად, ადგილობრივ ექსპორტში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2014-2022 წლებში რეექსპორტის წილი საშუალოდ 31%-ს შეადგენდა[1], 2023 წელს კი 54%-ს გადააჭარბა. მას შემდეგ, რაც საქსტატმა რეექსპორტის მონაცემების ცალკე გამოქვეყნება დაიწყო, 2023 წლამდე, არც ერთ ცალკე აღებულ წელს მის წილს 40%-ისთვის არ გადაუჭარბებია.
2023 წელს ადგილობრივი ექსპორტი 24%-ით შემცირდა და რეექსპორტი 75%-ით გაიზარდა. პირველ შემთხვევაში, ვარდნის მიზეზი ფეროშენადნობებსა და სპილენძის მადნებზე მოთხოვნისა და საერთაშორისო ფასის კლება გახდა, მეორე შემთხვევაში, რეექსპორტი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებმა გაზარდა.
2022 წელს ექსპორტზე 460 მლნ დოლარის ფეროშენადნობი გავიდა, 2023 წელს - 181 მლნ-ის. სპილენძის მადნების ექსპორტი 2022 წელს 1 მლრდ-ს აჭარბებდა და მომდევნო წელს 480 მლნ-მდე შემცირდა. ასევე მკვეთრად - 123 მლნ დოლარით, შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტიც. მხოლოდ ამ სამი დასახელების პროდუქტით ადგილობრივი ექსპორტი ჯამში 947 მლნ დოლარით შემცირდა, რაც საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი თანხაა.
გრაფიკი 2: ადგილობრივი ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რეექსპორტი პრაქტიკულად მთლიანად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე გაიზარდა. თუ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, 2015-2021 წლებში, ავტოექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში საშუალო 11%-ს შეადგენდა, 2022 წელს - 16%-ს და 2023 წელს 35%-ს მიაღწია.
გრაფიკი 3: ავტოექსპორტი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ავტოექსპორტის 91% ოთხ სახელმწიფოზე: ყირგიზეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და სომხეთზე ნაწილდება. რუსეთის პირდაპირი წილი 3.2%-ს შეადგენს, თუმცა არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ რუსეთში ავტომობილები საქართველოდან მესამე ქვეყნის გავლით ხვდებოდა. სანქციების გამკაცრების შემდეგ, 2023 წლის სექტემბრიდან საქართველომ რუსეთში ავტოექსპორტი დრამატულად შეამცირა და ეტაპობრივად თითქმის გაანულა, თუ აგვისტოში ექსპორტზე რუსეთში 1054 ავტომობილი გავიდა, სექტემბერში მათი რაოდენობა 85-მდე შემცირდა, დეკემბერში კი სულ 3 ავტომობილი გაიყიდა. რუსეთისა და ბელარუსის გარდა, სხვა ქვეყნებში ავტოექსპორტი შეზღუდული არაა, შესაბამისად, მაშინაც კი თუ ამ ქვეყნებიდან საქართველოდან ნაყიდი ავტომობილების ნაწილი რუსეთში ხვდება, ეს საქართველოს მხრიდან სანქციების დარღვევად ვერ ჩაითვლება.
რეექსპორტის ხარჯზე გაზრდილი ექსპორტის ექსპორტის ზრდად მიჩნევა, მიზეზების განმარტების გარეშე, არასრულფასოვან ინფორმაციას იძლევა, რაც შესაძლოა მცდარი დასკვნების გაკეთების საფუძველი გახდეს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაცია შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
[1] 31% თითოეულ წელს დაფიქსირებული რეექსპორტის საშუალო, იმავე პერიოდის ჯამურ ექსპორტში რეექსპორტის წილმა 35% შეადგინა