ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 3 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარით გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 49 მლრდ ლარს შეადგენდა, 2022 წელს 72 მლრდ-ს მიაღწია და ფინანსთა სამინისტროს გათვლებით 2023 წლის ბოლომდე 78 მლრდ-მდე გაიზრდება. თუმცა აღნიშნული არაფერს ამბობს ეკონომიკის ზრდაზე, რადგან ქვეყნის ეკონომიკის დროთა განმავლობაში ცვლილების შეფასებისას ნომინალური მაჩვენებლების გამოყენება შინაარსს მოკლებულია (არ ითვალისწინებს ფასების საერთო დონის ზრდას). აქვე აღსანიშნავია რომ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ნომინალურ ზრდას ეკონომიკის ზრდად წარმოაჩენს, რითაც რეალურ მდგომარეობას აზვიადებს და მსმენელი შეცდომაში შეჰყავს.
კერძოდ, პრემიერის მიერ დასახელებული რიცხვები რეალობასთან ახლოსაა, თუმცა ერთი მხრივ, შედარებისათვის ის პანდემიურ წელს იყენებს, როდესაც ეკონომიკა დახურული და შესაბამისად, შემცირებული იყო. მეორე მხრივ, იყენებს ნომინალურ და არა რეალურ მაჩვენებლებს. ორივე აღნიშნული მიდგომა რეალობის გაზვიადებას იწვევს და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს გადაჭარბებულად წარმოაჩენს.
2020 წელს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. რეგულაციების მოხსნის შემდეგ, საქართველოშიც და მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაშიც 2021 წელს მშპ-ს ზრდის ტემპმა ათწლეულების რეკორდი მოხსნა. შესაბამისად, აღნიშნული ზრდა ტექნიკურია და არა შინაარსობრივი. გარდა ამისა, ორნიშნა ინფლაციამ ნომინალური ზრდა კიდევ უფრო დააჩქარა, რაც ეკონომიკას რიცხობრივად უფრო მეტად გაზრდილად წარმოაჩენს, მაგრამ რეალური ზრდა, რა თქმა უნდა, ნაკლებია.
2023 წლის 7 თვეში მშპ 7.2%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპის წლის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაშიც, 2023 წლის რეალური ეკონომიკა 2020-თან შედარებით 30%-ით იქნება გაზრდილი, პრემიერის ნათქვამიდან (50 მლრდ 80 მლრდ ხდება) კი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეკონომიკა არსებულზე 2-ჯერ სწრაფად - 60%-ით, გაიზარდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.
ანალიზი:
11 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: (11:40-დან) „2020 წელს მთელი ქვეყნის შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, წელს 80 მილიარდ ლარამდეა. ანუ ბოლო სამ წელში დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით დაახლოებით 8,000 დოლარზე გადის წლის ბოლოს“.
ეკონომიკის ძირითად საზომად მთლიანი შიდა პროდუქტია მიჩნეული, რომელიც 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებულ ყველა (არ მოიცავს ჩრდილოვან ეკონომიკას) საბოლოო პროდუქტისა და მომსახურების ღირებულებას მოიცავს. როცა წარმოებული/მოხმარებული პროდუქციის რაოდენობა იზრდება და ჩვეულებრივ ეს ასეც ხდება ხოლმე, იზრდება ეკონომიკაც. წარმოების მოცულობასთან ერთად, წლიდან წლამდე ფასების საერთო დონეც მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ წარმოების მოცულობა პირობითად 7%-ით გაიზარდა, წარმოებული პროდუქციის ღირებულება შესაძლოა 12%-ით გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, ნომინალური ეკონომიკის ზრდა 12% იქნება, ხოლო რეალური ეკონომიკის 7%.
ინფლაციის გათვალისწინებით, ზოგჯერ ნომინალური ზრდა, შესაძლოა რეცესიის დროსაც დაფიქსირდეს. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მშპ 6.8%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე უარესი მაჩვენებელია, ნომინალური ეკონომიკა უცვლელად - 49.3 მლრდ-ზე შენარჩუნდა.
გრაფიკი 1: საქართველოს ნომინალური მშპ (მლრდ ლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ფინანსთა სამინისტრო
2010-2022 საქართველოს ნომინალური ეკონომიკა 230%-ით - 21.8 მლრდ-დან 71.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა რეალური ეკონომიკა მხოლოდ 71%-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაანალიზებლად სწორედ რეალური ეკონომიკური ზრდა უნდა იქნას გამოყენებული და არა ნომინალური.
პრემიერის განცხადების მეორე ნაწილი, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს ეხებოდა და ის დოლარში იყო დათვლილი. ნომინალურად პრემიერი ამ შემთხვევაშიც მართალია. პროგნოზის მიხედვით, 2023 წელს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 8180 დოლარს მიაღწევს, თუმცა გარდა ინფლაციისა, უცხოურ ვალუტაში დათვლილი მშპ-ს დროს გაცვლითი კურსის ცვლილებაც გასათვალისწინებელია. ლარის გამყარებამ ან გაუფასურებამ შესაძლოა რეალური სურათი მნიშვნელოვნად დაამახინჯოს და ან რეალურზე მეტი ზრდა აჩვენოს როგორც ეს 2021-2023 წლებში მოხდა, ან პირიქით, ეკონომიკური ზრდის დროს კლება დააფიქსიროს, მსგავსი პრეცედენტი 2015 წელს აღინიშნა.
განცხადება იმის შესახებ, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს მიაღწევდა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარტშიც გააკეთა, რაც მაშინ „ფაქტ-მეტრმა“ ნახევრად სიმართლედ შეაფასა. „ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფ“ ეკონომიკაზე პრემიერმა აპრილშიც ისაუბრა და ის განცხადება „ფაქტ-მეტრის“ მიერ მანიპულირებად შეფასდა.
სექტემბერში მთავრობის მეთაურმა პრაქტიკულად იგივე გზავნილები გააჟღერა, რაც მარტსა და აპრილში. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შინაარსობრივად მართებულია და ნომინალური ეკონომიკა მართლაც იზრდება 49-დან 78 მლრდ-მდე (წელი არ დასრულებულა, მაგრამ 7 თვეში დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზიდან არსებით გადახვევას პრაქტიკულად გამორიცხავს). ამის მიუხედავად, რეგულაციების მოხსნის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის წარმატებად წარმოჩენა და ინფლაციის უგულებელყოფა მიღწეული შედეგის გაზვიადებას წარმოადგენს და რეალურად, არსებულ ზრდას პრაქტიკულად გაორმაგებულად წარმოაჩენს. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადება შეფასდა ნახევრად სიმართლედ.