ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი ქვეყნის ეკონომიკა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმზეა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: პრემიერის მიერ დასახელებული სტატისტიკური მონაცემები, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე დოლარში დათვლით ნომინალურად სწორია, მაგრამ გასათვალისწინებელია კონტექსტიც. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში როგორც მთლიანი ეკონომიკა, ასევე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმზეა. მინიმალური ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც კი, ყოველ მომდევნო წელს რეალური ეკონომიკა ისტორიულ მაქსიმუმზე იქნება, ეს მათემატიკური კანონზომიერებაა და არა რაიმე განსაკუთრებული მოვლენა. რაც შეეხება ნომინალურ ეკონომიკას, მან ზრდა ინფლაციის ხარჯზე, შეიძლება რეცესიის პირობებშიც აჩვენოს.
იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკის ნებისმიერ მცირედ ზრდას სტატისტიკური მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზე გაჰყავს და გარდა გამონაკლისებისა, ყოველი მომდევნო წელი ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სრულიად ჩვეულებრივ მოვლენას აღმატებულად წარმოაჩენს, თითქოს ფაქტი, რომ წელს ეკონომიკის მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მანიპულირება.
ანალიზი:
3 აპრილის მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვისას აღნიშნა, რომ შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ისტორიულ მაქსიმუმს აღწევდა, კერძოდ მან განაცხადა (4.46-დან): „მთლიანი შიდას პროდუქტი, მთელი ქვეყნის ეკონომიკა ასევე არის ისტორიულ მაქსიმუმზე ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით , 8000 დოლარამდე იქნება წელს უკვე“.
ზოგადად, მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, საქართველოში 1994 წლის შემდეგ მშპ-ის კლების სულ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. პირველად ეს 2009 წელს მოხდა, როდესაც რუსეთის ინტერვენციისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა, ხოლო მეორედ პანდემიისა და მკაცრი კოვიდრეგულაციების მიზეზით - 2020 წელს, როცა ვარდნის ტემპმა 6.8%-ს მიაღწია. ყველა სხვა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა ლარი უფასურდებოდა, უმუშევრობა იზრდებოდა, მშპ ზოგჯერ მცირედით, მაგრამ მაინც მატულობდა.
გრაფიკი 1: მშპ-ს ზრდის ტემპი
წყარო: მსოფლიო ბანკი
ნომინალური ეკონომიკა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის უცხოურ ვალუტაშია დათვლილი, რეალურ სურათს არ აჩვენებს. ინფლაცია და კურსის ცვლილება რეალობას ამახინჯებს. კურსის ცვლილების გამო, დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 2012 წელთან შედარებით, 4%-ით - 16.5 მლრდ-დან 15.8 მლრდ-მდე შემცირდა, ლარში დათვლით კი - 81%-ით, 27.2 მლრდ-დან 49.3 მლრდ-მდე გაიზარდა. რამდენჯერმე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ლარში დათვლით ნომინალური მშპ იზრდებოდა და დოლარში დათვლით მცირდებოდა. რეალურად, დროის ამ მონაკვეთში ეკონომიკა 24%-ით გაიზარდა, მაგრამ იმავე პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 98%-ით - 1.66-დან 3.28-მდე გაუფასურდა. აღნიშნულს თავის მხრივ სამომხმარებლო ფასების 30%-იანი ზრდაც დაემატა.
თუ ლარის გაუფასურებამ დოლარში ნომინალური მშპ ხელოვნურად შეამცირა, 2021 და განსაკუთრებით 2022 წელს გამყარებამ ის რეალურზე მეტად გაზრდილი წარმოაჩინა. 2022 წელს კურსი 12.5%-ით გამყარდა და აშშ დოლარის ღირებულება 39 თეთრით - 3.09-დან 2.70-მდე შემცირდა. პარალელურად, ინფლაციის განაკვეთმა 11.9%-ს მიაღწია. შედეგად, თუ რეალური ეკონომიკური ზრდა 10.1%-ს შეადგენდა, ნომინალურმა ზრდამ ლარში 19.6%-ს მიაღწია - 60 მლრდ-დან 71.8 მლრდ-მდე, დოლარში კი 32.2%-ს - 18.6 მლრ-დან 24.6 მლრდ-მდე.
გრაფიკი 2: ნომინალური მშპ (მლრდ ლარი და მლრდ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და მსოფლიო ბანკი
როგორც წესი, მაშინ როდესაც იზრდება მთლიანი ეკონომიკა, იზრდება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალიც. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევა, თუ მოსახლეობა ძალიან სწრაფად გაიზარდა. საქართველო მოსახლეობის კლების ტენდენციით ხასიათდება. საქსტატის ცნობით, 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობა 3.718 მლნ-ს შეადგენდა, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით - 3.688 მლნ-ს. 2022 წელს გარდაცვალებულთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას 6799-ით გადააჭარბა, მიგრაციის მაჩვენებელი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2020 წლის გარდა, ყოველთვის უარყოფითი იყო. ამიტომ, მოსახლეობის კლების ფონზე, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა დამატებით მიღწევად ვერ ჩაითვლება.
ზუსტად ისე, როგორც მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე, ერთ სულ მოსახლეზე დათვლილ შემოსავალზეც ინფლაცია და კურსის ცვლილება ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. აღნიშნულ პარამეტრთან მიმართებაშიც, პრემიერის მიერ ნახსენები „ისტორიული მაქსიმუმი“ ბუკვალურად სწორია, ასევე თითქმის ზუსტია 8000-დოლარიანი პროგნოზიც (ოფიციალურად, ფინანსთა სამინისტრო 7916 დოლარს პროგნოზირებს). მაგრამ ამ რიცხვების უკან მეორე სიმართლეც იმალება, მშპ-ს ნომინალში მიმდინარე ფასებში დავითლით, მაშინ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკვე 2005 წელს რეკორდული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1642 დოლარს შეადგენდა, შემდეგი რეკორდი უკვე 2006 წელს მოიხსნა, შემდეგი 2007 წელს, უფრო მეტიც, 90-იანი წლების კოლაფსის შემდეგ, თუ ათვლას 1995 წლიდან დავიწყებთ, რა დროსაც ვარდნა შეჩერდა, უკვე 1996 წელი რეკორდული აღმოჩნდება. მუდმივ ფასებში დათვლით, რეკორდი 2007 წელს მოიხსნა და მას შემდეგ ყოველწლიურად - 2009 და 2020 წლების გამოკლებით, ახალ-ახალი რეკორდი მყარდება.
გრაფიკი 3: მშპ ერთ სულ მოსახლეზე
წყარო: მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკს მუდმივ ფასებში დათვლით 2022 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, რის გამოც მისი შედარება მიმდინარე ფასებში დათვლილ მშპ-სთან ვერ მოხერხდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკის ნებისმიერ მცირედ ზრდას სტატისტიკური მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზე გაჰყავს და გარდა გამონაკლისებისა, ყოველი მომდევნო წელი ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სრულიად ჩვეულებრივ მოვლენას აღმატებულად წარმოაჩენს, თითქოს ფაქტი, რომ წელს ეკონომიკის მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მანიპულირება.