დავით ხაჯიშვილი: 2014 წელს, როცა თქვენ პირველად პრემიერი იყავით, ხულოელებს დაჰპირდით, რომ ხულო-ზარზმის გზა სულ მალე გაკეთდებოდა. ცხრა წელი გავიდა და იქ მხოლოდ მიმართულება და ტალახია. არაფერი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა და გზა დღემდე არ გვაქვს.
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ხაჯიშვილის განცხადება არისმეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის (მოიცავს ხულო-ზარზმის მონაკვეთს) რეაბილიტაცია იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ხულოს მოსახლეობამ 2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე დააყენა. 2017 წლიდან დღემდე, საერთაშორისო ტენდერების პარალელურად, სახელმწიფო შესყიდვებიც განხორციელდა. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სახელშეკრულებო ვადების არაერთგზის გახანგრძლივების გათვალისწინებით, 2022 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. პრემიერთან შეხვედრიდან, ცხრა წელი გავიდა, თუმცა მოსახლეობამ შედეგი ვერ მიიღო. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნალექიანი ამინდების დროს, როცა აღნიშნული გზის გადალახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მხოლოდ სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე, სხვადასხვა მონაკვეთზე განხორციელებული პროექტებისთვის, კომპანიებისთვის გადახდილი თანხის მოცულობა, ჯამში, 68 507 416 ლარს შეადგენს. ამას ემატება საერთაშორისო ტენდერებით მიმდინარე სამუშაოებისთვის ანაზღაურებული თანხაც - 7 371 207 აშშ დოლარი ანუ დაახლოებით 19 261 700 ლარი (2023 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი - დაახლოებით, 2.61 ლარი). ამდენად, სახელმწიფო და საერთაშორისო ტენდერების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტებისთვის ანაზღაურებულია, ჯამში, 87 769 000 ლარზე მეტი.
დასახელებულ და რეალურ რიცხვებს შორის არსებული ცდომილების მიუხედავად, განცხადების კონტექსტი ზუსტად ასახავს ხულო-ზარზმის გზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და დღევანდელ მდგომარეობას. ამდენად, პოლიტიკოსის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა: „2014 წელს, როცა თქვენ პირველად პრემიერი იყავით, ხულოელებს დაჰპირდით, რომ ხულო-ზარზმის გზა სულ მალე გაკეთდებოდა. ცხრა წელი გავიდა და იქ მხოლოდ მიმართულება და ტალახია. არაფერი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა და გზა დღემდე არ გვაქვს.“
2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილი ხულოს მოსახლეობას მართლაც შეხვდა. ადგილობრივებმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის, მათ შორის, ადიგენი-ხულოს დამაკავშირებელი გზის მოწესრიგება სთხოვეს. ღარიბაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა. საუბარია ბათუმი-ახალციხის გზის 8-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციაც 2014 წლის თებერვალში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა. ამის შემდეგ, ბათუმი (ანგისა) - ახალციხის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა. რადგან თემაზე სწორედ იმ პერიოდიდან ვმუშაობთ, დეტალურ ინფორმაციაზე ყურადღებას არ შევაჩერებთ. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, შესაბამისი მონაცემების გასაცნობად ფაქტ-მეტრის შემდეგი სტატიები იხილოს: სტატია 1, სტატია 2 და სტატია 3.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია TODINI Costruzioni Generali S.p.a-ს შორის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში გაფორმდა. 2019 წლის თებერვალში უწყებამ კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. იმავე წლის მარტში კი ახალი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვებულად კომპანია „სინოჰიდრო“ დასახელდა. ორი მონაკვეთის ჯამური ღირებულება 22 114 936 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო ხანგრძლივობა - ორი წლის ვადით. პროექტი განსაზღვრულ ვადაში ვერც ამჯერად დასრულდა. „სინოჰიდრომ“ დასაქმებულებს ხელფასებიც დაუგვიანა. ამ ეტაპზე, ლოტი 1-სა და ლოტი 2-ის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებისთვის გადახდილია, ჯამში, 7 371 207 აშშ დოლარი. დეპარტამენტის პასუხი ივლისში მივიღეთ, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულება, დაახლოებით, 2.61 ლარი იყო (ზუსტად არ ვიცით, რა პერიოდში გადაირიცხა თანხები). აქედან გამომდინარე, „სინოჰიდროსთვის გადახდილი თანხის მოცულობა, დაახლოებით, 19 261 700 ლარს შეადგენს. თუ ჩავთვლით, რომ კომპანიისთვის თანხის გარკვეული ნაწილი 2021-2022 წლებში გადაირიცხა, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს აღწევდა და აღემატებოდა კიდეც, ანაზღაურებული თანხის მოცულობა ლარებში გაიზრდება.
საერთაშორისო ტენდერების გარდა, ამავე გზის სხვადასხვა მონაკვეთზე სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2017 წლიდან დღემდე, თხუთმეტი შესყიდვა განახორციელა. მათ შორის:
ცხრილი 1. ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით 2018 წლიდან დღემდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები
პროექტი |
შემსრულებელი |
ხელშეკრულების ღირებულება, ლ |
გადახდილი თანხა, ლ |
ჯარიმა, ლ |
სტატუსი |
გზის კმ37+200-ზე (დაბა ქედის შესასვლელი) დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები |
ზიმო-7 |
1 2018 000 |
1 176 431 |
- |
დასრულებული |
გზის კმ15+150 მონაკვეთზე დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები |
ზიმო-7 |
405 245 |
356 944 |
- |
დასრულებული |
გზის 59-ე (კმ 58+970) კმ–ზე მდინარე ჭვანისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები |
გაბიონი 2000 |
519 464 |
494 728 |
- |
დასრულებული |
გზის კმ43+800-ზე და კმ65+400-ზე მონაკვეთებზე დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენა |
გაბიონი 2000 |
357 209 |
340 199 |
- |
დასრულებული |
გზის კმ 56(55+180)-ზე, მდ. აჭარისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია |
უნივერსალი |
214 991 |
173 234 |
12 899 |
დასრულებული |
გზის კმ136-კმ137 ცალკეულ მონაკვეთებზე დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენა |
შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №2 |
426 707 |
410 351 |
- |
დასრულებული |
გზის კმ79+500-კმ80+600 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები |
ერ ტე დე |
1 369 999 |
1 225 138 |
3 972 |
დასრულებული |
გზის კმ0+000 - კმ4+100 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები |
ერ ტე დე |
19 399 999 |
12 679 227 |
არ არის დაანგარიშებული |
ვადაგადაცილებით მიმდინარეობს |
გზის კმ 9 - კმ 22 მონაკვეთის რეაბილიტაცია
|
სამკუთხედი |
9 651 801 |
8 848 737 |
228 748 |
დასრულებული |
გზის კმ37+300 - კ45+450 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები |
ბონდი-2009 |
8 280 127 |
7 726 340 |
|
დასრულებული |
გზის კმ140 - კმ142 და კმ147 - კმ149 მონაკვეთების რეაბილიტაცია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის |
არალი |
4 945 019 |
4 697 767 |
17 899 |
დასრულებული |
კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოები |
გზა |
10 949 663 |
5 524 571 |
- |
მიმდინარე |
გზის კმ135-კმ139 მონაკვეთის რეაბილიტაცია |
ჯავახავტოგზა |
9 192 000 |
1 103 714 |
- |
მიმდინარე |
გზის კმ143-კმ146 მონაკვეთის რეაბილიტაცია |
ჯავახავტოგზა |
3 939 000 |
1 457 650 |
- |
მიმდინარე |
ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი 1.1) ხულო-გოდერძის უღელტეხილის კმ0+000-კმ4+007 მონაკვეთის რეაბილიტაცია 1 |
ნიუ როუდი |
30 000 000 |
14 261 013 |
- |
მიმდინარე |
წყარო: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დანართი 1
შენიშვნა 1: შპს New Road-თან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს აჭარასა და გურიაში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს. კომპანია ტენდერში მარტო მონაწილეობდა. ხელშეკრულება 2022 წლის მაისში გაფორმდა და ოცდაოთხთვიანია. უწყების პასუხის თანახმად, 5 353 400 ლარი გადახდილია კონკრეტულად ხულო-გოდერძის უღელტეხილის კმ0+000-კმ4+007 მონაკვეთის მიმდინარე სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის.
ცხრილში მოცემული პროექტებიდან, რამდენიმე დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ან ჯერაც მიმდინარეობს, ან ხანგრძლივი ვადაგადაცილებით დასრულდა. სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებული სამუშაოებისთვის გადახდილი თანხის ჯამური მოცულობა 60 476 034 ლარია.
უწყების მიერ მოწოდებულ ცხრილში არ გვხვდება შპს „მამისონთან“ გაფორმებული 14 581 880-ლარიანი ხელშეკრულება. 2020 წელს დაწყებული სამუშაოები 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ამ ეტაპზე კომპანიისთვის გადახდილი თანხის მოცულობა 8 031 382 ლარს შეადგენს. კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვეტილია და დარჩენილი სამუშაოები „ნიუ როუდმა“ უნდა დაასრულოს.
საერთაშორისო და სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში ანაზღაურებული თანხის მოცულობა, ჯამში, 87 769 100 ლარს აღემატება.
ინფორმაცია კომპანიების შესახებ:
შპს ზიმო-7-ის 40%-ს ფლობს შპს ზიმო, რომლის ერთპიროვნულ დირექტორ ზურაბ კიკნაძესაც ყოფილი და მოქმედი მმართველი პარტიებისთვის გადარიცხული აქვს, ჯამში, 150 000 ლარი. აქედან 5 000 ლარი - 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, ხოლო დანარჩენი - „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“. იმავე პარტიას გადაურიცხა ზიმო-7-ის წილის ერთ-ერთმა მფლობელმა ამირან ბერიძემ 10 000 ლარი. გაცილებით უხვი გადარიცხვები ფიქსირდება შპს „ზიმოს“ წილების მმართველების მხრიდან. კერძოდ: ილია ქავთარაძე - 2012 წელს 5 000 ლარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“, მომდევნო წლებში, ჯამში, 13 000 ლარი - „ქართულ ოცნებას“; ლევან მარშანია - 2012 წელს 5 000 ლარამდე „ნაციონალურ მოძრაობას“, 45 000 ლარი - „ოცნებას“. გია უროტაძე -2012 წელს 5 000 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 87 000 ლარი - „ოცნებას“. ალექსანდრე მაღრაძე - 65 000 ლარი „ოცნებას“.
შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №2: დირექტორსა და 15%-იანი წილის მმართველს „ქართული ოცნებისთვის“ 20 000 ლარი შეუწირავს. 35%-იანი წილის მმართველი შოთა აბულაძე კი 2012 წელს ენმ-ის მხარდამჭერი ყოფილა და 60 000 ლარი გადაურიცხავს, ხოლო ნუკრი აბალაკს ამდენივე, 60 000 ლარი, „ოცნებისთვის“ აქვს გადარიცხული.
შპს „ერ ტე დე“: კომპანიის მესაკუთრე და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი, რომელმაც 25 000 ლარი „ოცნებას“ გადაურიცხა.
შპს „სამკუთხედი“: 2018 წელს ვწერდით, რომ სწორედ ამ კომპანიამ განახორციელა ორი პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ალამბარი-ზენითის გზის ზუსტად ერთსა და იმავე მონაკვეთზე. აღნიშნულ გარემოებაზე 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. კერძოდ, უწყება წერს, რომ 2016 წელსაც გზის იმავე მონაკვეთის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია შპს "გზაპროექტის" მიერ, ხოლო გზის მოწყობის სამუშაოები შესრულებულია შპს "სამკუთხედის" მიერ, რაც წინა პროექტის ხარვეზების დაფარვის მაღალ რისკზე მაინიშნებს.
შპს „ბონდი 2009“: კომპანია ოთხი პირის საკუთრებაა. აქედან სამს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ სოლიდური თანხა აქვს გადარიცხული: ოთარ ფუტკარაძეს - 60 000 ლარი; ნუკრი დოლიძე - 110 000 ლარი, აქედან 50 000 ლარი 2023 წლის მარტში შეუწირავს (წინა ხელისუფლების პირობებში, პარტია „საქართველო არ იყიდება“ 10 000 ლარით დააფინანსა); დავით დევაძე - 50 000 ლარი (გადარიცხვა განახორციელა მიმდინარე წლის 2 ივნისს).
შპს „არალი“: კომპანიის დირექტორმა და 25%-იანი წილის მმართველმა დემეტრე თათეშვილმა „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი გადაურიცხა. მმართველ პარტიას 40 000 ლარი კომპანიამაც შესწირა.
შპს „გზა“: დირექტორ მალხაზ დუმაძეს 2012 წელს პარტიისთვის „საქართველო არ იყიდება“ გადარიცხული აქვს 15 000 ლარი, ხოლო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ -130 000 ლარი. კომპანიის 100%-იანი წილის მმართველ გიორგი ჭყონიას, ასევე 2012 წელს, „საქართველო არ იყიდება“ დაუფინანსებია 60 000 ლარით, ხოლო შემდეგ „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილისთვის შეუწირავს, ჯამში, 350 000 ლარი.
შპს „ჯავახავტოგზა“: აღნიშნული კომპანია ფაქტ-მეტრის ყურადღების არეალში 2021 წელს მოექცა. ჩვენ დავწერეთ ნინოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა ხარისხით უკმაყოფილო მოსახლეობა კომპანიაში ხელისუფლების ინტერესებზე მიუთითებდა.
შპს New Road-ი: კომპანიის ხელმძღვანელსა და მესაკუთრეს დავით ჟღენტს „ქართული ოცნებისთვის“ 30 000 ლარი შეუწირავს.
შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“: ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების დროს, „მამისონის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ჭკადუა იყო. მას „ოცნებისთვის“ 10 000 ლარი გადაურიცხავს.
„სინოჰიდრო“ - აღნიშნული კომპანიის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ ვრცლად ისაუბრა თავის კვლევაში, რომელშიც მითითებულია, რომ 2014-2019 წლებში, როცა საქართველოში კომპანიამ არაერთი კონტრაქტი და ლიცენზია მიიღო, მსოფლიო ბანკმა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, თაღლითური და კორუფციული პრაქტიკის გამო, ის შავ სიაში შეიყვანეს.