აკაკი გვიანიძე: არასრულწლოვანი, რომელიც, რატომღაც დასაქმებული იყო მშენებლობაზე, გადმოვარდა და დაიღუპა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მუშაობდა არასრულწლოვანი მშენებლობაზე, როდესაც ეს საქართველოს კანონმდებლობით არის აკრძალული და დაუშვებელია მძიმე და მავნე სამუშაოზე არასრულწლოვანის დასაქმება.
დასაქმებულთა შრომით უფლებებსა და უსაფრთხოებას შრომის ინსპექცია ამონიტორინგებს. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უწყებას ინსპექტირების დაწყების რამდენიმე საფუძველი აქვს, მათ შორის, საკუთარი ინიციატივით. სამსახურის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფა, რომელთა შორისაა სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებისა და შრომითი უფლებების ნორმების დაცვა. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში კი სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების, მათ შორის, უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა და დარღვევის ფაქტების გამოვლენა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებაშიც შედის. რაც შეეხება არასრულწლოვანთა შრომით უფლებებსა და უსაფრთხოებას, ეს საკითხები გაწერილია საქართველოს შრომის კოდექსში, რომელიც გვეუბნება, რომ არასრულწლოვანთან აკრძალულია შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესასრულებლად. ხოლო საქართველოს ორგანულ კანონში შრომის უსაფრთხოების შესახებ წერია, რომ დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს 18 წლამდე პირი (არასრულწლოვანი) ისეთ სამუშაოზე, რომელმაც, მისი შესრულების ხასიათის ან გარემოების გათვალისწინებით, შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ პირის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.
სწორედ ამ კანონმდებლობას გულისხმობდა აკაკი გვიანიძე, როდესაც არასრულწლოვანის სამუშაო სივრცეში დაღუპვის შესახებ საუბრობდა. ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პოლიტიკოსის განცხადება არის სიმართლე. რაც შეეხება ტრაგედიაში დამნაშავეს, ეს შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს.
ანალიზი:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძემ განაცხადა: „არასრულწლოვანი, რომელიც, რატომღაც დასაქმებული იყო მშენებლობაზე, გადმოვარდა და დაიღუპა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მუშაობდა არასრულწლოვანი მშენებლობაზე, როდესაც ეს საქართველოს კანონმდებლობით არის აკრძალული და დაუშვებელია მძიმე და მავნე სამუშაოზე არასრულწლოვანის დასაქმება.“
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციონერი კოლეგის განცხადებას დემაგოგია უწოდეს. მაგალითად, თენგიზ აფხაზავას განმარტებით, არასრულწლოვანის კანონდარღვევით დასაქმება არის კერძო კომპანიის დანაშაული, დამსაქმებლის პირადი პასუხისმგებლობისა და მისი „სინდის-ნამუსის საკითხი“. აკაკი გვიანიძის არგუმენტით კი, არსებობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი სხვადასხვა უწყება და ორგანიზაცია, რომლებსაც უსაფრთხოების მონიტორინგი ევალება, რადგან სახელმწიფო კერძო დამსაქმებლის სინდის-ნამუსზე დამოკიდებული ვერ იქნება. იხილეთ საკრებულოს სხდომის სრული ტრანსლაცია ამ ბმულზე.
„ფაქტ-მეტრმა“ არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობა თავის ერთ-ერთ სტატიაში განიხილა. მაშინ ჩვენ მოკლედ შევეხეთ კანონმდებლობასაც და აუდიტორიას კონკრეტული შემთხვევებიც გავაცანით. ვინაიდან თემა აქტუალურია და დღესაც ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად რჩება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როგორ რეგულირდება საქართველოში ბავშვთა შრომითი უფლებები.
საკითხს არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების შესახებ არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის მეორე კარის მესამე თავში პირდაპირ წერია, რომ არასრულწლოვანთან აკრძალულია შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესასრულებლად. საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ კი ამბობს, რომ დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს 18 წლამდე პირი (არასრულწლოვანი) ისეთ სამუშაოზე, რომელმაც, მისი შესრულების ხასიათის ან გარემოების გათვალისწინებით, შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ პირის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. აღნიშნული სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
რა ითვლება არასრულწლოვანისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობიან სამუშაოდ, ამის გასარკვევად იხილეთ მინისტრის ბრძანება. ამ ბრძანების დანართ 1.1 - ის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირისთვის აკრძალულია მუშაობა 5 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან ან იატაკიდან, ხოლო 2-დან 5 მეტრამდე სიმაღლეზე სამუშაოების ჩატარება დასაშვებია დამსაქმებლის ან კომპეტენტური ზრდასრული თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ და სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ან დამჭერი მოწყობილობების გამოყენებით.
დასაქმებულთა შრომით უფლებებსა და უსაფრთხოებას შრომის ინსპექცია ამონიტორინგებს. აღსანიშნავია, რომ კანონით შრომის ინსპექციის შესახებ, უწყებას ინსპექტირების დაწყების რამდენიმე საფუძველი აქვს, მათ შორის, საკუთარი ინიციატივით. ინსპექტორი უფლებამოსილია, ობიექტზე გაუფრთხილებლად შევიდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. სამსახურის მიზანია ისეთი ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფა, როგორებიცაა სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებისა და შრომითი უფლებების ნორმების დაცვა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან და შრომის თავისუფლებასთან.
შრომის ინსპექციის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, შარშან სამუშაო სივრცეში დაზარალებულ პირთა შორის, 18 წლამდე (არასრულწლოვან) ასაკის იყო 23 დასაქმებული. აქედან ორ შემთხვევაში დაზარალებული იყო 14-დან 16 წლამდე პირი, ხოლო 21 შემთხვევაში - 16-დან 18 წლამდე პირი. აქედან მხოლოდ ერთი იყო საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მეხუთე მუხლის მეექვსე პუნქტის დარღვევის ფაქტი, რომელიც მოიცავს დამსაქმებლის ვალდებულებას, არ დაასაქმოს 18 წლამდე პირი ისეთ პოზიციაზე, რომელმაც, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დაზარალებულთაგან, სამი შემთხვევა აჭარაზე მოდის. 2022 წლის ანგარიშით, შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებულ სამუშაო ადგილებზე გამოვლინდა არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევის 15 შემთხვევა. აქედან სამი შემთხვევა იყო აჭარაში. შრომის ინსპექციის 2022-2023 წლების ანგარიშების თანახმად, სამუშაო სივრცეში არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ცხადია, ბავშვთა შრომითი უფლებების დარღვევის ეს მაჩვენებელი ახლოსაც არაა რეალობასთან. არასრულწლოვანები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ტურისტულად განვითარებულ ქალაქებში დიდი რაოდენობით მიგრირდებიან მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან და ძირითადად, ხელშეკრულებების გარეშე მუშაობენ, მათ შორის, შეუსაბამო და სახიფათო გარემოში. ამის შესახებ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირის წარმომადგენლები საუბრობენ. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების მონიტორინგი და დარღვევის ფაქტების გამოვლენა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციას ევალება (სამსახურის ვებგვერდი მხოლოდ ჯარიმის გადახდისა და შემოწმების ფუნქციას შეიცავს, წესდება ატვირთული არ აქვთ. ამ გვერდზე არც სხვა სახის საჯარო ინფორმაცია იძებნება). მუნიციპალური ინსპექციის წესდება არ არის გამოქვეყნებული არც ბათუმის მერიის ვებგვერდზე, სადაც სხვა ა(ა)იპების წესდებებია ატვირთული. თუმცა ჩვენ ინტერნეტში მოვიძიეთ ბათუმის საკრებულოს განკარგულება, რომელშიც წერია, რომ ამ სამსახურის ფუნქციებში სამშენებლო საქმიანობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობაც შედის. გარდა ამისა, უსაფრთხოების შესახებ მოთხოვნები გაწერილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ალიგატორი 1-ს“ შორის მიმდინარე წლის 5 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, დამსაქმებლის პასუხისმგებლობაში შედის დაქირავებული დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკის სწავლება - შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება, შესაბამისად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, მათ უზრუნველყოფაზე ყველა საჭირო ინსტრუმენტით, აღჭურვილობით, პირადი უსაფრთხოების დაცვის საშუალებებით, მანვე უნდა გამოყოს სამშენებლო ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. შენობა ოთხსართულიანია. ეს ნიშნავს, რომ არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, კანონით აკრძალულ სიმაღლეზე მუშაობდა. უბედური შემთხვევა 12 ივლისს, დილით მოხდა. ახლა შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს, რომელმა მხარემ არ შეასრულა, ან არაკეთილსინდისიერად შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება, ვინ არის დამნაშავე მომხდარ ტრაგედიაში და რა ტიპის სასჯელი დაეკისრება მას. კომპანიის წარმომადგენელმა, რომელსაც დავუკავშირდით, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობა ჩვენი კომპეტენცია არაა. კანონმდებლობა და ამ კანონების შესრულების მონიტორინგის ინსტრუმენტი კი სახელმწიფოს ნამდვილად აქვს, რაზეც პოლიტიკოსი თავის განცხადებაში მიუთითებს. ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის პირი დასაქმებული იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისა და სახურავის მოწყობის სამუშაოებზე. წინასწარი ინფორმაციით, ის მეოთხე სართულის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას. მოცემული მუხლის მეორე პუნქტი, იმგვარ შემთხვევაზე, როდესაც ქმედებამ სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ითვალისწინებს შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.