შპს „სამკუთხედმა“ (ს. კ. 404916944) გაიმარჯვა. კომპანიასთან 634 887 ლარიანი ხელშკრულება 2016 წლის 17 თებერვალს გაფორმდა.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები უნდა დაწყებულიყო არა უგვიანეს 2016 წლის 1 მარტს და დასრულებულიყო 100 სამუშაო დღეში. სამწლიანი საგარანტიო ვადის ამოწურვამდე, ყველა ხარვეზი მიმწოდებელს უნდა აღმოეფხვრა. სამუშაოები ორი წლის წინ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საგარანტიო ვადა გასული არ იყო, აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა, გზის ზუსტად იმავე მონაკვეთის რეკონსტრუქციის მიზნით, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადა, ამჯერად 1 944 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესასყიდად. უწყებამ ხელშეკრულებაკვლავ შპს „სამკუთხედთან“ გააფორმა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია აღნიშნული გზის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ხე-ბუჩქნარისგან.
ინფორმაციისთვის, სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებული გიგანტური ხეების ტრანსპორტირება.
ანალიზი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა: „ბიუჯეტიდან გამოიყო 2 მლნ ლარი იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირება მოხდეს ზღვამდე. ერთი წლის წინ ალამბარი-ზენითის გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 760 ათასი ლარი. დღეს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეები ვერ ეტევა ამ გზაზე, კეთდება ავტობანი ალამბარი-ზენითის მიმართულებით და იხარჯება 2 მლნ ლარი“. უმაღლესი საბჭოს წევრმა აჭარის მთავრობის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელიშეიტანა და საბიუჯეტო თანხის უკანონო ხარჯვასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.
2018წლის 16 მარტს აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზა ალამბარი - ზენითის კმ0+000 - კმ4+800 მონაკვეთის რეკონსტრუქციის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, აქედან სამს დისკვალიფიკაცია მიეცა და ხელშეკრულება (მისი მოქმედების ვადაა 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 27 ოქტომბრამდე) შპს „სამკუთხედთან“ გაფორმდა. სწორედ ამ კომპანიამ, იმავე ტიპის სამუშაოები, ზუსტად აღნიშნულ მონაკვეთზე 2016 წელსაც განახორციელა. ორი წლის წინ ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა. შპს „სამკუთხედმა“ შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა, რის გამოც დეპარტამენტმა არჩევანი სწორედ ამ კომპანიაზე შეაჩერა და ხელშეკრულება გააფორმა.
ფაქტ-მეტრმა ორივე ხელშეკრულება შეისწავლა და ერთმანეთს შეადარა.
შპს „სამკუთხედთან“ აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 29 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ირკვევა, რომ პირველ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გზის მიმდებარე ზოლის გათავისუფლება ხე-ბუჩქნარისაგან და ფესვების ამოძირკვა. ამ სამუშაოების შესრულება გულისხმობს, რომ დაგეგმილია გზის გაფართოება. გარდა ამისა, 2016 და 2018 წლების ხელშეკრულებებში, აქტივობების ჩამონათვალში, გვხვდება ერთი და იმავე ტიპის სამუშაოები, როგორიცაა გაბიონების მოწყობა; გრუნტის დამუშავება ექსკავატორით; გრუნტის დამუშავება ხელით; ღია არხზე ლითონის ცხაურების მოწყობა; წყალგამტარი ლითონის მილის მოწყობა; ხრეშოვანი ბალიშის მოწყობა მილის ქვეშ; კედლის ფუნდამენტის მოწყობა მონოლითური ბეტონისგან; კედლის ტანისა და პარაპეტის მოწყობა მონოლითური ბეტონისგან; ორფენიანი ჰიდროიზოლაცია; კედლის უკანა ყრილის მოწყობა ხრეშოვანი მასალით და სხვა. (დაწვრილებითი ჩამონათვალი იხილეთ ხელშეკრულებებში). საინტერესოა, რომ ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დროებითი გზის მოწყობა. ძირითადად, განსხვავებულია სამუშაოების საპროექტო მოცულობა და ღირებულება. 2016 წლის ხელშეკრულებით მიმწოდებელმა 634 887 ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს, ხოლო 2018 წლის ხელშეკრულება 1 944 000 ლარის მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სამწლიანი გარანტია. თუ ამ ხნის განმავლობაში გზა დაზიანდებოდა, მიმწოდებელს ხარვეზების საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრა ევალებოდა. სამწლიანი საგარანტიო ვადა დასრულებული არაა, თუმცა უწყებამ ახალი, შედარებით ძვირადღირებული ტენდერი გამოაცხადა. ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა გზის გაფართოებაზე საუბრობს, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდული ხეების გადატანისთვის გახდა აუცილებელი. გზა რომ ფართოვდება, ეს ფაქტი დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმაც დაადასტურა. თუმცა, მისი თქმით, ეს არა ხეების გატანის გამო, არამედ მეწყერსაშიშ მონაკვეთზე ფერდსამაგრი სამუშაოების საჭიროებიდან გამომდინარე კეთდება. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები, რის გამოც იქ სამუშაოები დაიგეგმა. საინტერესოა, რომ ფაქტ-მეტრის კითხვას, რით იყო გამოწვეული უკვე რეკონსტრუირებულ მონაკვეთზე, ორი წლის შემდეგ, ახალი სამუშაოების ჩატარება, უწყებამ განსხვავებულად უპასუხა: „იმავე მონაკვეთზე ტენდერის გამოცხადების წინაპირობა გახლდათ გზის დაზიანებები, რომლებიც გამოწვეული იყო გასული წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განვითარებული სტიქიური მოვლენებით“.
ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ზენითის ადმინისტრაციულ ერთეულში სულხან გიორგაძეს. მისი თქმით, გზის მონაკვეთი მნიშვნელოვნად დაზიანებული არ ყოფილა, თუმცა დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტს მოძრაობა უჭირდა და გზის გაფართოება ამიტომ გადაწყდა. თუმცა უწყების მიერ გამოგზავნილ პასუხში აქცენტი სწორედ სტიქიის შედეგად გაჩენილ დაზიანებებზე კეთდება. სულხან გიორგაძისგან მიღებული ინფორმაციით, დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხეების ტრანსპორტირებისთვის ალტერნატიული გზა არ არსებობს. გზის გაფართოებას ხეების ტრანსპორტირებასთან არ აკავშირებს არც საავტომობილო გზების დეპარტამენტი. თუმცა ფაქტია, რომ ხეები გადასატანად გამზადებულიადა დღემდე მათი ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.
კიდევ ერთი დეტალი, რასაც ფაქტ-მეტრმა ყურადღება მიაქცია, არის ის, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის, მაგალითად, სოფელ დაგვის, ასევე, სოფელ ქაქუთის მოსახლეობა, გზის შეკეთებას უკვე წლებია, ითხოვს. ჩვენ დავინტერესდით, რა პრინციპით ხდება შერჩევა, თუ რომელ გზას უნდა ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებულ საავტომობილო გზებს შორის პრიორიტეტი ენიჭება იმას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: გზის დაზიანების ხარისხი, გზის ინტენსივობა, მოსახლეობის სიმრავლე და სხვა სხვა ეკონომიკური ფაქტორები.