შალვა კერესელიძე: ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კილომეტრიანი მონაკვეთის სამუშაოები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერაც არ დასრულებულა. აღნიშნული გზა მოსახლეობისთვის, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულ გზაზე შემსრულებელი კომპანია ორჯერ შეიცვალა, მაგრამ შედეგი არ გვაქვს.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია 2018 წელს დაიწყო. ორ მონაკვეთად დაყოფილი პროექტი 47 კმ გზისა და 7 ხიდის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ასევე, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. სამუშაოების დაწყების დროს, დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის დასრულება 2020 წლის ოქტომბრისთვის დაიგეგმა. ხელშეკრულება კომპანია TODINI Costruzioni Generali S.p.-სთან გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 110.2 მლნ ლარით იყო განსაზღვრული. 2020 წლის დასაწყისში კი შემსყიდველმა ხელშეკრულება შეწყვიტა, რადგან კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. იმავე წლის მარტში ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა. ამ ეტაპზე, დეპარტამენტის ინფორმაციით, გარკვეულ მონაკვეთებზე უკვე ასფალტ-ბეტონის საფარს აგებენ. ამასთანავე, ხორციელდება ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. ფაქტია, რომ პროექტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, ჯერაც დაუმთავრებელია.

ამასთანავე, სარეკონსტრუქციო გზის გარკვეულ მონაკვეთზე სამუშაოებს შპს „არალი“ ახორციელებს. კომპანიამ 2021 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სარეკონსტრუქციო გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული 5-კილომეტრიანი (ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ140 - კმ142 და კმ147 - კმ149) მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა. ხელშეკრულების ღირებულება 5 166 000 ლარია. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჩაბარების ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა და ბოლო ცვლილებით, მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება აღნიშნული გზის მნიშვნელობას, ამის შესახებ დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ არაერთ ინფორმაციაშიც არის საუბარი. კერძოდ, უწყება მიუთითებს, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან აკავშირებს. პარლამენტარი განცხადებას ამთავრებს ფრაზით: „შედეგი არ გვაქვს“. ამ ნაწილში შეგვიძლია, შევედავოთ, რადგან გარკვეული შედეგი უკვე ჩანს. თუმცა მთლიანი განცხადების კონტექსტი გულისხმობს, რომ სამუშაოები დაუსრულებელია და გზით სარგებლობა ამ დრომდე დიდ სირთულეებს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

პარლამენტარმა შალვა კერესელიძემ განაცხადა: „ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კილომეტრიანი მონაკვეთის სამუშაოები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერაც არ დასრულებულა. აღნიშნული გზა მოსახლეობისთვის, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულ გზაზე ორჯერ შეიცვალა შემსრულებელი კომპანია, მაგრამ შედეგი არ გვაქვს.“

„ფაქტ-მეტრმა“ ხულო-ზარზმის პროექტის შესახებ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა სტატია 1, სტატია 2, სტატია 3. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ, მკითხველის თხოვნით, მიმდინარე წლის იანვარშიც ვიმუშავეთ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, განცხადება უყურადღებოდ არც ამჯერად დაგვეტოვებინა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოები კომპანია TODINI Costruzioni Generali S.p.a-ს უნდა განეხორციელებინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში გააფორმა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ შემსრულებელი სამუშაოებს ვერ ახორციელებდა და 2019 წლის თებერვალში უწყებამ კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. იმავე წლის მარტში კი ახალი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვებულად კომპანია „სინოჰიდრო“ დასახელდა. დეპარტამენტი თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ TODINI Costruzioni Generali S.p.a-სთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, შემსყიდველმა საბანკო გარანტიები აამოქმედა, რის შედეგადაც, სახელმწიფომ 10 მლნ ლარი მიიღო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, 2019 წლის 16 აპრილს გამოქვეყნებული განცხადებით, გვატყობინებს, რომ ორ მონაკვეთად დაყოფილი პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 47 კმ გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება, დაიგება ორზოლიანი ასფატ-ბეტონის საფარი და სამუშაოები 2020 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება. თუმცა უკვე ორ წელზე მეტი გავიდა, სამუშაოები კი დასრულებული არ არის. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, მიმდინარეობს ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი მონაცემებით, პროექტი 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, მოსახლეობა და ტურისტები კვლავაც დიდი შეფერხებებით გადაადგილდებიან. დროდადრო კი მოძრაობა მაქსიმალურად შეზღუდულია.

ამასთანავე, დეკემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა ვადა, რომელშიც „არალმა“ პროექტი უნდა დაასრულოს. კომპანია სამუშაოებს სარეკონსტრუქციო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ახორციელებს. „არალმა“ 2021 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სარეკონსტრუქციო გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული 5-კილომეტრიანი (ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ140 - კმ142 და კმ147 - კმ149) მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოაცხადა. ხელშეკრულების ღირებულება 5 166 000 ლარია. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ ეტაპისთვის შემსრულებლისთვის გადახდილია მთლიანი ღირებულების 21% ანუ 1 089 946 ლარი. აქედან 1 033 200 ლარი - ავანსის სახით.

ხულო-ზარზმის გზას ადგილობრივი მოსახლეობისთვის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ თავად უწყება არაერთ განცხადებაში მიუთითებს. კერძოდ, დეპარტამენტი საკითხთან დაკავშირებით გასაჯაროებულ თითქმის ყველა ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან აკავშირებს.

ინფორმაციისთვის: შპს „არალის“ დირექტორს დემეტრე თათეშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 50 000 ლარი შეუწირავს. თანხა გადარიცხულია 2021 წლის 2 აგვისტოს. გარდა ამისა, 2017 წელს, შემოწირულების სახით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 40 000 ლარი თავად კომპანიამ გადარიცხა. იმ დროს კომპანიის ხელმძღვანელი და მფლობელი ოთარ თათეშვილია, რომელსაც 2012 წელს 60 000 ლარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ აქვს შეწირული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია