სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ერაყში გამართული აღლუმის ვიდეოს ავრცელებენ (1, 2) (დაარქივებული ბმული) და მას პარიზის ოლიმპიადას უკავშირებენ. ერთ-ერთი Facebook-ანგარიში ამტკიცებს, რომ ერაყში „იესოს აღლუმი“ ოლიმპიადის დასრულებას დაამთხვიეს. ხოლო, Facebook-ანგარიში „ფან ტინა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3) წერს, რომ ქრისტიანების სოლიდარობის აქცია „პარიზის სატანისტური ოლიმპიადის საპირისპიროდ“ ჩატარდა: „ესენი მუსლიმები არიან და თუნდაც ჩვენ ქრისიტანები, როცა კაცმა არ გააპროტესტა ეს მარაზმი ქვეყანაში?!!“,- ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. რეალურად, ვიდეო თავდაპირველად 2022 წელს გავრცელდა და პარიზის ოლიმპიადას არ უკავშირდება. ვიდეო იმ ადგილზეა გადაღებული, სადაც 2022 წელს სამხედრო აღლუმი ჩატარდა და მასში მონაწილეობას Kataib Babiliyoun-ის „ქრისტიანული კომპონენტის“ წევრები იღებენ.

გადამოწმების შემდეგ დგინდება, რომ აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში თავდაპირველად 2022 წლის ივლისში Facebook-ზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით კი X პლატფორმაზეც გავრცელდა. პოსტების აღწერაში ვკითხულობთ, რომ აღლუმში „ქრისტეს ბრიგადის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ერაყში 2022 წლის 23 ივლისს სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც შეიარაღებული ძალების რამდენიმე ბრიგადა მონაწილეობდა. აღლუმის ვიდეო სრული ჩანაწერი YouTube პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებული ვიდეოც იმავე ადგილას არის გადაღებული, სადაც აღლუმი ჩატარდა.

როგორც გავრცელებულ კადრებში, ასევე აღლუმის ვიდეოში, იდენტური ბანერები ჩანს, რომელზედაც აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი, სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურის მოადგილეა გამოსახული. ის 2020 წელს ირანელ ყასემ სოლეიმანთან ერთად ბაღდადის აეროპორტში მოკლეს.

აღლუმის კადრებში ხელში ჯვრებით Kataib Babiliyoun-ის (50-ე ბრიგადის) წარმომადგენლები გადაადგილდებიან. სამხედრო დაჯგუფება Kataib Babiliyoun 2017 წელს ქალდეველი ქრისტიანი რაიან ალ-კილდანის მიერ დაარსდა.

Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებული კადრებზეც ვიდეოში წარმოდგენილ პირებს მსგავსი მაისურები აცვიათ. თუმცა, აღლუმზე ისინი ხატებს არ მიაბრძანებენ, შესაბამისად, სავარაუდოდ, ვიდეო ძირითადი მსვლელობისთვის მზადებიდან გავრცელდა.

კადრი სამხედრო აღლუმიდან

კადრი Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებული ვიდეოდან

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ ერაყში პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, სოლიდარობის მარში ჩატარდა. გავრცელდა მხოლოდ ინფორმაცია, რომ ერაყში სასულიერო პირებმა ოლიმპიადის გახსნის ცერომონია დაგმეს და მას „სამარცხვინო და ქრისტიანული რელიგიის დაცინვა“ უწოდეს.

ცნობისთვის, 2024 წლის 26 ივლისს, პარიზში, ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა და რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. სწორედ ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი სეგმენტი მიამსგავსეს „საიდუმლო სერობას“, რომელზეც ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელი ვახშამია ასახული.

პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მრავალი დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა, რასაც „ფაქტ-მეტრი“ არაერთხელ გამოეხმაურა (1,2,3, 4, 5).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.