სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7) თანახმად, ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა, მელ გიბსონმა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაგმო და განაცხადა, რომ „საფრანგეთში ოლიმპიურმა ცერემონიამ დასცინა მის რწმენას“. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია.
ინტერნეტსივრცეში აღნიშნული ციტატა პირველად განკვეთილმა არქიეპისკოპოსმა კარლო მარია ვიგანომ გამოაქვეყნა (არქივირებული პოსტის ბმული). ვიგანოს მტკიცებით, მელ გიბსონმა შეტყობინება, სადაც პარიზის ოლიმპიადას მისი ქრისტიანული რწმენის დაცინვის გამო აკრიტიკებდა, პირადად გაუგზავნა.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თანდართულია ანგარიშის სახელი, რომლიდანაც არქიეპისკოპოსმა შეტყობინება მიიღო. საგულისხმოა, რომ მის მიერ მოხსენიებული ანგარიში მელ გიბსონის გულშემატკივრების მიერ იმართება. მის აღწერაში კი აღნიშნულია, რომ მელ გიბსონის ოფიციალურ ანგარიშს არ წარმოადგენს.
„მე არ ვარ მელი, ეს არის ფან-გვერდი, რომელიც მას ეძღვნება. მელი არცერთ სოციალურ მედიაში არ არის. ოფიციალური გვერდები არ არის. ყველა არის ფანების მიერ მისთვის მიძღვნილი ან ყალბი გვერდები, რომლებიც თავის [მელ გიბსონად] მოჩვენებას ცდილობენ. მე ყოველთვის ძალიან ღია ვიყავი ამ საკითხში“, - ნათქვამია ანგარიშის აღწერაში.
გარდა იმისა, რომ მელ გიბსონს დადასტურებული ანგარიში სოციალურ მედია პლატფორმებზე, მათ შორის Facebook-ზე, X-სა და Instagram-ზე არ აქვს, გადამოწმების შემდეგ ასევე გაირკვა, რომ ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ან სხვა ოფიციალური წყაროების ვებგვერდებზე არ იძებნება. მსახიობის აღშფოთების შესახებ არც ცნობილი ადამიანებისთვის მიძღვნილი ბლოგები და ვებგვერდები წერენ.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.