სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ფოტოანაბეჭდს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ „აშშ-ის წითელი ჯვარი უარს ამბობს სისხლის დონაციის მიღებაზე“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანებისგან და უარის ზუსტ მიზეზს არ ასახელებს. რეალურად, წითელ ჯვარს სისხლის დონორებისთვის, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს, სპეციალური მოთხოვნები არ აქვს. გარდა ამისა, მტკიცება, რომ მათი სისხლი შესაძლოა, არ იყოს უსაფრთხო ტრანსფუზიისთვის, სამეცნიერო მტკიცებულებებით არ დასტურდება.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ეკრანის ანაბეჭდზე ასახულია აშშ-ის წითელი ჯვრის ვებგვერდი და კითხვა, არის, თუ - არა მომხმარებელი აცრილი COVID-ის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითია, მომხმარებელმა უნდა დარეკოს აღნიშნულ ნომერზე და დაადგინოს, შეუძლია, თუ - არა სისხლის დონაცია.

ინფორმაციის გამავრცელებლები ეკრანის ანაბეჭდს იმის მტკიცებულებად იყენებენ, რომ COVID-ის ვაქცინები სახიფათოა. თუმცა წითელმა ჯვარმა განმარტა კითხვის მიზეზი და აღნიშნა, რომ კითხვის მიზანია შემოწმდეს, პიროვნების მიერ მიღებული ვაქცინა არის, თუ - არა აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ აღიარებული და დადგინდეს, როდის განხორციელდა აცრა. კოვიდ-ვაქცინა დონაციას შეუძლებელს არ ხდის და და არც აშშ-ს წითელ ჯვარს განუცხადებია, რომ აღნიშნული ვაქცინები სახიფათოა.

მტკიცებას საფუძვლად უდევს წარმოდგენა, თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის სისხლს „აბინძურებს“ და შესაბამისად, ტრანსფუზიისთვის (სისხლის გადასხმისთვის) გამოუყენებელს ხდის. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დაუსაბუთებელი და მცდარია.

წითელ ჯვართან დაკავშირებით, მსგავსი დეზინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ 2021 წელს გავრცელდა. ინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცებით, COVID-19-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებს სისხლის ან პლაზმის დონაცია არ შეეძლოთ. პლაზმა - სისხლის თხევადი ნაწილია, რომელიც უჯრედების ამოღების შემდეგ რჩება - მდიდარია ანტისხეულებით, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი ინფექციის დროს გამოიმუშავებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

თუმცა დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, 2023 წლის იანვარში, სისხლისა და ბიოთერაპიის გაუმჯობესების ასოციაციის, ამერიკის სისხლის ცენტრებისა და ამერიკული წითელი ჯვრის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სისხლის დონაცია იმ პირებისგან, რომლებმაც მიიღეს COVID-19 ვაქცინა აშშ-ში, ნებადართული და უსაფრთხოდ მიჩნეულია ტრანსფუზიისთვის“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც ვაქცინირებული დონორებისგან შეგროვებული სისხლის გამოყენების შემთხვევაში არასასურველ, უარყოფით შედეგების არსებობას დაადასტურებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არ არსებობს სამედიცინო საფუძველი, სისხლის დონაციისას COVID-19-ის ვაქცინით აცრილ და აუცრელ ადამიანთა სისხლის გასაცალკევებლად.

“[T]here is no scientific evidence that demonstrates adverse outcomes from the transfusions of blood products collected from vaccinated donors and, therefore, no medical reason to distinguish or separate blood donations from individuals who have received a COVID-19 vaccination.”

Health Feedback-ისა და სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების განმარტებით, წითელი ჯვარი არა მხოლოდ იღებდა, არამედ ფაქტობრივად წაახალისებდა სისხლისა და პლაზმის შემოწირულებას COVID-19-ის ვაქცინის მიმღებებისგან. მართალია, ორგანიზაციამ გამოჯანმრთელებულთა პლაზმის შეგროვება შეწყვიტა, თუმცა ამას მხოლოდ მარაგის საკმარისობა განაპირობებდა და არა უსაფრთხოებასა და არაეფექტურობასთან დაკავშირებული ეჭვები.

გავრცელებულ ინფორმაციას გარდა Health Feedback-ისა, ისეთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, როგორებიცაა: Open.online, FactCheck.org, Lead Stories. Lead Stories-თან წითელი ჯვრის სპიკერმა დანიელ პარამ 2024 წლის 21 თებერვალს ელექტრონული წერილით განაცხადა, რომ წითელმა ჯვარმა, აშშ-ის სისხლის შეგროვების ყველა სხვა ორგანიზაციასთან ერთად, უნდა დაიცვას საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დადგენილი კრიტერიუმები. დანიელ პარას განცხადებით, FDA სისხლის დონაციის ნებას რთავს პირებს, ლოდინის პერიოდის გარეშე, COVID-19 ვაქცინის მიღების შემდეგ, თუ ისინი თავს კარგად გრძნობენ და სიმპტომების გარეშე არიან. მათ, ვინც იტყობინება, რომ მიიღო COVID-19 ვაქცინა, სთხოვენ მიუთითონ მწარმოებლის სახელი, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არის FDA-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინა. ხოლო თუ დონორს არ ახსოვს მწარმოებლის სახელი, სთხოვენ, რომ ვაქცინაციიდან ორკვირიანი პერიოდის გასვლას დაელოდონ.

დანიელ პარამ ასევე განაცხადა, რომ სისხლის დონაციამდე, სხვადასხვა ვაქცინის შემთხვევაში, FDA განსხვავებულ ლოდინის პერიოდს მოითხოვს. ლოდინის პერიოდი შეიძლება განსხვავდებოდეს 2-დან 4 კვირამდე, ვაქცინაზე დაყრდნობით. ვაქცინათა ჩამონათვალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება წითელას, ყბაყურას და წითურას, ჩუტყვავილას, პოლიომიელიტის, ყვითელი ცხელების, B ჰეპატიტის და სხვ. აცრებით. ამის გამო, წითელი ჯვარი და ყველა სისხლის შემგროვებელი თითოეულ პოტენციურ დონორს ვაქცინაციის ისტორიის შესახებ ეკითხება, რათა დაადგინოს უფლებამოსილება და კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვროს მოცდის პერიოდი.

ამდენად, აშშ-ის წითელი ჯვრის ორგანიზაცია ვაქცინირებულთა სისხლის ჩაბარებაზე უარს არ ამბობს. წითელ ჯვარს სისხლის დონორებისთვის, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს, სპეციალური მოთხოვნები არ აქვს. გარდა ამისა, მტკიცება, რომ ვაქცინირებულთა სისხლი ტრანსფუზიისთვის გამოუყენებელია, სამეცნიერო მტკიცებულებებით არ დასტურდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.